Facebook Twitter

საქმე N 330100119003255496

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №969აპ-22 21 დეკემბერი, 2022 წელი

ე–ე თ., 969აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ თ. ე–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით თ. ე–ე (პირადი ნომერი ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ე–მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ში, .........ის ქუჩა №..-ში ყოფნისას, თ. ე–მ მარჯვენა მხრის მიდამოში ფეხი დაარტყა ი. მ–სს, რის გამოც ეს უკანასკნელი წაიქცა. წაქცევისას ი. მ–სმა იატაკს დაარტყა თავი და მხარი. თ. ე–სის ქმედებამ ი. მ–სის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და თ. ე–სის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრება.

1.4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ე–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა–მ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. ე–სის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ თ. ე–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–სის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება: თ. ე–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

2.2. 2022 წლის 19 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და თ. ე–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

2.3. 2022 წლის 5 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ე–ის ადვოკატმა რ. ა–მ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. ე–სის უდანაშაულოდ ცნობა.

3. კასატორების პოზიციები:

3.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: 2018 წლის 12 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით დაიწყო თავად თ. ე–ის განცხადების საფუძველზე. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ თ. ე–ე თავად გახდა დაზარალებულად ცნობილ პირთა მხრიდან წამების, გამოძალვისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, თუმცა გამოძიება არასწორად წარიმართა და პროკურატურამ, რეალური მოძალადეების მიერ მძიმე სასჯელისგან პასუხისმგებლობის არიდების მიზნით მოგონილი სცენარი გაიზიარა და მათ ნაცვლად, თ. ე–ს წარუდგინა ბრალი. სასამართლომ არ განიხილა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები და გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. ადვოკატის განმარტებით, 2018 წლის 12 ივნისს ი. მ–მა, გ. მ–მმა და ზ. წ–მა თ. ე–სე ჩაიყვანეს ქ. თ–ში, .....ის N..-ში მდებარე ი. მ–ის სახლის სარდაფში და სამი საათის განმავლობაში, თანხის გამოძალვის მიზნით, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე, რაც გამოიხატებოდა: ელექტროშოკისა და პლასტმასის ხამუთების გამოყენებაში, ცემასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში: გაუპატიურების მუქარაში (მეტი სიმძაფრისთვის შარვალიც კი ჩახადეს თ. ე–სეს), ასევე სარდაფში დიდი ხნით დაბმისა და ოჯახის წევრებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მუქარაში. ზეწოლის შედეგად თ. ე–სე იძულებული გახდა, ხელი მოეწერა სესხის აღიარების ხელშეკრულებაზე, რის შემდეგ გახადეს პერანგი, რომელზეც დაფიქსირებული იყო ელექტროშოკისა და არაადამიანური მოპყრობის კვალი, ჩააცვეს სხვა მაისური და თავადვე მიიყვანეს სახლში. გზაში მის მიმართ გრძელდებოდა მუქარა, კერძოდ: მომხდარის გახმაურების შემთხვევაში ემუქრებოდნენ გავლენიანი კონტაქტებით, პოლიციაში განცხადების შეტანის შემთხვევაში კი - მოკვლით. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ დღეს თ. ე–ზე სასტიკად იძალადა არაერთმა ადამიანმა, იგი დაექვემდებარა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რაც თავისი ინტენსივობით და სიხშირით წამებასაც კი უტოლდება. ადვოკატის პოზიციით, ბრალდების მოწმეთა მიერ მოგონილი ამბავი იმდენად აბსურდულია, რომ ფაქტობრივად არცერთმა მოწმემ ერთნაირად არ გადმოსცა მომხდარი ამბავი, კერძოდ: ბრალდების მოწმეებმა გამოძიებაში აბსოლუტურად სხვაგვარი ჩვენებები მისცეს, ხოლო სასამართლოში კი უამრავი დეტალი უარყვეს და გადააკეთეს მათ მიერ შეთხზული ცრუ სცენარის გასამყარებლად. გამოძიებისა და საქმის განხილვის პროცესში ბრალდების მხარეს სურდა, თ. ე–ე წარმოეჩინა, როგორც გაუწონასწორებელი ადამიანი, რომელიც სულ ნაცემი დადიოდა და რომელსაც მუდმივად ჰქონდა პრობლემები. სასამართლომ გაიზიარა ეს პოზიცია, თუმცა არაფრით დაუსაბუთებია განაჩენი, რომელიც ზედაპირულია და არღვევს კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს, მასში