Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-14-717-03 3 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2003წ. 20 იანვარს. სხდომაზე მხარეები გამოცხადნენ, მაგრამ აპელანტმა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. სასამართლომ იგი გააფრთხილა სამართლებრივ შედეგებზე, თუ იგი სხდომის განხილვაში არ მიიღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა აპელანტმა დატოვა სხდომა და სასამართლომ, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

გ. ბ-მა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი არ უთქვამს და სხდომა არ დაუტოვებია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა სსკ-ს 232-ე მუხლზე, რომლითაც მხარე, რომელიც თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, გამოუცხადებლობად ითვლება. 2003წ. 20 იანვარს გ. ბ-ი გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ მან უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. სასამართლომ იგი გააფრთხილა სხდომის დატოვების შედეგებზე, მიუხედავად ამისა გ. ბ-ის სხდომას არ დაესწრო.

აღნიშნული განჩინება გ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორს მიაჩნია, რომ განჩინება კანონდარღვევითაა მიღებული. სააპელაციო სასამართლოში მან სხდომა დატოვა იმის გამო, რომ უკანონოდ არ დააკმაყოფილეს მის მიერ დაყენებული შუამდგომლობა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძველს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა სხდომა დატოვა – უარი თქვა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. სხდომის ოქმით არ დასტურდება საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს რაიმე შუამდგომლობა კიდევაც რომ არ დაეკმაყოფილებინა, მხარეს კანონი ავალდებულებს მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენება სსკ-ს 232-ე, 229-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი – მის წინააღმდეგ მიღებული იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.