გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-141-837-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ფ-ის სრჩელი. გაუქმდა 1964წ. ნაჩუქრობის ხელშეკრულება; მ.ფ-ს ნატურით დაუბრუნდა ქ.თბილისში, ... მდებარე ლ.დ-აზე გაჩუქებული სახლის ნახევარი.
ლ.დ-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ფ-ის სარჩელი თბილისში, ... მდებარე ორსართულიანი სახლის ნახევრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უარის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი არ არსებობს. საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 მაისის განჩინებით და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მ. ფ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ. დ-ა-ფ-მა შექმნა ყალბი საბუთი, რომლის მიხედვით _ ის დაქორწინებული არ იყო და საცხოვრებელი ფართი არ გააჩნდა. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა, ვინაიდან 60 კვ.მ. ფართი დიმიტროვას უკვე ჰქონდა და იმ ხანად არსებული კანონმდებლობით აღნიშნულზე მეტი ფართის ფლობის უფლება მოქალაქეს არ გააჩნდა. ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა მოჩვენებით, რადგან უნდოდა ბინის აღრიცხვაზე ასვლა. განმცხადებელს აღნიშნული დოკუმენტის სიყალბე მიაჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინებით მ. ფ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად საქმის წარმოების განახლებას, რადგან გადაწყვეტილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ხანდაზმულობის ვადის გასვლა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ფ-მა, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: ყალბი საბუთის წარდგენაზე ხანდაზმულობის ვადის დაწესება კანონში არ არის; როგორც ძველი, ისე ახალი კანონმდებლობით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ყალბი საბუთის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს დოკუმენტის სიყალბეს, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს წარადგინა ლ. დ-ამ.
სსკ-ს 423-ე მუხლი პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დოკუმენტის სიყალბის შესახებ უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი.
მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტის სიყალბის შესახებ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ არსებობს და გარდა ამისა გასაჩივრებული გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს ის დოკუმენტი, რომლის სიყალბეზეც ლაპარაკობს განმცხადებელი.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილება არ მოხდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ანუ დოკუმენტის სიყალბე დამტკიცებულიც რომ იყოს იგი ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან მ. ფ-ი ითხოვდა 1964 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას და სასამართლომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ფ-ის განცხადება და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.