არ არის შეფასებული მტკიცებულებები და მეტიც, დაცვის მხარის მტკიცებულებების მხოლოდ მეოთხედი არის მითითებული. სასამართლომ პასუხი არ გასცა დაცვის მხარის არგუმენტებს, კერძოდ: დაცვის მხარემ უტყუარად დაადასტურა, რომ თ. ე–ს მ–ების ოჯახში მისვლამდე არანაირი სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. დაცვის მხარემ მოწმედ დაკითხა: დ. ნ–ე, პიროვნება, რომელთან ერთადაც თ. ე–მ მთელი სამუშაო დღე გაატარა, თუმცა განაჩენში იმგვარად არის მითითებული ამ პირის ჩვენება, თითქოს 12 ივნისს არც კი შეხვედრიან ერთმანეთს. რეალობა კი ის არის, რომ შემთხვევის დღეს, ისინი მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ერთ ოთახში გვერდიგვერდ ისხდნენ, ხოლო დ. ნ–ს ჩვენებით: „თ. ე–ს ამ დღეს არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა და იყო აბსოლუტურად ადეკვატური“. მოწმე დ. კ–მა აღნიშნა, რომ 2018 წლის 12 ივნისს თ. ე–სეს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და ეს გარემოება დასტურდება სამსახურიდან ამოღებული კამერების ჩანაწერებითაც. მოწმე ა. ა–მა ჩვენებაში ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 22 მაისს მასთან სტუმრად მყოფ თ–ს სახეზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და აბსოლუტურად გაწონასწორებული იყო, რითაც გაბათილდა მოწმე ზ. წ–ს ჩვენება, თითქოს, ამ დღეს თ. ე–სე ნაცემი და არაადეკვატური იყო. ზ. წ–ის ჩვენებას არ ადასტურებენ მოწმეები - დ. რ–ი და პ. ე–ე. პ. ე–მ განმარტა, რომ სამსახურიდან გამოსულ შვილს - თ. ე–ს შეხვდა საღამოს და გამოართვა ჩანთა, ასევე შეესწრო როგორ ჩაჯდა თ–ი ტაქსიში. დაცვის მხარემ მოიძია ტაქსის მძღოლი ვ. ქ–ე, რომლის ჩვენება უდავოდ იქნა ცნობილი. ტაქსის მძღოლი განმარტავს, რომ თ–ს არ აღენიშნებოდა დაზიანებები. დ. რ–მა - თ. ე–ს დედამ დილით თავად მიაწოდა გაუთოებული პერანგი შვილს და ნათლად ნახა მისი დაუზიანებელი სხეული. დაცვის მხარემ მოიპოვა თ. ე–ის სამსახურიდან გამოსვლის კადრები, სადაც მას არაფერი აღენიშნება. დათვალიერებული იყო ი. მ–ს სახლის გალავნის კამერები, სადაც ასევე არანაირი სახის დაზიანებები თ. ე–ს არ აღენიშნებოდა. ამდენად, სასამართლოსთვის ნათლად და გასაგებად იყო აღწერილი თ. ე–ის სრული დღე მ–ებთან მისვლამდე. ყველა ეს მტკიცებულება უტყუარია და ერთმნიშვნელოვნად უარყოფს იმას, რომ თ. ე–სე ი. მ–სის სახლში ნაცემი, არაადეკვატური და გაუწონასწორებელი მივიდა. ამასთან, დაზიანებები, რომლებიც მიაყენეს თ. ე–ს ი. მ–ს საცხოვრებელში, თავისი აღწერილობითა და ნაირგვარობით, ვერ იქნებოდა მიყენებული ერთი დარტყმითა და ბუჩქში ჩავარდნით. დაზიანებები აღწერილია, როგორც სამედიცინო დაწესებულების მიერ, ასევე - ექსპერტების მიერ. ის გარემოება, რომ ხსენებული დაზიანებები ბუჩქში ჩავარდნის შედეგს არ შეესაბამება, საქმეზე დართული თ. ე–სის დაზიანებების სურათების დათვალიერებითაც კი თვალსაჩინოა. ინციდენტის შედეგად თ. ე–ს განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსდ), რაც დადასტურებულია როგორც მკურნალი ექიმის, ასევე - სამხარაულის ექსპერტიზის მიერ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში გამოკვეთს ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არადამაჯერებლობას, რაც შეეხება მათ მიერ გამოგონილ ვერსიას თ. ე–ის ბუჩქში ჩავარდნის შესახებ და აღნიშნავს, რომ ი. მ–სის გამოკითხვამდე, ზ. წ–სსა და გ. მ–მს არ ჰქონდათ ნახსენები ბუჩქი, უფრო მეტიც, ზ. წ–სი გამოკითხვის ოქმში აფიქსირებდა, რომ გაკავებული ჰყავდა თ. ე–სე და ის არსად ჩავარდნილა, ხოლო სასამართლოში კი პირდაპირ თქვა, რომ გამოკითხვის ოქმში მოცემული ინფორმაცია არის გრამატიკული შეცდომა და რეალურად, თ. ე–სე ბუჩქებში ჩავარდაო. დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს ზ. წ–სის გამოკითხვის ოქმსა და მის ჩვენებას შორის არსებულ წინააღმდეგობებს, კერძოდ: გამოკითხვაში ზ. წ–ი ორჯერ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თ–მა სკამს დაარტყა ფეხი და რომ ჯერ ი–მ შეასხა ყავა, შემდეგ კი - თ–მა შეაგინა, ხოლო სასამართლოში ზ. წ–მა შეცვალა ჩვენება და გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას გრამატიკული შეცდომა უწოდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ თ. ე–ს პერანგი იმიტომ გახადეს, რომ სისხლიანი იყო, აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება და ელექტროშოკით მიყენებული დამწვრობები. მეორე დღეს მისულმა ვერცერთმა გამომძიებელმა ვერ იპოვა პერანგი და თურმე, მ–ების ოჯახის წევრებს არ ახსოვდათ, სად წაიღეს იგი. დაცვის მხარის მიერ ამოღებულ ვიდეო მასალებში, რომელიც ასახავს 2018 წლის 13 ივნისის მოვლენებს, ნათლად ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ი. მ–სი, რითაც ნათელი ხდება, რომ სწორედ მას უნდა გაეტანა პერანგი და სხვა ნივთები, რაც თ–ს მიმართ ძალადობის დროს იქნა გამოყენებული. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოხსენებულ ვიდეომასალაზე საერთოდ არ უსაუბრია და ყურადღების მიღმა დატოვა აღნიშნული საკითხი. ასევე, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე წარმოადგინდა კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ გამოდის ი. მ–სი სახლიდან 17:03 საათზე გ. მ–მთან ერთად, მაშინ, როდესაც სამედიცინო ისტორიაში ვკითხულობთ, რომ სტაციონარში წევს 17:10 საათზე. ასევე, სამედიცინო ისტორიაში მითითებულია, რომ ის საავადმყოფოში სავარძლით მიიყვანეს, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გ. მ–მი ჩვენებაში განმარტავს, რომ მამა მას არ წაუყვანია საავადმყოფოში და ის მარტო წავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებულ ჩვენებას აძლევს ი. მ–სის მეუღლე, რომელიც განმარტავს, რომ თ. ე–მ ფეხი დაარტყა სკამზე მჯდომ ი. მ–სს, ხოლო ამ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, იმავე საღამოს და მეორე დილით, ი. მ–სი უჩიოდა თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას, რის გამოც დასჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა. განაჩენში არ არის მითითებული იმ მტკიცებულებების ნახევარიც კი, რაც დაცვის მხარემ მოიპოვა და სასამართლოში გამოიკვლია, კერძოდ მოწმეები: პ. ე–ე, დ. რ–ი, გ. ბ–ი, დ. კ–ი, დ. ნ–ეე, ა. ა–ი, მ. ღ–ე, ქ. ყ–ი, გამომძიებელი ვ. დ–ი, ექსპერტი გ. დ–ი, ასევე ბრალდების მხარის მიერ უდავოდ ცნობილი ვ. ქ–ს გამოკითხვის ოქმი, 2018 წლის 12 ივნისისა და 13 ივნისის ვიდეომასალა, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერტიმენტი, დეტალური ამონაწერები „მ–დან“ და სხვა. სასამართლომ გვერდი აუარა დაცვის მხარის ისეთ მტკიცებულებებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს და აჩენდა გონივრულ ეჭვებს მტკიცებულებათა სანდოობასთან დაკავშირებით. ადვოკატი აღნიშნავს საგამოძიებო მოქმედებების დაგვიანებით ჩატარებას, კერძოდ 112-ში დარეკვიდან ი. მ–ს სახლის ჩხრეკამდე გავიდა ათ საათზე მეტი, რითაც რეალურ მოძალადეებს საკმარისზე მეტი დრო მიეცათ, რომ მოეწესრიგენიბათ შემთხვევის ადგილი. თ. ე–სე განმარტავდა, რომ ის აიძულეს, ხელი მოეწერა ვალის აღიარებაზე. სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ი. მ–სის შვილმა - ნ. მ–მა სახლი დატოვა გარკვეული დოკუმენტებით, თუმცა გამოძიებას კითხვა არ დაუსვამს მისთვის, თუ რა დოკუმენტები იყო და რაში სჭირდებოდა ისინი შუაღამისას. მ–ებიდან ორი მოწმეც კი არ არის ისეთი, რომ ერთი და იგივე ჩვენება მისცეს. დაუდგენელია რამდენი ადამიანი იყო საცხოვრებელ სახლში. მ–ების მიერ სახლის ეზოში მომხდარი აურზაური და ჩხუბი არ გაუგონია მოწმე მ. ღ–ს, რომელსაც მ–ების ეზოს მეზობლად ოთახში ეძინა და ფანჯარა ღია ჰქონდა. ბრალდების მხარის მოწმეები ერთსულოვნად განმარტავენ, რომ ი. მ–სს 2018 წლის 12 ივნისის ღამეს აწუხებდა თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება, თუმცა სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის სახლში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. ნაკლებად დამაჯერებელია ამ მოწმეთა ჩვენებები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუკი ივანე მართლაც იყო ძალადობის მსხვერპლი, რატომ ოჯახის არცერთმა წევრმა ადგილზე მისულ არცერთ გამომძიებელს არ შეატყობინა ი–ს მდგომარეობა და არ აჩვენა დაზიანებები. სასამართლოში დაკითხვისას დაცვის მხარემ აღნიშნული შეკითხვა დაუსვა როგორც მ–ებს, ასევე - გამომძიებლებს, თუმცა მათი პასუხი იყო მარტივი: არ ახსოვდათ, არ ჩათვალეს მნიშვნელოვნად. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი მიკერძოებული და დაინტერესებული მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით და არავითარი კრიტერიუმი არ გამოიყენა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას. დაცვის მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი ალტერნატიული მტკიცებულება, რაც ადასტურებდა, რომ გამოძიების ორგანო არ იყო დაინტერესებული, ჩაეტარებინა სრულყოფილი გამოძიება და მიზნად ისახავდა თ. ე–ს უსაფუძვლო ბრალდებას, მაგრამ მოსამართლემ არც კი იმსჯელა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა გამოძიების სრულყოფილება.

