Facebook Twitter

საქმე N 330100122005477783

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №895აპ.-22 9 დეკემბერი, 2022 წელი

ნ–ე ზ. №895აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ნ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს ... მ/რაიონში, N.. კორპუსში მდებარე ბინა N..-ში, ზ. ნ–ეე სანადირო თოფის დემონსტრირებით მოკვლით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. ნ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განაჩენით ზ. ნ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ. ნ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 29 ივლისს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განაჩენის გაუქმება, ზ. ნ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. გამართლებულმა ზ. ნ–მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ზ. ნ–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტი, კერძოდ: გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ს. ნ–სის 2022 წლის 8 იანვრის შეტყობინება, მის მიმართ თოფის გამოყენებით ჩადენილი მუქარის ფაქტზე. სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ს. ნ–სი, რომელმაც სასამართლოს წინაშე დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია, დააფიქსირა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა ვითარებაში, სად, როდის და რა მოტივით დაემუქრა მას ზ. ნ–ე, კერძოდ: განმარტა, რომ 2022 წლის 8 იანვარს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში და ესაუბრებოდა თავის მეგობარ თ. ძ–ს. საუბრის შინაარსი გაიგო ზ. ნ–მ, რის გამოც გაღიზიანდა, შევიდა თავის საძინებელ ოთახში და გამოიტანა კუთვნილი თოფი, რომელიც დაზარალებულს მიადო თავზე და დაემუქრა მოკვლით. ს. ნ–სის განმარტებით, მუქარის მას ძალიან შეეშინდა და დახმარებისთვის დარეკა 112-ში, რის შემდეგ ზ. ნ–ეე წავიდა ბინიდან და გასვლისას კიდევ ერთხელ დაემუქრა: „დაგხოცავთ ორივესო“. საქმეზე დაიკითხა თ. ძ–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2022 წლის 8 იანვარს, მას დაუკავშირდა ს. ნ–სი და უთხრა, რომ მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, დახმარებისთვის მიმართა პოლიციას. საქმეზე გამოიკითხა ზ. ნ–ეის ბიძაშვილი შ. ნ–ეე, რომელმაც განმარტა, რომ 2022 წლის 8 იანვარს, ღამის საათებში, მის საცხოვრებელ სახლში მივიდა ზ. ნ–ეე, რომელსაც თან ჰქონდა თავისი კუთვნილი სანადირო თოფი, რომელიც შემდგომ, პოლიციის თანამშრომელებმა ამოიღეს. აღნიშნულ საქმეზე, ს. ნ–სის მიერ საქმის ვითარების აღდგენის მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც მას თოფის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ. ნ–ეე. საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად დათვალიერდა ს. ნ–სის მიერ 112-ში შესული ზარის აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, იგი 2022 წლის 8 იანვარს ოპერატორს ატყობინებს, რომ მეუღლე დაემუქრა თოფით, რის გამოც ძალიან შეეშინდა. საქმეზე შედგა შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელში ასახული ინფორმაციაც სრულად არის თანხვდენილი დაზარალებულის გამოკითხვის, დაკითხვის, მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის, აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმებთან და მოწმეების მიერ დაფიქსირებულ ინფორმაციებთან. ამდენად, სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია და არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ზ. ნ–ის ბრალეულობა. გამამართლებელი განაჩენის დასაბუთება, რომ სახეზე არ არის მუქარის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები, ასევე, მსჯელობა, რომ დაზარალებული იყო უგონო მდგომარეობაში და შესაძლოა, სიმთვრალიდან და ზოგადი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვაგვარად ყოფილიყო აღქმული მეუღლის ქმედებები, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაუსაბუთებელია და არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ამასთან, თუკი ჩადენილი დანაშაულის მიუხედავად, სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს ან ზ. ნ–ეეს არ დაუნიშნავს სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, ასეთი მიდგომა ვერ გახდება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ნ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ს. ნ–სის ჩვენებაზე, რომელშიც ის გადმოსცემს 2022 წლის 8 იანვარს განვითარებულ მოვლენებს და განმარტავს, რომ 2022 წლის 8 იანვარს იმყოფებოდა სახლში და სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, პარალელურად ესაუბრებოდა თ. ძ–ის, რომელთანაც აკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობა; მისი განმარტებით, თ–სთან საუბრის შინაარსი მოისმინა სახლში დაბრუნებულმა ზ. ნ–მ, რომელმაც ოთახიდან გამოიტანა შალითაში ჩასმული თოფი, თუმცა დაშლილი იყო თუ არა იგი, არ ახსოვს; მიუშვირა მას, თუმცა არ გადაუტენია და უთხრა, თუ მერამდენედ უნდა ეღალატა მისთვის; დაზარალებული ვერ იხსენებს თუ რას საუბრობდა თ–სთან და რა მოისმინა ზ. ნ–მ, რადგან სიმთვრალიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, უკონტროლო მდგომარეობა ჰქონდა; მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ღირსი იყო მოკვლის, დარწმუნებული იყო, რომ ზ. ნ–ე მას არ მოკლავდა, თუმცა იარაღის დამიზნების მაინც შეეშინდა; დაზარალებულის ჩვენებით, მას არ ახსოვს, რა განუცხადა 112-ის ოპერატორს; 31 დეკემბრიდან მოყოლებული, ყოველდღე სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც დედაც კი წასული იყო სახლიდან, ვინაიდან მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა არ შეეძლო; ძმის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მას აღენიშნება ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები, პერიოდულად ესაჭიროება მკურნალობა და იმ დროს მკურნალობის კურსი ახალი დასრულებული ჰქონდა, თუმცა ალკოჰოლის მიღება მისთვის არ შეიძლება. ზ. ნ–სთან 13 წელია დაქორწინებულია და მას ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია; ზ. ნ–ე სთხოვდა მშვიდად დაშორებულიყვნენ და „შარში“ არ გაეხვია, თუმცა არც თ-ს ანებებდა თავს და არც ზ-ს შორდებოდა.

5.4. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ ს. ნ–სი ვერ ადასტურებს, თუ რაში გამოიხატა მუქარის შინაარსი, ასევე უარყოფს იარაღის დემონსტრირებისას მოკვლის შიშის განცდას. ცხადია, რომ დაზარალებულის ჩვენების შინაარსი არ განამტკიცებს ბრალდებას, უფრო მეტიც: დაზარალებული თავად ვერ გამორიცხავს 2022 წლის 8 იანვარს მის მიერ ფაქტების არასწორ აღქმას და საუბრობს ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებზე, რასაც უმწვავებდა ალკოჰოლის მიღება. საგულისხმოა, რომ დაზარალებული ადასტურებს მეუღლის მხრიდან იარაღის დამიზნების ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ ზ. ნ–ს იარაღი არ გადაუტენია და დარწმუნებული იყო, რომ არ მოკლავდა. ამდენად, დაზარალებული ფაქტებს არადამაჯერებელად ხსნის, მისი ჩვენება არამყარი ვარაუდების შემცველია, რის გამოც ვერ გამოდგება ზ. ნ–ეის წინააღმდეგ ბრალდების დადგენილებაში ასახული გარემოებების დასადგენად უტყუარობის მაღალი ხარისხით.

5.5. საქმეში წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება, რაზეც ბრალდების მხარე მიუთითებს, არსებითად გამომდინარეობს დაზარალებულის ნაამბობიდან და თავისი შინაარსით ირიბია. საყურადღებოა ის გარემოება, რომ 112-ში შეტყობინების ოქმის და მოწმე თ. ძ–იის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის წყარო თავად დაზარალებულია, რომელმაც არ დაადასტურა ამ მტკიცებულებებში აღწერილი გარემოებები. შესაბამისად, ირიბი მტკიცებულება, რომელმაც უნდა გაამყაროს ძირითადი - პირდაპირი მტკიცებულება და აამაღლოს მისი სარწმუნოობის ხარისხი, მოცემულ შემთხვევაში არ შეესაბამება პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულის ჩვენებას. რაც შეეხება მოწმე შ. ნ–ეის ჩვენებას, რომელიც ადასტურებს 2022 წლის 8 იანვარს ზ. ნ–ის მიერ სანადირო თოფის ფლობას, ცალკე აღებული, მუქარის ფაქტის დასადგენად არასაკმარისი მტკიცებულებაა. ზოგადად, არც თავად ზ. ნ–ე უარყოფს სახლიდან იარაღის წაღებას, თუმცა გამორიცხავს მისი გამოყენებით მუქარის ჩადენას. დაზარალებულის პოზიცია კი მუქარის ფაქტთან მიმართებით სავარაუდოა და მტკიცების დაბალი ხარისხით არის გამოხატული, რამდენადაც, დაზარალებულის ნასვამობის გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის სწორად და ზუსტად ვერ აღიქვამდა განვითარებულ მოვლენებს. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენებაში არ არის გამოკვეთილი მუქარის რეალიზების საფუძვლიანი შიშის სუბიექტური ფაქტორი, რაც გამორიცხავს დანაშაულის ამ სავალდებულო ელემენტის არსებობასაც, რამდენადაც მუქარის რეალურობის შეფასებისას სასამართლო უპირველესად სწორედ დაზარალებულის მიერ შიშის აღქმასა და გადმოცემას ეყრდნობა. ამდენად, ბრალდების მხარეს მუქარის დანაშაულის სავალდებულო ელემენტების დასადგენად არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა და გამორიცხავდა აშკარად გამოკვეთილ გონივრულ ეჭვს ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე