Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-150-846-03 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 25 ნოემბერს ნ. ფ-მა მ. ბ-ისა და ნ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა მ. ბ-ისა და ნ. გ-ს შორის 2001წ. 10 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

მას მ. ბ-ის წინააღმდეგ აღძრული ჰქონდა სარჩელი, წყლის ჩამოშვების გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ვიდრე მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული (საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2001წ. 20 დეკემბერს და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 980 ლარი), მან იმ მოსაზრებით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება არ მიქცეულიყო მოპასუხის სახელზე რიცხულ ბინაზე, ეს ბინა მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისა თავის შვილზე, ნ. გ-ზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის მიერ შვილისადმი ბინის ჩუქება არ არის მოჩვენებითი ხელშეკრულება. ბინის ჩუქების დროს მოსარჩელე მისი კრედიტორი არ ყოფილა. თავისი შვილი, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მასთან არ ცხოვრობდა, ამ ბინის კეთილსინდისიერი შემძენია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 5 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ სადავო ბინის კანონიერი მფლობელი იყო მ. ბ-ე. ბინის გაჩუქება მოხდა 2001წ. 10 ოქტომბერს. ბინის გაჩუქების დროს რაიმე ვალდებულება ნ. ფ-ის მიმართ მას არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ს 170-ე, 524-ე და 183-ე მუხლის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილი იყო და არ არსებობდა მისი ბათილობის საფუძველი.

2003წ. 4 ივნისს ნ. ფ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით, რაც იმაში გამოიხატება, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 54-ე მუხლი და 56-ე მუხლის პირველი ნაწილი. მისი მოსაზრებით, 2001წ. 10 ოქტომბრის ნაჩუქრობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით მართლსაწინააღმდეგო გარიგებას, რადგან არღვევს კანონით დადგენილ წესს. ეს ხელშეკრულება დადებულია იმ მიზნით, რომ იგი პასუხისმგებლობას გაექცეს და გადაწყვეტილება აღუსრულებული დარჩეს.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 170-ე მუხლი. მ. ბ-ემ ბოროტად გამოიყენა მესაკუთრის უფლება და შელახა კრედიტორის უფლებები. ბინის გაჩუქება მოახდინა მას შემდეგ, როცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 8 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ბ-ისათვის 980 ლარის დაკისრების შესახებ და ამ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა.

მისი მოსაზრებით, ნ. გ-ი სკ-ს 159-ე მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ მფლობელად, ვინაიდან შეძენის ფაქტის მიმართ მისი დამოკიდებულება არაკეთილსინდისიერია. გამჩუქებელიც და დასაჩუქრებულიც მიზნად ისახავდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შეშლას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 524-ე მუხლის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ჩუქების საგანს წარმოადგენს ისეთი ქონება, რომელზედაც საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, ჩუქების ხელშეკრულებისათვის სავალდებულოა ამ ფორმის დაცვა.

მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრემ დასაჩუქრებულს მისი თანხმობით უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებად ქონება, ქონების გადაცემა ფაქტობრივად მოხდა. ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულება შეეხებოდა უძრავ ნივთს სკ-ს 183-ე მუხლის შესაბამისად ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიალურად და შემძენის რეგისტრაცია მოხდა საჯარო რეესტრში.

აქედან გამომდინარე, გაჩუქება ნამდვილია.

არასწორია კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ დასაჩუქრებული არ არის კეთილსინდისიერი მფლობელი, ხოლო გამჩუქებელმა ბოროტად გამოიყენა მესაკუთრის უფლება.

სკ-ს 159-ე მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრების ისეთი სარგებლობა რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

მოცემულ შემთხვევაში როგორც გამჩუქებელი, ისე დასაჩუქრებული კეთილსინდისიერ მფლობელად გვევლინებიან. გაჩუქებულ ბინას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე გამჩუქებელი მართლზომიერად ფლობდა. გაჩუქების შემდეგ გაჩუქებული ნივთი მართლზომიერად აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე.

მ. ბ-ის მიერ ბინის გაჩუქების ფაქტი უფლების ბოროტად გამოყენებადაც ვერ ჩაითვლება, ვინაიდან სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მას სრული უფლება გააჩნდა კანონისმიერი, ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად განეკარგა ეს ქონება.

მოცემულ შემთხვევაში თვით კასატორი მიუთითებს, რომ მესაკუთრემ ჩუქების ხელშეკრულება მხოლოდ იმისთვის გააფორმა, რომ დაეცვა თავისი ქონება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შესაძლო ხელყოფისაგან (რათა აღსრულება არ მიქცეულიყო მოვალის ბინაზე). ასეთ ვითარებაში კასატორი თვითონვე მიუთითებს მესაკუთრის ინტერესების უპირატესობაზე. კერძოდ იმაზე, რომ ბინაზე ჩუქების ხელშეკრულება იმიტომ გაფორმდა, რომ არ მომხდარიყო ვალის დაფარვის მიზნით მისი რეალიზაცია. თუნდაც ამ მიზნით მომხდარიყო მოპასუხის მიერ ბინის გაჩუქება ეს გარემოება მაინც ვერ გახდება ამ ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, ვინაიდან სკ-ს 524-ე მუხლის შესაბამისად ჩუქების მოტივს, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს და ამ ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ წინამდებარე ჩუქების ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან იგი დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

სკ-ს 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსაჩვენებლად დადებული ხელშეკრულება მართლაც შეიძლება ბათილი იყოს, მაგრამ მოჩვენებითობის მოტივით ჩუქების ხელშეკრულების ბათილად მიჩნევისათვის აუცილებელია ამ ხელშეკრულების მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშეE დადების ფაქტის დადგენა. ანუ იმის დადგენა, რომ ჩუქების ხელშეკრულებას სინამდვილეში არ ჰქონია ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა, ხოლო ის გარემოება, რომ მ. ბ-ემ მისი ქონების გაჩუქება მოახდინა ანგარების მიზნით (რათა არ მომხდარიყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებად მოქცევა მის ქონებაზე) არ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა ჩუქების მოტივს მნიშვნელობა არა აქვს ჩუქების ნამდვილობისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება არ არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს (იგი დადებული არ არის მოტყუებით, ძალადობით, ცდომილებით, თვალთმქცურად დადგენილი წესის ან აკრძალვების გვერდის ავლით და ა.შ); არ არღვევს საჯარო წესრიგს (ვნებას არ აყენებს სახელმწიფოს, საზოგადოებრივ ან ხელშეკრულების კონკრეტულ მონაწილეთა ინტერესებს და ა.შ); ასევე არ არღვევს ზნეობის ნორმებს, არ ითვალისწინებს ზნეობით აკრძალული მოქმედების შესრულებას.

აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია 2001წ. 10 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილად და სწორად დატოვა უცვლელად მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 5 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.