Facebook Twitter

ას-154-851-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინაში გადახდილი თანხის კომპენსაცია (ძირითად სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ლ. ლ-ესა და მ. ა-ეს შორის 1999წ. 15 ივნისს გაფორმებული, თბილისში, ... მდებარე ლ. ლ-ის სახელზე რიცხული ოროთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური და მხარეთა შორის დადებული გარიგება, ჩაითვალა იპოთეკის ხელშეკრულებად. სადავო ბინა კვლავ აღირიცხა ლ. ლ-ის სახელზე და იგი დაიტვირთა იპოთეკის ხელშეკრულებით მ. ა-ის სასარგებლოდ. საჯარო რეესტრს დაევალა სათანადო ცვლილებების შეტანა.

საჯარო რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანამდე და გადაწყვეტილების აღსრულებამდე მ. ა-ემ, რომლის სახელზე ჯერ კიდევ ირიცხებოდა სადავო ბინა, იგი 8000 აშშ დოლარად მიყიდა დ. ჯ-ეს. ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, დ. ჯ-ე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არ იქნა რეგისტრირებული, რადგან არსებობდა უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ბინის ძველ მესაკუთრეზე, ლ. ლ-ეზე, აღრიცხვის შესახებ. ამის შემდეგ, დ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა: მ. ა-ისაგან ბინაში გადახდილი 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნება, აღნიშნულ თანხაზე კანონით გათვალისწინებული 1% ლარის დანამატის, სანოტარო წესით დამოწმების ხარჯის 130 ლარისა და ბინის ქირის თვეში 100 აშშ დოლარის, რწმუნებულის ხარჯების – 500 აშშ დოლარისა და მოტყუებით მიყენებული ზიანის 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ მოითხოვა _ თბილისში, ... მდებარე მოპასუხის, მ. ა-ის, საცხოვრებელი და სადავო ბინისათვის ყადაღის დადება. მოპასუხე, მ. ა-ის, მეუღლემ თ. ა-ემ შეგებებულ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, და მოითხოვა ... მდებარე სახლის მის ინდივიდუალურ საკუთრებად ცნობა, ასევე შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში მ. ა-ემ, რომლითაც მოითხოვა, დაევალოს თბილისის საჯარო რეესტრის სამსახურს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სადავო ბინა აღრიცხოს მოპასუხის, ლ. ლ-ის, სახელზე და სადავო ბინაზე იპოთეკის უფლების მქონედ ცნობილ იქნეს დ. ჯ-ე და მისი სარჩელის უზრუნველყოფა მოხდეს სადავო ბინით.

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა შეიტანა სასამართლოში ლ. ლ-აც, მოპასუხედ მიუთითა მ. ა-ე. სარჩელით ლ. ლ-ემ მოითხოვა სადავო ბინის იპოთეკისაგან გათავისუფლება, რადგან ა-ეს გადაუხადა ვალი 6000 აშშ დოლარი.

2001წ. 11 დეკემბერს მოსარჩელე დ. ჯ-ემ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა შეიტანა სასამართლოში, ამჯერად მოპასუხედ მიუთითა – მ. ა-ე, თ. ა-ე, ლ. ლ-ე, მ. ლ-ე, ნ. ხ-ა და მ. კ-ე. დ. ჯ-ემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა, მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 9100 აშშ დოლარი, ანუ ის თანხა, რაც მან გადაიხადა ბინის შეძენისათვის, ასევე - ბინის ქირის გადახდა.

2002წ. სექტემბერში დ. ჯ-ემ კიდევ ერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, ამჯერად მოპასუხეებად მიუთითა თ. და მ. ა-ები, მ. და ნ. ლ-ები, მ. კ-ე. დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში მიუთითა, რომ “იცვლება მოსალოდნელი გადაწყვეტილებისათვის მოსარჩელის მოთხოვნა იმ მხრივ, რომ კომპენსირება უნდა მოხდეს არა ფულადი ანაზღაურებით, არამედ ... მდებარე ბინით, ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბინას უნდა დაედოს ყადაღა.”

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ჯ-ის სარჩელი და მ. ა-ის შეგებებული სარჩელი. დ. ჯ-ესა და მ. ა-ეს შორის 2001წ. 24 აგვისტოს დადებული თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ამავე გადაწყვეტილებით თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 14 დეკემბრისა და უზენაესი სასამართლოს 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით, თბილისში, ... ¹11-ში მდებარე მ. ა-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ბინა, ოპითეკით გადაეცა დ. ჯ-ესა და ამ ბინის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო მის სასარგებლოდ კანონით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა, თბილისში, ... მდებარე ბინის აღრიცხვა ლ. ლ-ის სახელზე და სათანადო ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრში. გადაწყვეტილებით მ. ა-ესა და ლ. ლ-ეს დ. ჯ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ბინის ქირის, 1200 აშშ დოლარის, გადახდა. მოსარჩელე ლ. ლ-ის მოთხოვნა, სადავო ბინის იპოთეკისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა თ. ა-ის შეგებებული სარჩელი – თ. ა-ე ცნობილ იქნა ინდივიდუალურ მესაკუთრედ თბილისში, ... მდებარე სახლის ლიტერ “ბ” ნაწილზე და შესაბამისად, მოეხსნა ყადაღა.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი და საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებებს გააჩნია პრეიუდიციული ძალა, ამასთან მ. ა-ემ არათუ ცნო დ. ჯ-ის სარჩელი სადავო ბინის მისთვის იპოთეკით გადაცემის შესახებ, არამედ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ბინის დ. ჯ-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვა და ბინის რეალიზაციის შედეგად ჯ-ის კუთვნილი თანხის ანაზღაურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინა ერთადერთი რეალური საშუალებაა, რათა მოსარჩელე ჯ-ემ დაიკმაყოფილოს თავისი კანონიერი მოთხოვნა. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა მ. ა-ესა და ლ. ლ-ისათვის სოლიდარულად ბინის ქირის, 1200 აშშ დოლარის, გადახდევინების შესახებ, რადგან მოპასუხეთა ბრალით დარჩა იგი უბინაოდ და იძულებული გახდა დაექირავებინა ბინა.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ., ნ., მ. ლ-ებმა და მ. კ-ემ. ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ა-ემ. ლ-ები და კ-ე ითხოვდნენ გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმებას, ხოლო მ. ა-ე მოითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას მისთვის სოლიდარულად 1200 დოლარის დაკისრების ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა დ. ჯ-ის სარჩელი. იგი ცნობილ იქნა ამჟამად მ. ა-ის სახელზე რიცხული, თბილისში, ... მდებარე ბინის, მესაკუთრედ და დაევალა საჯარო რეესტრს სათანადო ცვლილებების შეტანა. ლ. ლ-ეს დაეკისრა დ. ჯ-ის სასარგებლოდ ბინის ქირის სახით მიყენებული ზარალის, 1200 დოლარის, გადახდა. თ. ა-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა _ იგი ცნობილ იქნა ინდივიდუალურ მესაკუთრედ თბილისში, ... მდებარე სახლის ლიტერ “ბ” ნაწილზე და სახლს მოეხსნა ყადაღა. გაუქმდა იპოთეკის ხელშეკრულება მ. ა-ესა და ლ. ლ-ეს შორის თბილისში ... მდებარე ბინაზე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების პირობებზე დ. ჯ-ესთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ და შემდგომ მისგან მიღებული 8000 აშშ დოლარის მიღება – განაწილების პროცესში მონაწილეობდნენ, როგორც მ. ა-ე, ისე ლ. ლ-ე, მათი ოჯახის წევრები და წარმომადგენლები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მ. ა-ე წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს, მაგრამ მას უფლებამოსილ პირისაგან, ანუ სასამართლოს მიერ მესაკუთრედ ცნობილი, მაგრამ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღურიცხავი ლ. ლ-ისაგან წინასწარ მიღებული ჰქონდა თანხმობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ლ. ლ-ემ, მ. კ-ემ და მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა დ. ჯ-ის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა, მხარეს მიეკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. ბინის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა დ. ჯ-ეს არ დაუყენებია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა იზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, რასაც ის ითხოვდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელით მოპასუხეებისაგან მოითხოვდა სადავო ბინაში გადახდილი თანხის, ბინის ქირისა და გაწეული ხარჯების ანაზღაურებას სულ – 9100 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდას. 2002წ. სექტემბერში მოსარჩელე დ. ჯ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა თანხის კომპენსაცია მოხდეს სადავო ბინით. მოსარჩელეს მოთხოვნა სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დ. ჯ-ე ცნო სადავო ბინის მესაკუთრედ, რაც მას არ მოუთხოვია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი დ. ჯ-ესა და მ. ა-ეს შორის დადებული ხელშეკრულება. ა-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული სადავო ბინა იპოთეკით გადაეცა დ. ჯ-ეს, ხოლო ამ ბინის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო ჯ-ის სასარგებლოდ კანონით დადგენილი წესით. დ. ჯ-ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია ე.ი. იგი თანახმა იყო სადავო ბინა მის სასარგებლოდ დატვირთულიყო იპოთეკით და კანონით დადგენილი წესით რელიზაციის შედეგად მიეღო ანაზღაურება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ლ. ლ-ემ და მ. ა-ემ. ასეთ პირობებში, გაუგებარია, რის საფუძველზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ დ. ჯ-ის მესაკუთრედ ცნობაზე.

აღნიშნული საპროცესო ნორმის დარღვევამ გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ვინაიდან საქმეზე არ არის ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დადგენილი, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას. საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ დავა უნდა განიხილოს სააპელაციო საჩივრების ფარგლებში და ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ლ-ის და მ.კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.