საქმე N 330100122005709847
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №964აპ-22 8 დეკემბერი, 2022 წელი
ც–ი კ., 964აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით კ. ც–ი (პირადი ნომერი ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები: 2022 წლის 20 მარტს, თ–ში, .........ს გზატკეცილის N...-ში მდებარე ბინა N..-ში, ოჯახური კონფლიქტის დროს, კ. ც–მა არასრულწლოვანი შვილების: 2013 წელს დაბადებულ ბ. ც–სა და 2015 წელს დაბადებულ ნ. ც–ის თანდასწრებით, იძალადა მეუღლის - ლ. ო–ის მიმართ, კერძოდ: ჯერ მარჯვენა მუშტი ჩაარტყა ცხვირის არეში, შემდგომ მარცხენა ხელით თმაში წვდა და მოქაჩა და ბოლოს, მარჯვენა მუშტი გაარტყა სახის მარცხენა ნაწილში. დაზარალებულმა ლ. ო–სმა სახის არეში მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2022 წლის 20 მარტს, თ–ში, ..........ის გზატკეცილის N...-ში მდებარე მაღაზია ,,.......ში“, კ. ც–იმა იძალადა მეუღლეზე - ლ. ო–ზე, კერძოდ: მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ლ. ო–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2022 წლის 20 მარტს, თ–ი, ...........ის გზატკეცილის N...-ში მდებარე ბინა N..-ში, ოჯახური კონფლიქტის დროს, კ. ც–ი არასრულწლოვანი შვილების: 2013 წელს დაბადებულ ბ. ც–სა და 2015 წელს დაბადებულ ნ. ც–ს თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ. ო–ს, კერძოდ: კ. ც–მა ლ. ო–ს უთხრა, რომ მოკლავდა და გაიწია მისკენ. ლ. ო–სმა მუქარა აღიქვა რეალურად და მისი რეალიზების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ კ. ც–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. პროკურორმა თამარ კერესელიძემ 2022 წლის 8 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 აგვისტოს განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: კ. ც–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. პროკურორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული მსუბუქი სასჯელი ვერ პასუხობს ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფისათვის დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ: პროკურორის განმარტებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“, პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმი ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით. აღნიშნულ საქმეში, სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური დანაშაულების განსაკუთრებულ სიმძიმეს და განმარტა, რომ ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ყველა წევრ სახელმწიფოს ეხება და რომელიც არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხშირად პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში ხდება. მითითებულ საქმეში, დაზარალებულები მოძალადის მიმართ შეტანილ საჩივრებზე უარს ამბობდნენ, ხოლო თურქეთის კანონმდებლობა არ იძლეოდა მოცემულ ვითარებაში სამართალწარმოების გაგრძელების საშუალებას, რადგან ქმედებები არ იწვევდა ავადმყოფობასა და შრომისუნარიანობის დაკარგვას 10 დღეზე მეტხანს. მოძალადის დანაშაულებრივი ქმედებები მსხვერპლის სიკვდილით დასრულდა, ხოლო სასამართლომ განმარტა, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იმ პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც მოითხოვდა ოჯახური დანაშაულის ყველა ფორმის დასასჯელად სისტემის შექმნასა და ეფექტიან ამოქმედებას. პროკურორის პოზიციით, იმისათვის, რათა არ წახალისდეს ძალადობრივი ქმედებები და საზოგადოებას არ გაუჩნდეს დაუცველობის განცდა, აუცილებელია, ასეთი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულები უმკაცრესად დაისაჯონ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში. საქმე „ც–ი თურქეთის წინააღმდეგ“ (Civek v. Turkey, 23/02/2016), შეეხებოდა ოჯახში ძალადობის ფაქტს, როდესაც, მართალია, დააკავეს განმცხადებლის ქმარი, თუმცა, სასამართლოს ბრძანებით, მას დაევალა, რომ თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისაგან. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ კი ქალბატონი ც–ი მეუღლემ მოკლა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ქალბატონი ც–ს მეუღლის პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ, სახელმწიფომ არ მიიღო ზომები, რათა თავიდან აერიდებინა აღნიშნული მკვლელობა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ იცოდა, რომ მსხვერპლი აშკარა და სერიოზული საფრთხის წინაშე იყო. შესაბამისად, დადგინდა კონვენციის მე-2 მუხლის - სიცოცხლის უფლების დარღვევა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ საქმეში ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ (Halime Kilic v. Turkey, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა ხელისუფლებამ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა მოძალადე, რის შედეგად მან საკუთარი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა კონვენციის როგორც მე-2, ისე მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაცვის გარეშე დარჩა. პროკურორს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში კ. ც–ის მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილ ქმედებებს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ძალადობაში გამოიხატა, სასამართლომ დაუსაბუთებლად ლმობიერი მიდგომითა და ასევე, ლმობიერი სასჯელით უპასუხა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა, მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება ვერ იქნება გამართლებული, რადგან პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე მცირდება. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდგომ - 2022 წლის 22 ივნისს, დაზარალებულ ლ. ო–ს მოთხოვნის საფუძველზე, კ. ც–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ 2022 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი არ არის რელევანტური ღონისძიება კ. ც–ს დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კ. ც–ს მიმართ შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. მსჯავრდებული კ. ც–ი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს მოცემული დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარე სადავოდ მიიჩნევს მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის პირობითად ჩათვლის მექანიზმის ეფექტიანობას ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებთან მიმართებით.
