Facebook Twitter

საქმე N 210100122005561784

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №989აპ-22 13 დეკემბერი, 2022 წელი

მ–ი ი., 989აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. ხ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენით ი. მ–სი (პირადი ნომერი ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) წლით.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ–სმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 25 აგვისტოს, შუადღის საათებში, ი. მ–სი ავტომობილით მივიდა ს–ს რაიონში, სოფელ ბ–ში მდებარე ო. ნ–ს საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც, შურისძიების მოტივით - მისი ძმის მეუღლისათვის მიწერილი შეტყობინებების გამო, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი „ЙЖ-К“ მოდელის 16-კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით, თავის მიდამოში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ო. ნ–სს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად 2021 წლის 30 სექტემბერს გარდაიცვალა.

1.3. მსჯავრდებულმა ი. მ–სმა და მისმა ინტერესების დაცველმა, ადვოკატმა შ. ხ–სმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ი. მ–სის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მინიმალური სასჯელის - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ–სის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. 2022 წლის 11 აგვისტოს მსჯავრდებულ ი. მ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ–სმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი, მოითხოვა მასში ცვლილების შეტანა და ი. მ–სის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ასევე, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა გარემოებები, რომლებიც მიუთითებდა უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების მართებულობას, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა რომ: 1) ი. მ–სმა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; 2) ი. მ–სი საკუთარი ნებით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში ბრალის აღიარებით. ის არ დაუკავებიათ დანაშაულის ადგილზე და არც დანაშაულის ჩადენის დროს წაასწრეს; 3) ი. მ–სის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, კერძოდ, გამოკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად გამოძიებამ მოიპოვა ბრალის დადასტურებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, როგორებიცაა: გლუვლულიანი სანადირო თოფი, მასში მოთავსებული მასრით; ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდა მსჯავრდებული; საექსპერტო კვლევისთვის საჭირო ნიმუშები. 4) ი. მ–სის მიერ დანაშაულის ჩადენა განაპირობა მსხვერპლის უკიდურესად ვიქტიმურმა ქცევამ, უარყოფითმა დამოკიდებულებამ ზნეობისა და მორალის ნორმების მიმართ. 5) ი. მ–სი წარსულში არასდროს ყოფილა ნასამართლევი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ი. მ–სის ქმედება სასამართლოსა და გამოძიებაში იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი და დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩათვლილიყო პირობით, ასევე შესაძლებელი იყო, 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“. საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, მისი დასაშვებობის განხილვისას საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: რამდენად ავლენს საკასაციო საჩივრის დასაბუთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესაძლო უკანონობას, დანიშნული სასჯელის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის, მიზანშეწონილობის, პროპორციულობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით.

4.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. როგორც ირკვევა, მსჯავრდებული ი. მ–სი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ექცევა კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოთხოვნილია ი. მ–სის მიმართ 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწლობრივ პირობით ჩათვლა. შესაბამისად, კასატორს აწევს ტვირთი, დაასაბუთოს, რომ გამოყენებული სასჯელის ზომა აშკარად არ პასუხობს სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნას და გამოკვეთოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლის წინაპირობა.

4.4. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ სახელმძღვანელო სამართლებრივ დებულებებსა და პრინციპებს, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამასთან, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით აღიარებულია სასჯელის გენერალური და კერძო პრევენციის ფუნქცია, რომლის თანახმადაც: „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. აღსანიშნავია, რომ სასჯელის სამართლიანობა გულისხმობს შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის გამოსადეგობასა და პროპორციულობას ზემოაღნიშნულ სასჯელის მიზნებთან მიმართებით. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს სწორედ სასჯელის თანაზომიერების პრინციპს და ადგენს: „სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. სასჯელის პროპორციულობა, თავის მხრივ, ნიშნავს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

4.5. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა: ი. მ–სის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მის მიერ ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, კერძოდ - განზრახ მკვლელობა, რაც ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივი საშიშროებით; ამ ტიპის დანაშაულების შემდგომი პრევენცია კი საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ი. მ–სმა შურისძიების მოტივით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა იარაღის (თოფის) გამოყენებით), წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები; ი. მ–ის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის ის გარემოებები, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; სააპელაციო სასამართლომ კი სათანადო ყურადღება მიაპყრო დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და საქმის ინდივიდუალური მოცემულობის გათვალისწინებით, გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიიჩნია, რომ ი. მ–სს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს მუხლის სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, რაც, პალატის აზრით, სამართლიანი და კანონიერია, ასევე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

4.6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, ხოლო საკასაციო საჩივარში მოცემულ გარემოებებთან მიმართებით დამატებით აღნიშნავს: სასჯელის დანიშვნისას თანაბრად გასათვალისწინებელია, როგორც სასჯელის შემსუბუქების, ისე დამძიმების კუთხით არსებული ინდივიდუალური გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე მიუთითებს დანაშაულის აღიარებასა და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობას, მის წვლილს გამოძიების მიერ მტკიცებულებათა მოპოვებაში და ითხოვს ამ გარემოებათა გათვალისწინებით, მსუბუქი სასჯელის ზომის გამოყენებას. სააპელაციო სასამართლომ მიიღო კიდეც მხედველობაში მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, როგორც სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუმცა საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნებთან შესაბამისი სასჯელის ზომის შერჩევა უნდა მოხდეს საქმის ინდივიდუალურ გარემოებათა ერთობლივი გათვალისწინებით. მოცემულ საქმეში გამოკვეთილია ჩადენილი დანაშაულისა და მასში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ჩადენა ისეთი საშუალებით (იარაღის გამოყენებით), რაც კანონით გათვალისწინებული სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა, ასევე დამდგარი მძიმე შედეგი. ამდენად, აღნიშნული გარემოებები ერთობლივად მიუთითებენ სასჯელის ისეთი ზომის შერჩევის აუცილებლობას, რაც, გარკვეულწილად, სამართლიან ბალანსს დაადგენს სასჯელის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა შორის და ყველაზე უკეთ მოემსახურება სასჯელის მიზნების ეფექტიან მიღწევას. მოცემულ საქმეში იკვეთება მინიმალური სასჯელის ზომის გამოყენების არაეფექტიანობის მიმანიშნებელი მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლა, ასევე არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები, რამაც განაპირობა კიდეც ყველაზე მსუბუქსა და მკაცრ სასჯელს შორის, ადეკვატური სასჯელის - 9 წლით თავისუფლების აღკვეთის შერჩევა. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად დანაშაულის აღიარებისა და გამოძიების მიმდინარეობისას მსჯავრდებულის აქტიური თანამშრომლობისა, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საშიშროება და მასში გამოვლენილი მოვალეობათა დარღვევის სიმწვავე, უსამართლოდ აქცევს სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის მექანიზმის გამოყენებას, კერძოდ: მსჯავრდებულის ქმედების შედეგად გამოწვეული მძიმე შედეგი და თავად ქმედების მაღალი საშიშროება სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს სასჯელის მიზნებთან თანაზომიერად მკაცრი სანქციის შერჩევას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის გენერალური და კერძო პრევენციის ფუნქცია განსახილველ საქმეში შესაძლებელია, აღსრულდეს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის მკაცრი იზოლაციის პირობებში მოხდის გზით და არსებული მოცემულობა, როდესაც მწვავედ დგას მაღალი საშიშროების მქონე დანაშაულზე სახელმწიფოს ადეკვატური რეაქციის გამოხატვის აუცილებლობა, ნაწილობრივ პირობითი მსჯავრის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს სასჯელის მიზნების მისაღწევად შესაფერის ღონისძიებას.

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოაჩინა განაჩენის უკანონობის მტკიცების გონივრული საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ყველა რელევანტური გარემოება, დაცულია სასჯელის დანიშვნისას სახელმძღვანელო კანონის მოთხოვნები, სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის პრინციპები, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. მ–სის ადვოკატ შ. ხ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე