გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-152-848-03 28 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: მამობის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-მა 2002წ. თებერვალში განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ 2001 წელს გარდაცვლილი ტ. ე-ა იყო მისი მამა. ნ. მ-მა განცხადებაში მიუთითა, რომ იგი 1953 წელს შეეძინათ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. ტოროსიანცსა და ტ. ე-ას. მასზე ტ. ე-ა გარდაცვალებამდე ზრუნავდა, შვილად თვლიდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ნ. მ-ის მამა იყო ტ. ე-ა.
ტ. ე-ას დამ ლ. მ-ემ განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. სასამართლომ დააკმაყოფილა ლ. მ-ის განცხადება და განაახლა საქმის წარმოება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა – ჭ. ე-ა აღიარეს ნ. ტ-ი-მ-ის მამად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. მ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ის სარჩელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული სკ-ს ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მან დააკმაყოფილა ნ. მ-ის სარჩელი, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია.
სკ-ს 1190-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი აწ გარდაცვლილი ტ. ე-ას მიერ მოსარჩელის მამობის აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულება. ვინაიდან სსკ-ს 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ნ. მ-ს, მაგრამ მან ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ ტ. ე-ა შვილად აღიარებდა, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მისი სარჩელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქმეში მოიპოვება იმის უტყუარი მტკიცებულებები, რომ ტ. ე-ა და მისი დედა კასატორის დაბადებამდე ერთად ცხოვრობდნენ. მას ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა როგორც ტ. ე-ასთან, ისე _ მის ნათესავებთანაც. ტ. ე-ა მას რომ აღიარებდა შვილად, ეს პროცესზე დაადასტურა ტ. ე-ას ძმამ დ. ე-ამ. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები. ტ. ე-ას სურდა კასატორის სასარგებლოდ შეედგინა ანდერძი, მაგრამ სოფ.... საკრებულოს ბრალით ვერ მოახერხა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. მ-ი დაიბადა 19....წ. 21 დეკემბერს და იგი რეგისტრირებულ იქნა დედის – ლ. ტ-ის გვარზე. გათხოვების შემდეგ მან აირჩია მეუღლის გვარი _ მეშველიანი. ნ. მეშველიანმა სასამართლოს წესით ტ. ე-ას მამობის დადგენა მოითხოვა მისი გარდაცვალების (ტ. ე-ა გარდაიცვალა 2001 წელს) შემდეგ. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნინელი მეშველიანის დაბადების მომენტისათვის მოქმედი საქართველოს სსრ საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის (1930წ. რედაქციით) 36-ე მუხლით, დედას არ ჰქონდა უფლება სარჩელი აღეძრა სასამართლოში მამობის დადგენისა და ალიმენტის გადახდევინების შესახებ იმ ბავშვის სარჩენად, რომელიც მას შეეძინა იმ პირისაგან, რომელთანაც იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. 1970წ. 1 ოქტომბრიდან სამოქმედოდ შემოღებული საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 51-ე მუხლით კი განისაზღვრა მამობის დადგენის წესი. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობელთა ერთობლივი განცხადების უქონლობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე, თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. იმავე კოდექსის მესამე ნაწილის თანახმად კი მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრების ფაქტს, საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან ბავშვის ერთად აღზრდას, ან რჩენას, ან დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნინელი მეშველიანს სწორედ ამ ნორმის საფუძველზე წარმოეშვა ტ. ე-ას მიმართ მამობის დადგენის მოთხოვნა, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა მოცემული დავის გადასაწყვეტად სკ-ს 1190-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. მ-მა სასამართლოს ვერ წარუდგინა აწ გარდაცვლილ ტ. ე-ას მიერ მამობის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ ლ. ტ-ი და ტ. ე-ა მოსარჩელის დაბადებამდე ერთად ცხოვრობდნენ ან ისინი ასრულებდნენ ბავშვის ერთად აღზრდის მოვალეობას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მითითებას, რადგან პალატამ საერთოდ არ შეაფასა რაიონულ სასამართლოში 2002წ. 17 მაისის სხდომაზე აწ გარდაცვლილი ტ. ე-ას ძმის, დ. ე-ას ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მისი ძმა, ტ. ე-ა, აღიარებდა მოსარჩელის მამობას და ის შვილად ჰყავდა მიღებული. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა მოცემულ საქმეზე რაიონულ სასამართლოში დაკითხული მოწმეებისა და მათ შორის, დურმიშხან ესებუას ჩვენება, კონკრეტულად არ მიუთითა, თუ რატომ არ გაიზიარა აღნიშნული მტკიცებულებები. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს და კანონებს, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.