Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-160-869-03 4 დეკემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ქ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 1999წ. 15 ივნისს ვ. შ-ასა და ლ. ბ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით: ვ. შ-ა იყო მისი ხანდაზმული ახლობელი ისინი ერთად ცხოვრობდნენ თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ ბინაში. 1996წ. 26 დეკემბრის საანდერძო განკარგულებით მზრუნველობისა და პატრონობის სანაცვლოდ მას შ-ამ ანდრძით დაუტოვა ზემოაღნიშნული ბინა.

1999წ. 15 ივნისს მ. ბ-ისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი თვეში 10% სარგებლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 6 თვე. სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით იმავე დღეს გაფორმდა სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბინის მესაკუთრე შ-ინასა და ლ. ბ-ეს შორის, რომელიც მ. ბ-ის თანამშრომული და ნდობით აღჭურვილი პირი იყო. შ-ას ამ გარიგების დადების დროს არ შეეძლო ანგარიში გაეწია საკუთარი მოქმედებისათვის და ეხელმძღვანელა მისთვის, რადგანაც მძიმე ავადმყოფი იყო. გარდა ამისა, შ-ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ქარცივაძის დახმარებით და ამის გამო გარიგება ნამდვილი არ არის.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ-ის სარჩელი. სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია კანონიერად. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სესხის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითაც მოსარჩელე დაასაბუთებდა, რომ დაიფარა სესხის ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა კანონის დარღვევას ადგილი სანოტარო მოქმედებების შესრულებისას, კანონის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თუ არა აღნიშნული გარიგების ბათილობის საფუძველი გახდეს.

საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით თ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ვ. შ-ასა და ლ. ბ-ეს შორის 1999წ. 15 ივნისს თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ 1999წ. 15 ივნისს შ-ასა და ბ-ეს შორის დადებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია კანონის დარღვევით, რაც სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობის საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-ის წარმომადგენელმა დ. გ-ამ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, არ გამოიყენა სკ-ს 185-ე მუხლი, ასევე, 1998წ. 30 ივნისს დამტკიცებული ნოტარიუსთა ინსტრუქციის მე-5 მუხლი. საქმის განხილვის დროს არ მოიწვია ნოტარიუსი მარშანია, არ გამოიკვლია მტკიცებულებები, მათ შორის ქარცივაძის 2000წ. 16 მარტის ხელწერილი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს რუსული ენის თარჯიმანი ნოტარიუსის მიერ მოწვეული არ ყოფილა, რადგან დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. შ-ა ეროვნებით რუსი იყო და არ იცოდა სახელმწიფო ენა – ქართული. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მხარეს არ განემარტა ხელშეკრულების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წამოყენებული პრეტენზიები არც დამატებითია და არც დასაბუთებული. თვითონ კასატორი არ უარყოფს, რომ შ-ამ არ იცოდა სახელმწიფო ენა და რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს თარჯიმანი მოწვეული არ ყოფილა. კასატორი აღნიშნავს, რომ ქ-ე დაეხმარა შ-ას, ხელი მოეწერა გარიგებაზე ამდენად, თუ დაირღვა შ-ას უფლებები, თვითონ ქ-ემ დაარღვია. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ასეთ მსჯელობას რადგან სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს. ამ მუხლის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის მიერ იქნა კანონი დარღვეული, მთავარია, რომ დაირღვა კანონის, კერძოდ, “ნოტარიუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, სანოტარო მოქმედება სრულდება, სახელმწიფო ენაზე, ასევე _ ამავე მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმად, თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გარიგების მხარის, ვ. შ-ას, მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება ეწინააღმდეგება “ნოტარიუსის შესახებ” კანონს. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ 1998წ. 30 ივნისს დამტკიცებული ნოტარიუსთა ინსტრუქციის მეხუთე მუხლის თანახმად, თარჯიმანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ ნოტარიუსმაც არ იცის ის ენა, რომელსაც ვერ ფლობს პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში კი ნოტარიუსმა იცოდა რუსული ენა. პალატა თვლის, რომ თუნდაც ნოტარიუსს სცოდნოდა რუსული ენა და თარჯიმანი არ მოეწვია, მას ხელშეკრულებაზე უნდა გაეკეთებინა აღნიშვნა, რომ ხელშეკრულების შინაარსი გააცნო ხელშეკრულების მხარეს და განუმარტა მისი შედეგები. ასეთი აღნიშვნა ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე გაკეთებული არ არის.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ბ-ის წარმომადგენლის დ. გ-ას, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.