ას-155-853-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “თ.” სარჩელი აღძრა შპს “ფ. ....-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა თავდებობის საგნის რეალიზაცია შემდეგი საფუძვლით: 2000წ. 21 აპრილს სს “გ. ქ. ბ.” და ა. ბ-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა მიიღო 538,200 აშშ დოლარი. საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით გირაოთი დაიტვირთა სს “თ.” მფლობელობაში არსებული სს “გ.” 538.819 ცალი აქცია, რომლის ღირებულება 730000 აშშ დოლარს შეადგენს.
2000წ. 20 აპრილს შპს “ფ. ....-ის” დირექტორს დ. ლ-სა და სს “თ.” შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს-ს თავდებად დაუდგა ბანკს სს “გ.” აქციების სანაცვლოდ მრავალწლიანი ქართული ბრენდით, რომლის ღირებულება შეადგენს 730000 აშშ დოლარს.
ა. ბ.მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ორჯერ აუქციონის უშედეგოდ ჩატარების შემდეგ, გირაოს საგანი – აქციები “გ. ქ. ბ.” საკუთრებაში გადაეცა.
აღნიშნულის გამო მოსარჩელემ მოითხოვა თავდებობის საგნის რეალიზაცია აქციების ღირებულების (730000 აშშ დოლარი) აღდგენის მიზნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2000წ. 16 იანვარს იგი შეხვდა “თ.” მმართველს და თხოვა სესხის გამოყოფა. მმართველმა სესხის სანაცვლოდ თავდებობის ხელშეკრულების დადება მოთხოვა, რის შემდეგაც გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება 22000 დეკალიტრ კონიაკზე, რომელიც სს “დ. ს. და ე.” ქარხანაში. თავდებობის ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად კონიაკი უნდა გაფორმებულიყო “თ.”, რაც არ შესრულებულა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 1 თებერვლას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს “გ. ქ. ბ.” სარჩელი დაკმაყოფილდა და ა. ბ-ს “გ. ქ. ბ.” სასარგებლოდ დაეკისრა 585 975 აშშ დოლარის გადახდა. იმავე გადაწყვეტილებით ა. ბ-ზე დაკისრებული თანხის ამოღება უნდა განხორციელებულიყო “თ.” საკუთრებაში არსებული სს “გ.” 538169 ცალი აქციის აუქციონზე რეალიზაციით. აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია, ე.ი. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულება შესრულებულია. სასამართლომ მიუთითა სკ-ს 893-ე მუხლზე, რომლითაც თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. კონკრეტულ შემთხვევაში იმის გამო, რომ არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, არ არსებობს თავდების ვალდებულებაც. 892-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის აუცილებელია თავდების წერილობითი განცხადება, რაც “თ.” ვერ წარმოადგინა. თავდებობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო თავდებობის ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესრულება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე კონსიგნაციით შესყიდული მრავალწლიანი ქართული ბრენდი უნდა გაფორმებულიყო ბანკის სახელზე. ხელშეკრულების ეს პირობა არ შესრულდა, რის გამოც თავდებობით უზრუნველყოფილი ვალდებულების წარმოშობასაც არ ჰქონია ადგილი. 2000წ. 20 აპრილს თავდებობის ხელშეკრულების 1.1 პუნქტით თავდები ბანკის წინაშე თავდებობდა მხოლოდ სამი თვით, მოსარჩელემ კი სარჩელი თავდების წინააღმდეგ აღძრა 2003წ. 17 იანვარს, ე.ი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ თავდებობის საგანი უკვე რეალიზებულია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “თ.”. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (ნორმები თავდებობის შესახებ). ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის გარემოებანი, რა გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი და ისე მიიღო საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საოლქო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას არ დაადგინა მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იურიდიული კვალიფიკაცია) და ისე მიიღო გადაწყვეტილება. პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძვლებში იგულისხმება კანონის ნორმა, რომელიც განსაზღვრული პირობების (ფაქტობრივი გარემოებები) არსებობისას ერთ მხარეს ანიჭებს უფლებას მეორე მხარისაგან მოითხოვოს შესრულება (სამართლებრივი შედეგი). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის 3.5, პუნქტით თუ სს “თ.” აქციონერმა და ამავე დროს “გ. ქ. ბ.” მსესხებელმა ა. ბ-მა ვერ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით (2000წ. 21 აპრილის ხელშეკრულება) გათვალისწინებული ვალდებულება – მოგირავნე (გ.ქ.ბ.) ახორციელებს თავის უფლებას გირავნობის საგანზე (სს “გ.” აქციები), თავის მხრივ მოქმედებაში მოდის ბანკის (სსა “თ.”) უფლება განახორციელოს თავდებობის საგნის რეალიზაცია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე მოსარჩელესა (კრედიტორს) და მოპასუხეს შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რის (სკ-ს 316-ე მუხლის პირველი ნაწილი) საფუძველზეც კრედიტორს უფლება აქვს მოვალეს (მოპასუხეებს) მოთხოვოს შესრულება.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სკ-ს 892-893-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა. მართალია, მხარეებმა 2000წ. 20 აპრილს ხელშეკრულებას უწოდეს თავდებობა, მაგრამ იგი თავისი შინაარსით არ შეესაბამება ამავე კოდექსის 891-ე მუხლით დადგენილ თავდებობის დეფინიციას.
პალატა თვლის, რომ, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონდარღვევითაა გამოტანილი, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევით უნდა დაადგინოს მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებანი და შემდეგ მისცეს მას სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უნდა დაადგინოს მხარეებმა ხელშეკრულებით რა უფლებები და ვალდებულებები იკისრეს. მოხდა თუ არა ამ პირობათა დადგომა და ხელშეკრულების შეუსრულებლობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “თ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.