Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-147-843-03 17 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბინათმშენებლობის ამხანაგობა “თ.-...-ის” მიმართ წარდგენილ სარჩელში მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1988წ. 8 სექტემბრის ¹18.50.584 გადაწყვეტილებით თბილისში, ..., მრავალბინიანი სახლის ასაშენებლად ამხანაგობას გამოეყო 10535 კვ.მ. მიწის ფართი. ჩამოყალიბებიდან დღემდე გამოყოფილ ფართზე ამხანაგობას მიწის გრუნტის სამუშაოების გარდა სხვა სამუშაოები არ შეუსრულებია. 2000წ. 8 დეკემბერს ამხანაგობის წევრთა ერთი ჯგუფის მიერ მოსარჩელეებთან შეთანხმების გარეშე ჩატარებულ იქნა ამხანაგობის წევრთა საერთო კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ახალი დებულების დამტკიცების თაობაზე, არჩეულ იქნა ამხანაგობის ახალი თავმჯდომარე და გამგეობა.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს ამხანაგობის 2000წ. 8 დეკემბრის კრების მიერ დამტკიცებული დებულების, ამხანაგობის ახალი თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და გამგეობის არჩევნებზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სკ-ს 934-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაში თვითონ არ მონაწილეობდნენ. მოსარჩელეთა მოსაზრებით, გადაწყვეტილების მისაღებად ყველას თანხმობა იყო საჭირო. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ახალი დებულების დამტკიცებით შეიცვალა უკვე დამტკიცებული პროექტის ფარგლები, არ იქნა გათვალისწინებული პროექტში არსებული სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ამხანაგობა “თ.-....-ში” გაერთიანებულია 110 წევრი. 2000წ. 8 დეკემბრის კრებას ესწრებოდა 74 წევრი, ანუ 2/3-ზე მეტი და კრება უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება. კრებას ესწრებოდა ნოტარიუსი. მონაწილეებმა ხელმოწერით დაადასტურეს თავისი ნება. კრებას არ უმსჯელია და არ შეუტანია პროექტში რაიმე ცვლილებები. სკ-ს 1512-ე მუხლის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლეებად მიჩნეული არიან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები და მათზე ვრცელდება სკ-ს მეოთხე თავის დებულებები.

რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა. ხ-ის, კ. ო-ის, ბ. მ-ის, თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. აპელანტებმა მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 8 სექტემბრის ¹18.50.584 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა .... ქუჩის მცხოვრებ მოქალაქეთა მოთხოვნა ბარაკული სახლების აღების, იმავე ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისა და ამ მიზნით კოლექტიური ამხანაგობის შექმნის შესახებ. იმავე აღმასკომის 1988წ. 8 სექტემბრის ¹582 გადაწყვეტილებით დამტკიცდა წესდება შემდეგი სახელწოდებით: “.... ქუჩაზე ინდივიდუალური მშენებლობის შესახებ ...-....”. პალატა მიუთითებს, რომ მართალია, აღმასკომის გადაწყვეტილებასა და წესდებაში მითითებული არ არის, რომ შექმნილი ამხანაგობა წარმოადგენს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ 1988 წელს მოქმედი კანონმდებლობით (საბინაო კოდექსი და სხვა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მოქალაქეთა ხარჯზე დასახლებული ქალაქების საქალაქო ზონაში შეიძლებოდა ეწარმოებინათ მხოლოდ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებს ( სსრ მინისტრთა საბჭოს 1960წ. 15 აპრილის ¹259 დადგენილება) სახელმწიფო ორგანიზაციების მეშვეობით. თბილისის აღმასკომის გადაწყვეტილებისა და “....-....-ის” წესდების შინაარსი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ შექმნილი ამხანაგობა წარმოადგენდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს.

სკ-ს 1512-ე მუხლის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვლებიან გაუქმებულად 1997წ. 25 ნოემბრიდან. ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით, მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები.

მოცემულ შემთხვევაში რაიონულ თუ სააპელაციო სასამართლოებში აპელანტებს არ წარუდგენიათ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო 2000წ. 8 დეკემბრის კრებას ესწრებოდა “....-....-ის” წევრთა ნახევარზე ნაკლები, რის გამოც კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი.

საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ კრებას ესწრებოდა 74 წევრი, კრების მუშაობაში მონაწილეობდა ნოტარიუსი, კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ წარმოშობილ ურთიერთობებზე ვერ გავრცელდება სკ-ს მეოთხე თავი, ვინაიდან აღნიშნული არეგულირებს ურთიერთობებს ბინის მესაკუთრეთა შორის.

პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, სკ-ს 208-232-ე მუხლები აწესრიგებენ ურთიერთობებს მესაკუთრეთა შორის, მაგრამ თავისთავად სკ-ს აღნიშნული მუხლების გავრცელება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებზე არ ნიშნავს მის გავრცელებას მხოლოდ იმ კოოპერატივის წევრებზე, რომლებიც უკვე მესაკუთრეები არიან.

სკ-ს 1512-ე მუხლის მიხედვით, გამიჯნული არ არიან ბინის მესაკუთრეები ასაშენებელი სახლების მომავალი მესაკუთრეებისაგან, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში 1512-ე მუხლის მიხედვით დადგინდა საბინაო კოოპერატივებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების წესი.