3.2. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი არის უსამართლო და არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებას. პროკურორის პოზიციით, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უფრო მკაცრი სასჯელი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის გარემოება, თუ კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა თ. ე–მ ხელი არ შეუწყო საქმის სწრაფ განხილვას, ყველა მტკიცებულება გახადა სადავოდ, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და არ შერიგებია დაზარალებულს, რაც პირდაპირ არის იმის მიმანიშნებელი, რომ ნაკლებად მძიმე სასჯელის გამოყენება, როგორიცაა ჯარიმა ან/და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ვერ იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის და ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, რესოციალიზაციისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნების მიღწევას. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თ. ე–ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მძიმე სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

4.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. მხარეებმა თავიანთ საკასაციო საჩივრებში წარმოადგინეს არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივრებშიც მიუთითებდნენ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არსებობდა თ. ე–ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი, მისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა კი არის თანაზომიერი და ადეკვატური.

4.3. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის ძირითად არგუმენტაციას თ. ე–ს მიმართ 2018 წლის 12 ივნისს შესაძლო არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, წამების ჩადენის თაობაზე, კერძოდ: დაცვის მხარე თ. ე–ს მიმართ ი. მ–ს, ზ. წ–სა და გ. მ–ს მხრიდან ჩადენილ წამების ფაქტებზე მიუთითებდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და ამავე არგუმენტაციას ეყრდნობოდა სააპელაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთებაც. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემული საქმის წარმოების ფარგლებში თ. ე–ის მიმართ შესაძლო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მსჯელობა ერთმნიშვნელოვნად სცილდება სააპელაციო პალატის კომპეტენციის ფარგლებს, ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის განმარტებით, თ. ე–ს სავარაუდო წამების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცე პოზიციას, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ან ეჭვს ჰბადებდეს მსჯავრდებულის მიმართ შემთხვევის დღეს ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შესახებ, მართლაც საჭიროებს საფუძვლიან და გულისხმიერ გამოძიებას, რაც მიმართული იქნება თ. ე–ის მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტების გამოვლენისა და უტყუარი დადასტურებისაკენ. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დაცვის მხარის ძალისხმევა, წარმოეჩინა თ. ე–ის მიმართ არასათანადო მოპყრობა და შესაბამისი მტკიცება გაემყარებინა სათანადო მტკიცებულებებით, არ მიემართება განსახილველი სისხლის სამართლის საქმეზე დასადგენ გარემოებებს და თ. ე–ის ბრალს ი. მ–სის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარე სრულად უარყოფს შემთხვევის დღეს თ. ე–ს მიერ ი. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების - სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტს, ხოლო იმ არგუმენტაციას, რაც თ. ე–სის წამების მსხვერპლად ყოფნას შეეხება, არ უკავშირებს მსჯავრდებულის ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებაში ჩადენას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა შეაფასოს, თუ რამდენად უტყუარად დასტურდება თ. ე–ის მიერ ი. მ–ის მიმართ სხვაგვარი ძალადობის ჩადენა დაცვის მხარის მიერ აღნიშნული არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებისაგან დამოუკიდებლად, რამდენადაც თავად დაცვის მხარე არ მიუთითებს სისხლისსამართლებრივად რელევანტურ კავშირს, ერთი მხრივ, თ. ე–სის წამების დანაშაულში მსხვერპლად ყოფნასა და, მეორე მხრივ, მისთვის ბრალად შერაცხულ ძალადობრივ დანაშაულს შორის.

4.4. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიუთითა, რომ, მართალია, დაცვის მხარის მოწმეების - პ. ე–ს, დ. რ–ს, გ. ბ–ს, დ. კ–ს, დ. ნ–ის, ა. ა–ს, მ. ღ–ს, ქ. ყ–ს, გამომძიებელ ვ. დ–ს, ექსპერტ გ. დ–ს ჩვენებები არ არის ასახული პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, თუმცა პალატა დეტალურად გაეცნო რა მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს (რომელთა ჩვენებების შინაარსი ასახულია განაჩენის აღწერილობით ნაწილში) და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებებს, მიიჩნია, რომ არცერთი მათგანის ჩვენება განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, მტკიცების საგანთან მიმართებით, რაიმე არსებითი სახის ინფორმაციას არ შეიცავს. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ შეისწავლა ბრალდების მხარის მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები და მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ. ე–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

