Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-15-718-03 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ქირის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ო. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ც. ს-ისა და მ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მ. კ-ის გამოსახლება თბილისში, ... მდებარე ბინიდან, აგრეთვე მოითხოვა 400 აშშ დოლარის გაქვითვა ც. ს-ისათვის ქირაში გადახდილი თანხის ოდენობაში, ექვსი თვის ბინის ქირის 600 ლარისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრება შემდეგი საფუძვლით: 1998 წელს 2700 აშშ დოლარად შეიძინა თბილისში, ... მდებარე ბინა, ვინაიდან ბინა იყო უკანონო ნაგებობა, ნასყიდობის ხელშეკრულება ოფიციალურად არ გაფორმებულა. იმავე წელს ზეპირი გარიგების საფუძველზე ბინა 500 აშშ დოლარად მიაგირავა ც. ს-ეს, რომელსაც თანხის დაბრუნების შემდეგ დაუბრუნდა ბინა. მან შეძლო 100 აშშ დოლარის დაბრუნება ს-ისათვის, მაგრამ შემდეგ როცა აპირებდა დარჩენილი 400 აშშ დოლარის მიცემას და ბინის უკან დაბრუნებას, გაიგო, რომ ს-ეს მისი ბინა 1250 აშშ დოლარად მიუყიდია მ. კ-ისათვის. ამ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ს-ე სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ. დღეისათვის სადავო ბინაში ცხოვრობს კ-ი, ხოლო თვითონ იძულებულია იქირაოს ბინა და გადაიხადოს ქირა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით ო.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. კ-ი გამოსახლდა სადავო ბინიდან, ო.მ-ს უარი ეთქვა ც. ს-ის მიერ ქირის გადახდით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ს-ემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 მარტის განჩინებით ც. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ც. ს-ეს არ ჰქონდა ო. მ-ის მფლობელობაში არსებული ბინის გაყიდვის უფლება; მ-სა და ს-ეს შორის გაფორმდა ზეპირი გირავნობის ხელშეკრულება, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ს-ემ მ-ის ბინა გაასხვისა კ-ზე. მიიჩნია რომ მ. კ-ი არის ბინის არაკეთილსინდისიერი მფლობელი და მ-ს, როგორც ბინის კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს ახალ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. ს-ემ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არ დანიშნა გრაფიკული ექსპერტიზა, რომელიც ნათელს მოჰფენდა საქმეს. მ-ს მისთვის დასაბრუნებელი აქვს 400 აშშ დოლარი. სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და სადავო ბინა მას არ მიაკუთვნა. ო. მ-ს ც. ს-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 400 აშშ დოლარის გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ც. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, როგორც დაუშვებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ო. მ-ს სარჩელით ორი მოთხოვნა ჰქონდა: კ-ის გამოსახლება სადავო ბინიდან და ც. ს-ისათვის თანხის დაკისრება. სასამართლოს გადაწყვეტილებით მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მხოლოდ კ-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში, ხოლო ს-ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით. კ-ი არ ასაჩივრებს მისი ბინიდან გამოსახლების საკითხს, ხოლო ს-ეს გადაწყვეტილებით არაფერი დაკისრებია მისთვის თანხის დაკისრების ნაწილში მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ც. ს-ემ ფაქტობრივად მოიგო პროცესი. ამდენად, მას როგორც მოგებულ მხარეს უფლება არა აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება, თვითონ ს-ეს რაიმე მოთხოვნა შეგებებული სარჩელით დაყენებული არ ჰქონია.

აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ც. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი, როგორც დაუშვებელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.