პალატა არ იზიარებს მოსაზრებას სადაო ურთიერთობის სკ-ს 25-ე თავით მოწესრიგების შესახებ. მტკიცებულება იმისა, რომ “თ. ...-ს” წევრებს შორის არსებობდა ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის თაობაზე, საქმეში არ მოიპოვება. გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივი საქმიანობის დროს (934-ე მუხლი) ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების უკლებლივ ყველა მონაწილის (რაოდენობის მიუხედავად) თანხმობა, ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას (938-ე მუხლი), თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხელშეკრულება კი არ არსებობს და მითითებული გარემოებების არსებობისას “... ....-ის” საქმიანობაზე ერთობლივი საქმიანობის შესახებ ნორმების გავრცელება, მონაწილეთა სიმრავლისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო შეუძლებელს გახდიდა ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა საერთო მიზნის მიღწევას.

განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

კასატორები მიუთითებენ, რომ ისინი ვერ დაეთანხმებიან სკ-ს 1512-ე მუხლის სასამართლოსეულ განმარტებას. მართალია, ამ მუხლის თანახმად, საბინაო-საამშენებლო კოოპერატივების უფლებამონაცვლეებად მიჩნეული არიან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინდბინათმშენელობა “...-...-ს” მივიჩნევთ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივად, რადგან სახეზე არა გვაქვს თვით საკუთრების ობიექტი – საცხოვრებელი ბინა, არ შეიძლება არსებული სადავო ურთიერთობა მოწესრიგდეს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის მარეგულირებელი ნორმებით.

აღნიშნულზე მიუთითებს სკ-ს 216-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს რა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ცნებას, ადგენს, რომ ინდივიდუალურ მესაკუთრეთა ერთობლიობა შეადგენს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას, რომელიც არ არის იურიდიული პირი. სკ-ს 208-ე, 211-ე მუხლების თანახმად, ინდივიდუალურ მესაკუთრედ მიიჩნევა ის პირი, რომელსაც საკუთრებაში აქვს ბინა და საცხოვრებელი ფართი.

მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ურთიერთობა ვერ მოწესრიგდება სკ-ს 25-ე თავის მოთხოვნათა შესაბამისად, ვინაიდან კანონმდებელი არ მოითხოვს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების წერილობით გაფორმებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღმასკომის მიერ დამტკიცებული ამხანაგობის დებულება თავისი არსით წარმოადგენს შეთანხმებას ამხანაგობის წევრებს შორის.

კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 1512-ე მუხლის თანახმად, 1997წ. 25 ნოემბრიდან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვალნენ გაუქმებულად. ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით, მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები ადრე შექმნილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წინაშე ძალაში რჩება.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ..... ქუჩის მცხოვრებ მოქალაქეთა მოთხოვნა ბარაკული სახლების აღებისა და ამავე ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისა და ამ მიზნით კოლექტიური ამხანაგობის შექმნის შესახებ. შექმნილი ამხანაგობა წარმოადგენდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს.

სკ-ს 216-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ მესაკუთრეთა ერთობლიობა შეადგენს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

სკ-ს 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კოდექსით, ან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ კრებას ესწრებოდა 74 წევრი, კრების მუშაობაში მონაწილეობდა ნოტარიუსი, კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სკ-ს 1512-ე მუხლის მიხედვით, ბინის მესაკუთრენი გამიჯნულნი არ არიან ასაშენებელი სახლის მომავალი მესაკუთრეებისაგან. ახალი სკ-ს ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საბინაო საამშენებლო კოოპერატივები იქმნებოდნენ საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათი შემდგომი ექსპლოატაციისათვის. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში 1512-ე მუხლის მიხედვით დადგინდა საბინაო საამშენებლო კოოპერატივის წევრებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების წესი.

ერთობლივი საქმიანობის დროს (934-ე მუხლი) ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების უკლებლივ ყველა მონაწილის (რაოდენობის მიუხედავად) თანხმობა, ხოლო ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას (938-ე მუხლი), თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელშეკრულება კი არ არსებობს და მითითებული გარემოებების არსებობისას “....-...-ის” საქმიანობაზე ერთობლივი საქმიანობის შესახებ ნორმების გავრცელება, მონაწილეთა სიმრავლისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო, შეუსრულებელს გახდიდა ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა საერთო მიზნების მიღწევას.

ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გაერთიანებები, რომლებიც არსებობდნენ საბინაო საამშენებლო კოოპერატივის ფორმით, იძენდნენ და აშენებდნენ უძრავ ქონებას, მრავალბინიან სახლს, მასში არსებულ ბინაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით, მოქმედებდნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის პრინციპებით. აღნიშნული დადგენილია კანონმდებლის მიერ და სხვაგვარი განმარტება მითითებული ნორმისა ეწინააღმდეგება თვით ამხანაგობის წევრთა ინტერესებსა და მიზნებს.

სკ-ს მე-9 მუხლის თანახმად, სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ხ-ის, კ. ო-ის, ბ. მ-ის, თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 5 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.