საქმე N 330100120003424329
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№970აპ-22 13 დეკემბერი, 2022 წელი
ძ–ა რ. №970აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ძ–ა (პირადი ნომერი ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ–ში, .......ს გამზირზე, მ–ს ქუჩის მხრიდან ს–ს ქუჩის მიმართულებით, სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლში, დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა მოტოციკლეტი „იამაჰა“, სახელმწიფო ნომრით ......, რომელსაც მართავდა გ. ტ–მე. მსვლელობისას, როდესაც მიუახლოვდა .........ს გამზირის N..-ს, მის წინ და მარჯვნივ, წარმოსახვითი ღერძულა ხაზიდან დაახლოებით 3 მეტრ მანძილში, შენიშნა გაჩერებული ავტომობილი „ჰონდა ფიტი“, სახელმწიფო ნომრით .........., რომელსაც მართავდა რ. ძ–აა. როდესაც მიუახლოვდა გაჩერებულ ავტომობილს დაახლოებით 5 მეტრ მანძილში, ავტომობილმა ,,ჰონდა ფიტმა“ დაიწყო დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა მისგან მარჯვნიდან მარცხნივ, ბრუნდებოდა წყვეტილ ღერძულა ხაზთან, რა დროსაც გ. ტ–მემ დაამუხრუჭა და მისივე სავალ ზოლში მოტოციკლეტის წინა ნაწილით დაეჯახა ავტომობილს მარცხენა გვერდში. შეჯახების შედეგად გ. ტ–მემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რ. ძ–მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გ. ტ–მემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით რ. ძ–აა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და რ. ძ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 18 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და რ. ძ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან რ. ძ–ს მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლოში გამოკვლეულ იქნა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თ–ში, ..........ის გამზირზე, მ–ს ქუჩის მხრიდან ს–ს ქუჩის მიმართულებით, სავალი გზის მეორე სამოძრო ზოლში დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა მოტოციკლეტი „იამაჰა“, სახელმწიფო ნომრით ......., რომელსაც მართავდა გ. ტ–მე. მსვლელობისას, როდესაც მიუახლოვდა მოსკოვის გამზირის N8-ს, მის წინ და მარჯვნივ, წარმოსახვითი ღერძულა ხაზიდან დაახლოებით 3 მეტრ მანძილში შენიშნა გაჩერებული ავტომობილი „ჰონდა ფიტი“, სახელმწიფო ნომრით ..........., რომელსაც მართავდა რ. ძ-ა. როდესაც მიუახლოვდა გაჩერებულ ავტომობილს დაახლოებით 5 მეტრ მანძილში, ავტომობლმა „ჰონდა ფიტმა“ დაიწყო დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა მისგან მარჯვნიდან მარცხნივ, ბრუნდებოდა წყვეტილ ღერძულა ხაზთან, რა დროსაც გ. ტ–მ დაამუხრუჭა და მისივე სავალ ზოლში მოტოციკლეტის წინა ნაწილით დაეჯახა ავტომობილს მარცხენა გვერდში. შეჯახების შედეგად გ. ტ–მ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. ექსპერტმა გამოიანგარიშა, თუ რა მანძილი იყო საჭირო 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მოტოციკლეტის სრული გაჩერებისათვის მკვეთრი დამუხრუჭებისას, მოცემულ საგზაო პირობებში და დაადგინა, რომ „როდესაც მოტოციკლეტის მძღოლის წინაშე წარმოიქმნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საფრთხე, მაშინ იგი შეჯახების ადგილიდან დაშორებული ყოფილა, დაახლოებით 5 მეტრი მანძილით, ხოლო მოტოციკლეტს სრული გაჩერებისათვის, როდესაც იგი მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით, ესაჭიროება დაახლოებით 31 მეტრი. ცხადია, რომ კონკრეტულ შექმნილ საგზაო ვითარებაში მძღოლ გ. ტ–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ რ. ძ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო“. პროკურორის პოზიციით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (ექსპერტები - დ. დ–ი და ა. ს–ე) ეწინააღმდეგება და არ შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ არ გაიზიარა არც ბრალდების და არც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დასკვნები, ვინაიდან ისინი, სასამართლოს აზრით, ვერ აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს და დამაჯერებელ, არგუმენტირებულ პასუხებს ვერ სცემდა საქმისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა „შეჯახების კონკრეტული ადგილი“. პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ: „მ–ს ქუჩის მხრიდან ს–ს ქუჩის მიმართულებით წყვეტილი ღერძულა ხაზიდან 4,5 მეტრ მანძილში წარმოსახვით ღერძულა ხაზზე ასფალტზე აღინიშნება 0,5 მეტრის ამონაკაწრი“. ექსპერტმა ი. ს–მ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნული ამონაკაწრი მოტოციკლმა დატოვა შეჯახების შემდეგ, როდესაც ინერციით გადაადგილდა წინ და მარცხნივ. შესაბამისად, ექსპერტის განმარტებით, შეჯახება მოხდა მ–ს ქუჩის მხრიდან ს–ს ქუჩის მიმართულებით სამოძრაო გზის მეორე სამოძრაო ზოლში, სადაც მოძრაობდა მოტოციკლი. ი. ს–მემ განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალებების საბოლოო განლაგება მას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც ეს განმარტა გ. ტ–მ. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ამონაკაწრის დასასრულიდან, ჰორიზონტალურად 1,9 მეტრში ს–ს ქუჩის მხრიდან მ–ს ქუჩის მიმართულებით, სავალი გზის შუაში გაჩერებულ მდგომარეობაში დგას ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“ სახელმწიფო ნომრით ......... ავტომანქანა გაჩერებულია ირიბად, წინა მხარე მიმართულია .......ის გამზირის N..-ის მიმართულებით და დაზიანებული აქვს მარცხენა გვერდი. ეს გარემოება სრულად თანხვდენილია სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. თვით რ. ძ–ს განმარტებით, შეჯახების შემდეგ მისი ავტომობილი გადაადგილდა რამდენიმე მეტრით და გაჩერდა. ამდენად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა შეჯახების ადგილი, რაც გაიზიარა ექსპერტმა ი. ს–მ. მან ასევე აღნიშნა, რომ თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი ორი სატრანსპორტო საშუალების ურთიერთკონტაქტის დროს, ისინი გადაადგილდებიან იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც ჰქონდათ შეჯახებამდე. მოცემულ შემთხვევაში მოტოციკლი მოძრაობდა პირდაპირ, ხოლო ავტომობილი გადაადგილდებოდა მარჯვნიდან მარცხნივ და მას მიმართულება ჰქონდა პირდაპირ და მარცხნივ. შესაბამისად, წარმოსახვით ღერძულა ხაზთან არსებული ამონაკაწრი შემთხვევის ადგილზე დარჩა შეჯახების შემდეგ მოტოციკლის წინ და მარცხნივ ვარდნის შედეგად. რაც იმას ნიშნავს, რომ შეჯახება მოხდა ვარდნის წერტილიდან უკან და მარჯვნივ, ესე იგი მ–ს ქუჩიდან ს–ს ქუჩის მიმართულებით სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლში. ასეთ შემთხვევაში მოსამართლის მსჯელობა, რომ არგუმენტირებულად არ დადასტურდა შეჯახების კონკრეტული ადგილი, საფუძველს მოკლებულია. განაჩენში არ არის განმარტებული, რა იგულისმება შეჯახების კონკრეტულ ადგილში. მოცემული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისათვის შეჯახების ადგილი არის სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლი, ღერძულა ხაზიდან დაახლოებით 1,5 მეტრში. რაც შეეხება ზუსტი ადგილის განსაზღვრას, ეს შეიძლება იყოს ღერძულა ხაზიდან 1,55 მეტრი, 1,45 მეტრი, 1,48 მეტრი და ასე შემდეგ. ცხადია, კონკრეტული ადგილის განსაზღვრას სანტიმეტრებისა და მილიმეტრების სიზუსტით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სასამართლოში გამოკვლეული მტიცებულებებით დადასტურდა, რომ შეჯახება მოხდა მეორე სამოძრაო ზოლში, სადაც მოძრაობდა გ. ტ–ე - თავის სავალ ზოლში, ხოლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საფრთხე გ. ტ–ს შეუქმნა რ. ძ–მ მის მიერ განხორციელებული არასწორი მანევრის გამო, რამაც საბოლოოდ გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. რაც შეეხება რ. ძ–აას მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, იგი მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით და ეწინააღმდეგება როგორც სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ასევე - დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას. რ. ძ–ს განმარტებით, იგი დაიძრა ღერძულა ხაზიდან, დაძვრიდან შეჯახებამდე იმოძრავა დაახლოებით 4-5 წამი, დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაანგარიშების მიხედვით, 5 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 2 წამში გადის 2,8 მეტრ მანძილს. ფორმულის მიხედვით, რომლითაც ზოგადად გამოითვლება ავტომობილის გასაჩერებელი მანძილი, მხედველობაში მიიღება სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე, მძღოლის რეაქციის დრო - 1 წამი, მუხრუჭის ამძრავის მოქმედების დრო - 0,2 წამი. აღნიშნული მონაცემების გაანალიზებით მივდივართ დასკვნამდე, რომ რ. ძ–აას ჩვენების მიხედვით მან შეჯახებამდე გაიარა დაახლოებით 6 მეტრი (5 წამში) მანძილი, შეჯახებიდან გაჩერებამდე კი - დაახლოებით 1,4 მეტრი მანძილი. თუ რ. ძ–აას ჩვენება სიმართლეა, მაშინ შეჯახება მომხდარა ს. ქ-ის მხრიდან მ–ს ქუჩის მხარეს სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლში, წარმოსახვით ღერძულა ხაზიდან დაახლოებით 6 მეტრ მანძილში, რის შემდეგაც ავტომობილი გაჩერებამდე გადაადგილდა წინ და მარცხნივ. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ავტომობილი „ჰონდა“ წარმოსახვითი ღეძულა ხაზიდან 1,9 მეტრ მანძილში. ლოგიკურად მივდივართ დასკვნამდე, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განვითარდა ისე, როგორც განმარტა დაზარალებულმა გ. ტ–მემ, რასაც ნაწილობრივ ემთხვევა რ. ძ–ს გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლითაც იხელმძღვანელა ექსპერტმა ი. ს–მ და უნდა ეხელმძღვანელათ ექსპერტებს - დ. დ–სა და ა. ს–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ რ. ძ–მ მოხვევის მანევრი განახორციელა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მან მოხვევა დაიწყო არა ღერძულა ხაზიდან, არამედ - სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლიდან, საფრთხე შეუქმნა მოტოციკლეტით მოძრავ გ. ტ–მეს, ავტომობილით გადაუკეტა სამოძრაო ზოლი, რომელსაც ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დროის სიმცირის გამო, შესაძლებლობა არ ჰქონდა, თავიდან აეცილებინა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა რ. ძ–ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.3. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია რ. ძ–ს პასუხისმგებლობა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რამაც დაზარალებულ გ. ტ–ს ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. განსახილველი დანაშაული ბლანკეტური შინაარსისაა და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დარღვევისას დგინდება მძღოლის პასუხისმგებლობა, განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამასთან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ყოველ კონრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დადგინდეს საქმის გარემოებების საფუძველზე და შესაბამისი საექსპერტო კვლევის შედეგად.
5.4. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში შეფასებულია პროკურორის მიერ მითითებული თითოეული მტკიცებულების ბუნება, მათში ასახული ინფორმაციის წონა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, ასევე არ ვლინდება მტკიცებულების შეფასების საკანონმდებლო სტანდარტის დარღვევა ან ისეთი ხასიათის არსებითი საპროცესო დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის შედეგსა და სასამართლოს დასკვნაზე ბრალდებული პირის უდანაშაულობის თაობაზე.