4.3. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, რომელიც ექცევა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, დაადგინოს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მსჯავრდებულს განუსაზღვროს ადეკვატური გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლომ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სამართლიანობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები.
4.4. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.5. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულს ალტერნატიულ სასჯელთა შორის განსაზღვრული აქვს სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანშეწონილობას, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად იმსჯელა ყველა იმ გარემოებაზე, რის გამოც მიიჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება პროპორციულ და ლეგიტიმურ მიზნებთან შესაბამის ღონისძიებად. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა გულისხმობს არა მსუბუქი სასჯელის შეფარდებას, არამედ - მისი აღსრულების სპეცალური წესის დადგენას, რა დროსაც საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს მოლოდინი, მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესი ეფექტიანად წარიმართოს მისი საზოგადოებისგან მკაცრი იზოლირების გარეშე, თუმცა სახელმწიფოს კონტროლისა და აქტიური ზედამხედველობის პირობებში. ასეთი ჰუმანური მიდგომა გამართლებული და გამოსადეგია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს წარსული ნასამართლობის ისტორია, დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკი, ხოლო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და დანაშაულის შემდგომი ვითარება არ წარმოშობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის და, შესაბამისად, პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მკაცრი შეზღუდვის აუცილებლობასა და გარდაუვალობას. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას, რომ კ. ც–იმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ეს გარემოება ასახულია კიდეც მსჯავრდებულისათვის შერჩეულ ყველაზე მკაცრ სასჯელის სახესა და ზომაში. გარდა ამისა, 2-წლიანი გამოსაცდელი ვადის განსაზღვრა წარმოადგენს შესაბამის პერიოდში მსჯავრდებულის სათანადო ქცევის კონტროლის ეფექტიან მექანიზმსა და გარანტს. განსხვავებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკისა, რაზეც კასატორი მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დანერგილია პირობითი მსჯავრის აღსრულების საკმაოდ მოქნილი მექანიზმი, სასჯელის პირობითად ჩათვლა არ შეიძლება გაუტოლდეს დასახელებულ პრეცედენტებში მითითებულ სახელმწიფოს უმოქმედობას და შეფასდეს ოჯახური ძალადობის ჩამდენ პირთა კონტროლისა და ზედამხედველობის მიღმა დატოვებად. პროკურორი ვერ უთითებს ვერცერთ რელევანტურ კრიტერიუმს, გარდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გენერალური პრევენციის მიზნებისა, რაც მოცემულ შემთხვევაში მიზანშეუწონლად აქცევდა კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის მექანიზმის გამოყენებას. კასატორის პოზიციის საპირისპიროდ, იკვეთება, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, აღიარა დანაშაული და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საპროცესო რესურსის დაზოგვასა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, შეფარდებული სასჯელის ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას, ამასთან არ არსებობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის უკიდურესი საჭიროება, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის აღსრულება არ წარმოადგენს სახელმწიფოს თვითმიზანს, თუკი დამნაშავის რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის მიზნები მიღწევადია სასჯელის მოხდის ალტერნატიული რეჟიმის პირობებში. რაც შეეხება პროკურორის მითითებას, რომ მოცემულ საქმეზე განაჩენის დადგენის შემდეგ მსჯავრდებულის მიმართ გამოიცა ახალი შემაკავებელი ორდერი - ხსენებულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი არ წარმოადგენს მითითებულ საქმეზე კანონით დადგენილი წესით წარმოდგენილ მტკიცებულებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო კ. ც–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შეფასებისას.
4.6. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე