გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-13-716-03 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. შ-ამ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ლ. ე-ს გამოსახლება, თბილისში, ... მდებარე ბინიდან. მოსარჩელის განმარტებით, 2000წ. 10 ოქტომბერს მასსა და მოპასუხე ლ. ე-ას შორის დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შეისყიდა თბილისში, ... მდებარე სამოთახიანი ბინა და მოპასუხეს გადაუხადა 4000 ლარი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა – ლ. ე-ა გამოსახლდა თბილისში, ... მდებარე ბინიდან.
ამავე სასამართლოს 2001წ. 26 სექტემბრის განჩინებით ლ.ე-ას საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.
ლ.ე-ამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აღნიშნული განჩინება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან ავადმყოფობის ბარათიდან ლ.ე-ას მიერ მოგვიანებით წარდგენილი ამონაწერი მიუთითებს მის ზოგად მდგომარეობაზე. აღნიშნულით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ლ.ე-ა 2001წ. 12 ივნისს იყო ავად, რამაც ხელი შეუშალა სასამართლოსათვის წინასწარ ეცნობებინა თავისი ჯანმრთელობის შესახებ.
ლ.ე-ამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია ძალადობით, გაყალბებულია თავისი დის ხელმოწერა, რომელმაც აღნიშნული გარემოების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კასატორმა განმარტა, რომ 2001წ. 12 ივნისს იყო ავად, ნერვიულობის ნიადაგზე განუვითარდა ჰიპერტონული კრიზი, დახმარება გაუწია მეგობარმა ექიმმა, რომელსაც არ ჰქონდა უფლება გაეცა სათანადო ცნობა და ამიტომ ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან წარადგინა შედარებით გვიან, ვინაიდან არ იცოდა, რომ მისი დაუსწრებლობით ასე გადაწყდებოდა საკითხი;
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დადსაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2001წ. 16 მაისს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში გამართული სასამართლო სხდომა, კ. შ-ას სარჩელის გამო მოპასუხე ლ. ე-ას ბინიდან გამოსახლების თაობაზე, გადაიდო ამ უკანასკნელის შუამდგომლობით იმავე წლის 12 ივნისისათვის. მხარეები გააფრთხილეს როგორც სხდომის თარიღის, ასევე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, რაც დაადასტურეს ხელმოწერით;
2001წ. 26 სექტემბერს ლ.ე-ას გამოუცხადებლობის გამო მიიღეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კ.შ-ას სარჩელი: ლ.ე-ა გამოასახლეს თბილისში, ... მდებარე ბინიდან. 2001წ. 26 სექტემბრის განჩინებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლ.ე-ას საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;
სასამართლომ განჩინების საფუძვლად მიუთითა, რომ ლ.ე-ისათვის ცნობილი იყო სხდომის დღე, ხოლო ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა მას არ წარმოუდგენია;
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აზრს, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული;
სსკ-ს 233-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის;
საქმის მასალების მიხედვით ლ.ე-ა სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებულ იქნა კანონით დადგენილი წესით. 2001წ. 16 ნოემბერს ¹17 პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა მას საჩივრის განხილვის დროს არ წარმოუდგენია. პალატა თვლის, რომ აღნიშნული ცნობა ლ.ე-ას კიდეც რომ წარედგინა თავის დროზე, იგი მაინც ვერ გახდებოდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან 2001წ. 12 ივნისს სასამართლოში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას ვერ დაადასტურებს 2001წ. 16 ნოემბერს გაცემული ცნობა, რომელშიც ავადმყოფობის სხვა თარიღი არაა მითითებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ე-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.