4.5. სააპელაციო სასამართლომ გამოკვეთა თ. ე–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის ყველა სავალდებული ნიშანი და საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა კვალიფიკაციასთან მათი კავშირისა და რელევანტურობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ირკვევა, რომ: დაზარალებულმა ი. მ–სმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას თ. ე–სე ამხილა მის მიმართ ჩადენილ სხვაგვარ ძალადობაში და დეტალურად აღწერა, თუ რაში გამოიხატა მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება. დაზარალებულის განმარტებით, მასთან სახლში მყოფ თ. ე–ეს სთხოვდა, რომ ესწავლებინა საქმიანობის - ე.წ. „მ–ს“ დეტალები. ამასთან, სთხოვდა არ წასულიყო და საქმე არ დაეტოვებინა, რადგან შესაძლოა, ელექტროენერგია გაეთიშათ მათთვის, რაზეც თ. ე–სემ უხეშად უპასუხა, რომ უნდა წასულიყო და შეაგინა მას, რის შემდეგ მან მაგიდიდან აიღო ჭიქა და ყავა შეასხა თ. ე–ს, რომელმაც წიხლი ჩაარტყა მას მარჯვენა მხრის მიდამოში, რის შედეგადაც სკამიდან გადაყირავდა. დარტყმის შედეგად განცდილი ტკივილისგან ცრემლები წამოუვიდა, წაქცეულმა კი იატაკს დაარტყა თავი. იგი წამოაყენა თავისმა მეუღლემ - ლ. მ–მა. ამ ძალადობის დანახვაზე, თავისმა შვილმა გ. მ–მმა ხელი მოუქნია თ. ე–ეს, რის შედეგადაც იგი წაიქცა. იქვე იყვნენ მისი შვილები - თ. და თ. მ–ები, რომლებიც ცდილობდნენ გაშველებას და სიტუაციის დაწყნარებას. თ. ე–სემ დამშვიდების შემდეგ ბოდიშიც მოიხადა და შეჰპირდა, რომ მეორე დღეს მივიდოდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. იგი თავს იმართლებდა, რომ ცუდად იყო და მისი ,,მეორე მე“ ლაპარაკობდა. იგივე გარემოებები დაადასტურა დაზარალებულის შვილმა - გ. მ–მმა და აღნიშნა, რომ თ. ე–სემ ი. მ–სს ფეხი ჩაარტყა მკერდის არეში, რის შედეგადაც ი. მ–სი გადაყირავდა და თავი ძირს დაარტყა. მოწმემ დაადასტურა, რომ ნანახით გაბრაზებული, თ. ე–სეს ხელით შეეხო, ფიზიკური დაპირისპირებისას თ. ე–სე ჩავარდა ბუჩქებში. მანვე აღნიშნა, რომ თ. ე–სეს მისცა თავისი მაისური და სახლში წაიყვანა. თ. ე–ს მიერ ი. მ–სათვის წიხლის ჩარტყმის ფაქტი დაადასტურა მოწმე ზ. წ–მაც. მოწმე თ. მ–ს განმარტებით, თ. ე–სის მიერ ი. მ–სისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ამ უკანასკნელის მხრიდან მოჰყვა ყავის შესხმა, რაზეც თ. ე–სე გაბრაზდა და სკამზე მჯდომ ი. მ–სს მუცელში წიხლი ჩაარტყა, ი. მ–სი სკამიდან გადმოვარდა და თავი მეტლახზე დაარტყა. მანვე აღნიშნა, რომ გ. მ–მი ხელების ქნევით წავიდა თ. ე–ან, რომელსაც გ. მ–მის ხელი რამდენჯერმე მოხვდა სახეში, რა დროსაც თ. ე–სე ჩავარდა იქვე არსებულ ბუჩქში. თ. ე–სის მიერ ი. მ–სის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაადასტურა მოწმე ლ. მ–მაც და აღნიშნა, რომ თ. ე–მ ი. მ–სს წიხლი ჩაარტყა მხრის არეში, რის შედეგადაც ი. მ–სი გადავარდა და თავი დაარტყა. მანვე აღნიშნა, რომ დაინახა, თ. ე–სისაკენ როგორ გაიწია გ. მ–მმა, ასევე ნახა, რომ თ. ე–სე ბუჩქებში იყო ჩავარდნილი. ამდენად, დგინდება, რომ ყველა ზემოაღნიშნული პირი იძლევა თ. ე–სის მიერ ი. მ–სის მიმართ წიხლის ჩარტყმის ე.ი. სხვაგვარი ძალადობის ფაქტში მამხილებელ პირდაპირ ჩვენებას, რაც სასამართლოებმა გაიზიარეს, როგორც უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

4.6. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს სხვადასხვა არგუმენტს, რის გამოც მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო, არადამაჯერებელი და მოგონილია თ. ე–სის წინააღმდეგ. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, თითქოს სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმისათვის გადამწყვეტი მტკიცებულებების - მოწმეთა ჩვენებების სანდოობა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა: „მოწმის ჩვენების ფორმირებამ, როგორც წესი, შემდეგი სამი სტადია უნდა გაიაროს: მოწმის მიერ ამა თუ იმ ფაქტის აღქმა, ათვისება; აღქმული ფაქტის დამახსოვრება და დაკითხვისას ამ ფაქტის კვლავ წარმოქმნა (რეპროდუქცია). სხვადასხვა მოწმე ყოველივე იმას, რაც დაინახა, მოისმინა და ასე შემდეგ, ერთნაირი სიზუსტითა და სისრულით როდი აღიქვამს, არამედ განსხვავებულად. შესაბამისად, ხშირია შემთხვევა, როდესაც საქმისათვის მნიშვნელოვანი რომელიმე ერთი ფაქტის შესახებ მისი აღმქმელი მოწმეები ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევიან, თუმცა ისინი კეთილსინდისიერნი არიან და ნამდვილად სურთ მხოლოდ სიმართლის ჩვენება. მოწმის მიერ გარკვეული შემთხვევის სწორედ აღქმაზე შეიძლება გავლენა იქონიოს იმ მდგომარეობამ, რომელშიც იმყოფება მოწმე. დადგენილია, რომ აღელვებასა და შიშს შეუძლია მოწმეში გაზვიადებული შთაბეჭდილების გამოწვევა. მოწმის მიერ ამა თუ იმ შემთხვევის აღქმაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ობიექტურმა ფაქტორებმა. ასეთ ობიექტურ ფაქტორებად მიჩნეულია მანძილი მოწმესა და იმ ადგილს შორის, საიდანაც მან აღიქვა ესა თუ ის შემთხვევა, დღისით თუ ღამით დაინახა, როგორ ამინდში და ა.შ. მოწმის ჩვენების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ფაქტის აღქმისა და ჩვენების მიცემის მომენტებს შორის განვლილი დროის ხანგრძლივობა. რამდენად ხანგრძლივია ეს დრო, იმდენად მეტია ვარაუდი, რომ მოწმემ ბევრი რამ ვერ შეინარჩუნა მეხსიერებაში, დაავიწყდა. გასათვალისწინებელია მოწმის დაკითხვის გარემო-ვითარებაც. ზოგჯერ მოწმე მისთვის უჩვეულო ვითარებაში დაკითხვისას, განსაკუთრებით სასამართლოში საქმის განხილვისას, ღელავს და შესაძლოა, აღელვებულ მდგომარეობაში მყოფმა, ზოგი რამ აღქმულისა დაამახინჯოს ან კიდევ მეტად გაამახვილოს ყურადღება საქმისათვის უმნიშვნელო დეტალზე, ხოლო მთავარზე და არსებითზე - ნაკლებად. ამასთან, გასათვალისწინებელია შემთხვევის ადგილზე შექმნილი არეულობა, რის გამოც შესაძლოა მოწმეს ვერ დაენახა გარკვეული დეტალი, ზოგიერთ მათგანს კი სრული სიზუტით არ ახსოვდეს მომხდარი ფაქტის დეტალები. კონკრეტულ შემთხვევაში, მომხდარი ფაქტიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა საკმაოდ დიდი დრო - ორი წელი, რის გამოც შესაძლებელია მოწმეებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებს შორის გარკვეული შეუსაბამობები, მცირეოდენი განსხვავებანი ცალკეულ დეტალებში მართლაც არსებობს, თუმცა ეს შეუსაბამობები არ ეხება მტკიცების მთავარ საგანს, რომელშიც მოიაზრება: მომხდარი ფაქტის ნამდვილობა, დრო და ადგილი, ინციდენტში მონაწილე პირები, მათი მოქმედებანი და დამდგარი შედეგი, ასევე, ინციდენტის მონაწილეთა ქმედების ობიექტური და სუბიექტური კავშირი დამდგარ შედეგებთან. ზოგადად არაარსებით დეტალებთან დაკავშირებით ყოველთვის შეიძლება არსებობდეს გარკვეული განსხვავებანი ჩვენებებს შორის, რადგან მოწმეთა ჩვენებების შინაარსის ე.წ. ,,მათემატიკური სიზუსტით“ ურთიერთდამთხვევა შეუძლებელია“. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა დაცვის მხარის არგუმენტაცია ჩვენებებში არსებული შესაძლო შეუსაბამობების შესახებ და დაადგინა, რომ არ იკვეთება ისეთი არსებითი წინააღმდეგობა, რაც გამოკვეთდა მოწმეთა ჩვენებების სანდოობასა და დამაჯერებლობაში დაეჭვების დასაბუთებულ საფუძველს. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და დამატებით ყურადღებას მიაპყრობს კასატორის პოზიციას მოწმეთა დამაჯერებლობის გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოწმეები მიუთითებენ შემთხვევის დღეს მათ სახლში სტუმრობისას თ. ე–სის სხეულზე დაზიანებების არსებობას. დაცვის მხარემ იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ თ. ე–სეს ი. მ–სის ოჯახში მისვლამდე დაზიანებები არ ჰქონია, წარადგინა მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები. დაცვის მხარის მოწმეები ცალსახად მიუთითებდნენ, რომ თ. ე–სეს შემთხვევის დღეს გამოხატული დაზიანებები არ ჰქონია, არც ვიდეოჩანაწერებით დგინდება საწინააღმდეგო გარემოება. დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია პირდაპირ უკავშირდება თ. ე–სის მიმართ ი. მ–სის ოჯახში შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენას, რამეთუ გამოკვეთს საფუძვლიან ეჭვს აღნიშნული დაზიანებების წარმოშობის დროისა და გარემოებების მიმართ, თუმცა იგივე არგუმენტაცია ვერ გამოდგება ბრალდების მხარის იმ მოწმეთა ჩვენებების გაზიარებაზე დასაბუთებული უარის თქმისათვის, ვინც უშუალოდ შეესწრნენ კონკრეტულ ფაქტს - თ. ე–ის მიერ ი. მ–სის მიმართ სხვაგვარ ძალადობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მოწმეები მიუთითებდნენ, რომ თ. ე–სეს მათ მიერ დადასტურებულ ინციდენტამდე (ი. მ–სისათვის წიხლის დარტყმამდე) აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები, თუმცა მოწმეთა ჩვენებები ამ ნაწილში არ არის დეტალური და არ იძლევა აღნიშნული დაზიანებების ბუნების, მათი ლოკალიზაციისა და ხასიათის შესახებ რაიმეს მტკიცების ან უარყოფის შესაძლებლობას, განსაკუთრებით კი საგულისხმოა, რომ მათი ჩვენების ეს ნაწილი, ზოგადად, არ მიემართება განსახილველი ბრალდების არსებით შემადგენელ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენება, თითქოს, თ. ე–ს მათთან სახლში მისვლისას უკვე აღენიშნებოდა დაზიანებები, გადამწყვეტია მათი ჩვენების დამაჯერებლობაში ეჭვის შესატანად, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან იგივე მოწმეები ადასტურებენ არა მხოლოდ თ. ე–ის მიერ ი. მ–ის მიმართ ჩადენილ სხვაგვარ ძალადობას, არამედ თავიანთი ოჯახის წევრის - გ. მ–ს მიერ თ. ე–ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტსაც. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ ზემოაღნიშნული მოწმეები ტენდენციურები არიან და მათი ჩვენებები შეთანხმებულია თ. ე–სის წინააღმდეგ, არ არის საფუძვლიანი და არ გამომდინარეობს თავად მოწმეთა ჩვენებების ობიექტური ანალიზიდან.

4.7. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ცდილობდნენ თ. ე–ს ფსიქიკური მდგომარეობის არასწორად წარმოჩენას, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებულ თ. ე–ს სამედიცინო ისტორიებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მოწმეთა ჩვენებებში აღწერილი გარემოებები შემთხვევის დროს თ. ე–ს უეცარი გაღიზიანების, გუნება-განწყობის სწრაფი ცვლისა და ქცევის შესახებ (აცხადებდა, რომ მეორე მე ესაუბრებოდა) არ ეწინააღმდეგება 2018 წლის მაისის მდგომარეობით მის ფსიქიკურ ანამნეზსა და დასმულ დიაგონს. ,,...... ცენტრის“ სამედიცინო ისტორიებით ირკვევა, რომ ,,....... სასწავლო ცენტრის“ კრიზისული ინტერვენციის სამსახურის ამბულატორიული სამედიცინო ბარათი გახსნილია 2017 წელს, რომლის თანახმადაც პაციენტს (თ. ე–ს) აღენიშნება ჩივილები/პრობლემები: ,,აწეული გუნება-განწყობა, მოჭარბებული ენერგიულობა, მომატებული ლიბიდო, თამამი, სარისკო გადაწყვეტილებების მიღება, დამოკიდებულების ბოდვითი აზრები... დევნის ბოდვითი აზრები და სხვა“. ამდენად, ირკვევა, რომ 2017 წელს თ. ე–ს დაუდგინდა ,,ბიპოლარული აფექტური აშლილობა, წინარე მანია, ფსიქოზური სიმპტომებით F31.2. ანალოგიური დიაგნოზი დაესვა 29.05.2018-10.07.2018 წწ. პერიოდში განმეორებითი კრიზისული ინტერვენციის ფარგლებში, დამატებით აღენიშნება მწვავე პოსტტრავმული სტრესული რეაქცია F43.1. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ინციდენტის შედეგად თ. ე–ს განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსდ). აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სასამართლოს მიერ დასადგენ გარემოებას არ წარმოადგენს 2017 წლიდან დასმული დიაგნოზის (ბიპოლარური აფექტური აშლილობის) თანმხლებ გართულებასა (მწვავე პოსტტრავმული სტრესულ რეაქცია) და გამოძიებით დასადგენ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს შორის შესაძლო მიზეზობრივი კავშირის დადგენა. ამასთან, თ. ე–სის ამბულატორული ისტორიების მხედველობაში მიღებით, არ არსებობს თ. ე–სის ქცევის შესახებ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების დამაჯერებლობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი.

4.8. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სადავოდ მიჩნეულ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არ გამხდარა თ. ე–ს მსჯავრდების ერთადერთი საფუძველი, რამდენადაც საქმეში მოიპოვება სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 20 აგვისტოს №......... დასკვნა, რომლის თანახმადაც: ...........ს ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო №....... ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე ი. მ–ს 2018 წლის 13 ივნისს დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა მარცხენა მხრის სახსრის ღრძობა, იოგების დაჭიმვა და გადაძაბვა. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ სხეულზე აღენიშნებოდა ექსკორიაციები და ზედა ყბაზე 11 კბილის მცირედ ჩამოტეხვა. ღრძობის დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამიტომ სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს იგი მხედველობაში არ იქნა მიღებული. სხვა ყველა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლივად, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. თავის ტვინის შერყევა ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში მათი მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო. ამდენად, ზემოაღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა შეესაბამება მოწმეთა მიერ აღწერილ გარემოებებს თ. ე–ს მიერ ჩადენილი სხვაგვარი ძალადობის შედეგად ი. მ–ის დაზიანების შესახებ. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ ი. მ–მა ჩივილით მხოლოდ მას შემდეგ მიმართა სტაციონარს, რაც მის სახლში საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ვერ შეფასდება მტკიცებულების მყარ და საპირწონე არგუმენტად, რაც 2019 წლის 12 ივნისის მოვლენების შესახებ მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში, ასევე ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულ დაზიანებასა და შემთხვევის ფაქტს შორის მიზეზობრივ კავშირში დაეჭვების საფუძველი გახდებოდა.

4.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

4.10. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, მისი დასაშვებობის განხილვისას საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: რამდენად ავლენს საკასაციო საჩივრის დასაბუთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესაძლო უკანონობას, დანიშნული სასჯელის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის, მიზანშეწონილობის, პროპორციულობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით.

4.11. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. მსჯავრდებული თ. ე–სე დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ჯარიმა - 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2018 წლის 12 ივნისს მოქმედი რედაქცია) ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ექცევა კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, მოთხოვნილია თ. ე–სის მიმართ სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შესაბამისად, კასატორს აწევს ტვირთი დაასაბუთოს, რომ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა აშკარად არ პასუხობს სასჯელის სამართლიანობისა და მსუბუქი სასჯელის პრიორიტეტულობის მოთხოვნას.

4.12. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ სახელმძღვანელო სამართლებრივ დებულებებსა და პრინციპებს, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამასთან, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით აღიარებულია სასჯელის გენერალური და კერძო პრევენციის ფუნქცია, რომლის თანახმადაც: „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. აღსანიშნავია, რომ სასჯელის სამართლიანობა გულისხმობს შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის გამოსადეგობასა და პროპორციულობას ზემოაღნიშნულ სასჯელის მიზნებთან მიმართებით. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს სწორედ სასჯელის თანაზომიერების პრინციპს და ადგენს: „სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. სასჯელის პროპორციულობა, თავის მხრივ, ნიშნავს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

4.13. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ თ. ე–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს და საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბრალის აღიარება ან/და გამოძიებასთან თანამშრომლობა, ასევე მსჯავრდებულის მისწრაფება შეურიგდეს დაზარალებულს წამახალისებელი გარემოებებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და სამართლებრივად არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა აპელანტს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას და გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს სასჯელის დამძიმების სამართლიან წინაპირობას, ხოლო კასატორი ვერ მიუთითებს საქმის ისეთ ინდივიდუალურ გარემოებას, რაც სასამართლოს მსუბუქი სასჯელის გამოყენების არაეფექტიანობასა და სასჯელის გამკაცრების აუცილებლობაში დაარწმუნებდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის მიზანშეწონილობის თაობაზე დასაბუთებულია, შერჩეული სასჯელის სახე და ზომა კი მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულისა და მასში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების პროპორციულად ემსახურება ახალი დანაშაულის პრევენციისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს. ამასთან, ჯარიმის აღუსრულებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის ცნობილია მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები და სასჯელის დამძიმების სამართლებრივი შესაძლებლობა, რაც მისი კანონშესაბამისი ქცევის მოლოდინს ამყარებს და დამატებით ხელს უწყობს სასჯელის კერძო პრევენციის მიზნის მიღწევას მსუბუქი სასჯელის დანიშვნის პირობებშიც. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის გარემოებები არ გამოკვეთს მსჯავრდებულის თავისუფლების უფლების ყველაზე მკაცრი შეზღუდვის აუცილებლობას, ხოლო პროკურორის მიერ მითითებული არგუმენტაცია ვერ დაძლევს მსუბუქი სასჯელის პრიორიტეტულობის კანონისმიერ მოთხოვნას.

4.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ წარმოაჩინეს განაჩენის უკანონობის მტკიცების გონივრული საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ თ. ე–სის დამნაშავედ ცნობისა და სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური მტკიცებულება, შეაფასა ისინი საქმისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად უტყუარობის, დამაჯერებლობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე დაცულია სასჯელის დანიშვნისას სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, რის გამოც ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ თ. ე–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე