Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-163-860-03 26 ნოემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 17 სექტემბერს ვ. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. და ვ. ღ-ების მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მესამე პირთან, ი. გ-ესთან ერთად, არიან შპს “ძ. გ-ების” დამფუძნებლები და პარტნიორები. აღნიშნული საზოგადოება წესდებით სხვა საქმიანობასთან ერთად ეწევა სიგარეტის რეალიზაციას.

1998წ. დასაწყისიდან მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობები, კერძოდ ლ. და ვ. ღ-ებს გაჰქონდათ ვ.გ-ესგან სიგარეტი, ხოლო დღის ბოლოს ნავაჭრ თანხას და დარჩენილ სიგარეტს უბრუნებდნენ მოსარჩელეს, გარდა ფასთა სხვაობით მიღებული მოგებისა, რომელიც წარმოადგენდა მოპასუხეების გასამრჯელოს.

2000წ. დასაწყისში მოპასუხეებმა საზოგადოებიდან წაიღეს 600 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რის შემდეგ არც სიგარეტი დააბრუნეს და არც რეალიზაციით მიღებული თანხა, აღნიშნულის გამო ვ. გ-ემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეებზე ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, 600+432 აშშ დოლარის, დაკისრება.

მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი იმ მოტივით, რომ მათ მოსარჩელის ვალი არ აქვთ, თუმცა არ უარყვეს მასთან საქმიანი ურთიერთობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მის სასარგებოდ სოლიდარულად დაეკისრათ 600 აშშ დოლარის და ზიანის 432 აშშ დოლარის, სულ 1032 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და ლ. ღ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით ვ. და ლ.ღ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სსასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.გოქაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ღ-სა და ვ. გ-ეს შორის არსებობდა სკ-ს 709-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა და მხარეთა შორის დადგენილი იყო 710-ე მუხლით გათვალისწინებული გასამრჯელო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მან მოპასუხეებს გადასცა მინდობილი მოქმედების შესასრულებად გარკვეული საქონელი, რომელიც მათ არ დააბრუნეს. აღნიშნულის დასადასტურებლად მხოლოდ საქმის წარმოების ჟურნალები არ არის საკმარისი, რადგან მათში არ არის მოპასუხეთა ხელმოწერები, დრითაც უტყუარად დადგინდებოდა მოსარჩელის წინაშე მათი ვალდებულება, მითუმეტეს, რომ მოპასუხეები ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ვ. და ლ. ღ-ების მხრიდან სკ-ს 715-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების შესასრულებად გადაცემულის უკან დაბრუნების მოვალეობა. ამრიგად, ვ.გოქაძის სარჩელს ეთქვა უარი.

საოლქო სასამართლოს 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილებაზე ვ. გ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა სკ-ს 709-ე მუხლი.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, სხდომაზე მოპასუხემ არ უარყო პროდუქციის გადაცემის ფაქტი, თუმცა უარყო ვალის არსებობა, რომელსაც ვ.გ-ე ადასტურებს შპს-ს ჟურნალებით და მოწმეთა ჩვენებებით.

ვ.გ-ემ მიუთითა, რომ სკ-ს 186-ე მუხლის მეორე ნაწილით მოძრავი ნივთის გადასაცემად სავალდებულოა მხოლოდ შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

ამრიგად, კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და იგი უნდა გაუქმდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 186-ე მუხლი, რომელიც ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა ეს ნორმა, რადგან, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთრობა და დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ნივთს (სიგარეტს) გადასცემდა შემდგომში რეალიზაციის მიზნით, ე.ი. მათ შორის არსებობდა ხელშეკრულების საფუძველძზე წარმოშობილი სამოქალაქო-სამართლებრივი ურფთიერთობა, რომელიც გათვალისწინებულია სკ-ს 319-ე მუხლის პირველი ნაწილით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა 709-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა. პალატა თვლის, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია (დავალების ხელშეკრულება) მიესადაგება მხარეთა შორის არსებულ ვალდებულით-სამართლებრივ ურთიერთობას, რეალურად კი მათ შორის არსებობდა პროდუქციის რეალიზაციის შესახებ მომსახურეობის ხელშეკრულება, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია არსებობდეს სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამართლებრივი საფუძველი – ვალდებულება და ამ ვალდებულების დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცეულებებითა და ექსპერტთა დასკვნით. განხილვის შემთხვევაში მხარემ სასამართლოს წარუდგინა ე.წ. “საქმის წარმოების ჟურნალი”, რომელიც სასამართლომ, სავსებით სწორად, მტკიცებულებად არ გაიზიარა. იგი უტყუარი წერილობითი მტკიცებულება იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ამ საბუთში მოპასუხის ხელმოწერით დადასტურებული იქნებოდა დავალიანების არსებობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა სააპელდაციო პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.