5.5. საქმისათვის გადამწყვეტ მტკიცებულებას წარმოადგენს ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ავტოსატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, რადგან მხარეთა მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები არ შეიცავს სადავო დანაშაულის კვალიფიკაციის დასადგენად საჭირო და რელევანტურ ინფორმაციას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მხარეებმა წარმოადგინეს ორი კატეგორიული და ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნა, რომლებშიც ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სუბიექტების - რ. ძ–აას და გ. ტ–მის პასუხისმგებლობას, კერძოდ: ავტოტექნიკური ექსპერტიზის N69/ა დასკვნის თანახმად, მძღოლ რ. ძ–აას მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. ასევე, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ გ. ტ–ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება. ხოლო, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად: „მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილ „ჰონდა ფიტის“, სახელმწიფო ნომრით ........ მძღოლზე, რ. ძ–ზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია მოტოციკლ „იამაჰას“, სახელმწიფო ნომრით ......, მძღოლის - გ. ტ–ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა“. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერტმა ი. ს–მ, მისივე განმარტებით, იხელმძღვანელა გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაციით - მძღოლების მოძრაობის სიჩქარის შესახებ და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული გზის პირობების მონაცემების გათვალისწინებით და დაადგინა, თუ რა მანძილი დასჭირდებოდა 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ მოტოციკლის მძღოლს სრული გაჩერებისათვის. ხოლო, ექსპერტებმა - დ. დ–მა და ა. ს–მ კი განმარტეს, რომ მათ შეისწავლეს საქმის მასალები, მათ შორის „იამაჰას“ მძღოლის - გ. ტ–მისა და „ჰონდა ფიტის“ მძღოლის - რ. ძ–აას გამოკითხვის ოქმები, რის შედეგადაც არ გაიზიარეს „იამაჰას“ მძღოლის - გ. ტ–მის მიერ მითითებული ინფორმაცია, რადგან მის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებით, არ შეიძლებოდა ავტოსაგზაო შემთხვევა იმგვარად განვითარებულიყო, როგორც ამას გ. ტ–ე აღწერდა. ექსპერტებმა - დ. დ–მა და ა. ს–მ აღნიშნეს, რომ თუ მოვლენები ისე განვითარდებოდა, როგორც გ. ტ–მე აღწერდა, ვიდრე ავტომობილის მძღოლი მოხვევას განახორციელებდა, მოტოციკლი შეჯახების ადგილს 18 მეტრით უნდა ყოფილიყო გაცდენილი. ამდენად, როგორც ირკვევა, ერთმა ექსპერტიზამ ეჭვქვეშ დააყენა რ. ძ–აას გამოკითხვის ოქმში ასახულ მოვლენათა განვითარების სისწორე, ხოლო მეორე ექსპერტიზის შედეგმა გამოკვეთა გ. ტ–ს გამოკითხვის ოქმში გადმოცემული მონაცემების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
5.6. აღსანიშნავია, რომ თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობების არსებობისას, სასამართლომ ცხადად უნდა განმარტოს მიზეზები, რის გამოც იზიარებს ერთ მტკიცებულებას და გამორიცხავს მეორეს ან წარმოაჩინოს ის საფუძვლები, რის გამოც უარს აცხადებს თითოეული მათგანის გაზიარებაზე. როდესაც საქმე ეხება სპეციალური კვლევის შედეგებს - ექსპერტიზის დასკვნის სახით, მათ შორის წინააღმდეგობათა შეფასებისას, სასამართლოსათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თუ რამდენად უტყუარ ინფორმაციას ეფუძნება თითოეული ექსპერტიზა და ხომ არ ვლინდება მათ შორის საკვლევ ობიექტსა და მეთოდოლოგიას შორის სხვაობა. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სადავოა არა მხოლოდ ექსპერტიზის შედეგები, არამედ საქმის მასალებში არსებული მონაცემები, რომლებიც ექსპერტებს წარედგინათ. საყურადღებოა ის ინფორმაციები, რომლებსაც ექსპერტები კვლევისას დაეყრდნენ, რამეთუ საგზაო მოძრაობის მონაწილე ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობის მახასიათებლები: სიჩქარე, სამოძრაო ზოლი, მოძრაობის ტრაექტორია, მანევრირება და შეჯახების ადგილი წარმოადგენს იმ არსებით მდგენელებს, რის საფუძველზეც იხელმძღვანელეს ექსპერტებმა მეთოდოლოგიური გამოთვლებისას და კონკრეტულ პირთა მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შეფასებისას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა უტყუარი ინფორმაცია ექსპერტისათვის სახელმძღვანელო ზემოაღნიშნულ საკითხებზე, რამდენადაც ფაქტის პირდაპირი მოწმეების - რ. ძ–ასა და გ. ტ–ს გამოკითხვის ოქმები შეიცავდა სადავო და განსხვავებულ ცნობებს მათი მოძრაობის სიჩქარისა და შეჯახებამდე მათი ქმედებების შესახებ.
5.7. ამასთან, გარდა იმისა, რომ ექსპერტებს წარედგინათ ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემების შემცველი გამოკითხვის ოქმები, მათ ფაქტობრივად განსხვავებულად განმარტეს და განსხვავებული მოცულობით გაიზიარეს ისინი, რაც, ბუნებრივია, გავლენას ახდენს მთლიანად საექსპერტო კვლევის მიმდინარეობის ობიექტურობაზე. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა შეჯახების ადგილის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მნიშვნელობაზე, რაც ექსპერტიზის ვერცერთი დასკვნით კატეგორიულად და ცალსახად ვერ დადგინდა. კასატორი მიიჩნევს, რომ შეჯახების ადგილი რ. ძ–ს ავტომობილის მოძრაობის საპირისპირო ზოლია და მნიშვნელობა არ ჰქონდა კონკრეტული შეჯახების ადგილის განსაზღვრას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, რამეთუ მოცემულ საქმეში სადავოა არა ის ფაქტი, რომ რ. ძ–აა ასრულებდა მანევრირებას საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლით, არამედ გადასაწყვეტია - რომელ მძღოლს გააჩნდა საგზაო შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობა და ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო გამოწვეული შედეგისთვის. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივად რელევანტური მიზეზობრივი კავშირის გამოსავლენად მნიშვნელოვანია, უტყუარი და ზუსტი მტკიცებულებით დადგინდეს, თუ რომელი მძღოლის ინდივიდუალური ქმედება წარმოადგენდა მოცემული შედეგის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ეს შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული, რისთვისაც სწორედ ისეთი დეტალების დადგენაა მნიშვნელოვანი, როგორიცაა: მოძრაობის საიჩქარე, მანევრირების წესის დაცვა, შეჯახების ადგილი და ა.შ. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნების სუბიექტური შეფასება, ასევე შეეცადა თავად გაეცა პასუხი ექსპერტიზის დასკვნებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე და გამოეთვალა ისეთი მონაცემები, რაზეც უშუალოდ ექსპერტებს არ უმსჯელიათ ან იმსჯელეს არასრულყოფილად, საქმის მასალებში არსებულ სადავო და განსხვავებულ მონაცემებზე დაყრდნობით. საკასაციო სასამართლო კი აღნიშნავს, რომ საგზაო შემთხვევის მონაწილეთა პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მათ მიერ შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობის შეფასებისას სასამართლოსთვის სახელმძღვანელოა ექსპერტიზის დასკვნა და არა - მხარის შეფასებები. კასატორის მიერ შესრულებული გამოთვლები კი ვერ შეავსებს და მითუფრო, ვერ ჩაანაცვლებს ექსპერტიზის შედეგებს, რადგან მხარე, როგორც პროცესუალურად, ისე ფაქტობრივად, არ წარმოადგენს სპეციალური ცოდნის მქონე სუბიექტს, ვინც უფლებამოსილია კომპეტენტური პასუხი გასცეს საექსპერტო კვლევის საკითხებს. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის დაცვა მოითხოვს, რომ განაჩენი ეყრდნობოდეს არა მხარეთა სუბიექტურ შეფასებებსა და ვარაუდებს, არამედ - უტყუარ და აშკარა მტკიცებულებებს. ამდენად, პროკურორის მსჯელობა ექსპერტიზის დასკვნის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ისეთი ახალი გარემოებებისა და ფაქტების დადგენის შესახებ, როგორიცაა: თუ როგორი სიჩქარით იმოძრავებდა ავტომობილი ან მოტოციკლი და რა მანძილს დაფარავდა ის გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული მონაცემების სისწორის შემთხვევაში, სად მოხდებოდა სავარაუდოდ შეჯახება და ა.შ., სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება უტყუარ მტკიცებულებად, რაც საკმარისი დამაჯერებლობით ახსნიდა ორი ექსპერტიზის დასკვნით მიღებულ არსებით წინააღმდეგობებს. გარდა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებისა, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რაც სამხილებს შორის წინააღმდეგობის პირობებში, ობიექტურად და უტყუარად დაძლევდა წარმოქმნილ ეჭვს მძღოლ რ. ძ–სათვის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგის ობიექტური შერაცხვის შესახებ.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე