Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-137-830-03 21 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. დ-ის და ნ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა მათი ბინიდან გამოსახლება იმ მოტივით, რომ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ხარაგაულის რაიონის სოფ...., ს. ჩ-ის ანდერძის საფუძველზე შეადგენს მისი არასრულწლოვანი შვილის, თ. ჩ-ის საკუთრებას. მოპასუხეებს, რომლებიც წარმოადგენენ მოსარჩელის მაზლსა და რძალს, 1997წ. ხელწერილის საფუძველზე დროებით სარგებლობისათვის დაუთმო რამდენიმე ოთახი. ამჟამად კი მათ აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა, მოპასუხეები არ აძლევენ საშუალებას მას და მის შვილს ისარგებლონ ზემოთ ხსენებული საცხოვრებელი სახლით.

მოპასუხე ნ. ჩ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, ს. ჩ-ის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა მისი კუთვნილი სავალდებულო წილის ფარგლებში და ანდერძის ბათილობა.

ხარაგაულის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ლ. ბ-ის სარჩელი. დაკმაყოფილდა ნუგზარ ჩხიკვაძის შეგებებული სარჩელი სამკვიდრო მიღების ვადის აღდგენის, მემკვიდრედ ცნობის, სამკვიდროდან რეალური წილის გამოყოფის, სანოტარო მოქმედების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ. კერძოდ, ნ. ჩ-ეს აღედგინა სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადა მამის – ს. ჩ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 1/6-ზე საპატიო მიზეზის, კერძოდ, მისი ლტოლვილობის გამო, იგი ცნობილ იქნა ს. ჩ-ის საცხოვრებელი სახლის 1/6-ის მემკვიდრედ, მის სახელზე აღირიცხა სოფ. კიცხში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/6 საკუთრების უფლებით და გამოეყო რეალური ნაწილი: ¹1 ოთახის ნახევარი, ¹2 და ¹3 ოთახები – მთლიანი ფართით 31,4კვ.მ., პირველ სართულზე შესასვლელი ¹1 ოთახიდან (ისე, როგორც ნახაზზეა ნაჩვენები), ღირებულებით 1583 ლარი. გაუქმდა სანოტარო მოქმედებანი _ ს. ჩ-ის 1993წ. 12 მარტის ¹293 რეესტრით რეგისტრირებული ანდერძი და ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, გაცემული ს. ჩ-ის საცხოვრებელი სახლის 1/6-ზე (რეგისტრაციის ¹189) დ. ხარაგაულში 1997წ. 5 ივლისს.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ბ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ამ დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა 1997წ. სამოქალაქო კოდექსი, 1964წ. კოდექსის თანახმად კი ნ. ჩ-ეს სავალდებულო წილი არ ეკუთვნოდა; სასამართლომ აპელანტს უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლებაზე იმის გამო, რომ არიან ლტოლვილები და არ გაითვალისწინა იგივე მიზეზი მოსარჩელის მიმართ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის სარჩელი ნ. ჩ-ისა და ნ. დ-ის ხარაგაულის რაიონის სოფ. .... მდებარე თ. ჩ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების შესახებ. არ დაკმაყოფილდა ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი.

გადაწყვეტილების გამოტანისას პალატამ იხელმძღვანელა სკ-ს 168-ე, 170-ე მუხლებით და მფლობელობის შეწყვეტის დასაბუთებულ პრეტენზიად მიიჩნია მხარეთა კონფლიქტური დამოკიდებულება. ნ. ჩ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ს.ჩ-ის 1993წ. ანდერძის ბათილობისა და მისი მემკვიდრედ ცნობის შესახებ მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, იმ მოტივით, რომ მოცემული მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ერთადერთი გარემოება, კერძოდ ის, რომ ხელის მოწერა ანდერძზე არ არის განხორციელებული ს. ჩ-ის მიერ, არ დადასტურდა სათანადო წესით. საამისოდ დანიშნული კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩასატარებლად მხარის მიერ არასაპატიო მიზეზით არ იქნა წარმოდგენილი განჩინებით მითითებული საჭირო დოკუმენტები. ამასთან, ნ. ჩ-ეს არ აქვს დაცული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაც.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ნ. ჩ-ემ და ნ. დ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში. კასატორთა აზრით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სასამართლომ უგულებელყო სსკ-ს 102-ე, 105-ე მუხლების მოთხოვნები, არასწორად გამოიყენა სკ-ს 168-ე, 170-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვისა და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თ. ჩ-ის სახელზე, ს. ჩ-ის 1993წ. 12 მარტის ანდერძის საფუძველზე, 1997წ. 5 ივნისს გაცემულ იქნა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც იგი გახდა ს. ჩ-ის დანაშთი ქონების მემკვიდრე. სააპელაციო სასამართლოში ნ. ჩ-ის მიერ შეტანილი იქნა შეგებებული სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა ს. ჩ-ის ანდერძის ბათილობას, იმ საფუძვლით, რომ ანდერძზე ხელმოწერა არ ეკუთვნოდა მოანდერძეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ 2002წ. 24 ოქტომბერს დანიშნულ იქნა განმეორებითი კალიგრაფიული ექსპერტიზა. აღნიშნული განჩინებით ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დადგინდა საკრებულოს სახელმწიფო არქივიდან ს. ჩ-ის ხელფასის უწყისების დედნების გამოთხოვა. საქმეში არ მოიპოვება მიმართვა, რომელიც სასამართლოს მიერ გაეგზავნა საკრებულოს არქივს. როგორც საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის წერილიდან ირკვევა, მიმართვა ჩაბარდა ნ. დ-ე-ჩ-ეს. იმის გამო, რომ სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში ამ უკანასკნელმა ვერ წარმოადგინა მითითებული მტკიცებულებები, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სსკ-ს 134-ე მუხლის მე-2 ნაწილით მხარე უფლებამოსილი იყო ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე თვითონ გამოეთხოვა იგი. პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს უარი ასეთი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ არასაპატიო მიზეზით არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები. ის გარემოება, რომ მხარემ ვერ წარმოადგინა არქივიდან ვერავითარი მტკიცებულება იმისა, რომ მან მიმართა ამ ორგანოს სასამართლოს განჩინების შესასრულებლად, არასაკმარისი საფუძველია შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის სათქმელად. მითუმეტეს, რომ 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინებით სასამართლოს მხარისათვის საკრებულოს არქივიდან ხელფასის დავალიანების წარმოდგენა არ დაუვალებია. ამიტომ სასამართლოს თვითონვე უნდა უზრუნველეყო მისი შესრულება.

ვინაიდან აღნიშნული დავის შედეგი მთლიანად დამოკიდებულია ანდერძის ნამდვილობაზე, სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული საკითხი სრულფასოვნად უნდა იქნეს შესწავლილი სასამართლოს მიერ, რის გამოც საქმე ხელახლა განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ჩ-ის და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.