Facebook Twitter

¹ ას-166-857-03 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა (ძირითად სარჩელში); სახლის მესაკუთრედ ცნობა და დაკრძალვის ხარჯების დაკისრება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისში ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხება ს. მაისურაძის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1998წ. 2 სექტემბერს.

ს. მაისურაძის შვილი ჯ. მ-ე 1975 წელს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ქ. მ-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი _ ზ. მ-ე, დაბადებული 19... წელს.

ჯ. მ-ესა და ქ. მ-ეს შორის ქორწინება შეწყდა 1981 წელს. 1984 წელს ჯ. მ-ე დაქორწინდა დ. ა-ე. 19... წელს შეეძინათ შვილი _ ს. მ-ე.

ქ.თბილისის საბურთალოს რ-ნის სასამართლოს 1998წ. 23 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ჯ. მ-ესა და დ. ა-ეს შორის ქორწინება შეწყდა.

1987წ. 30 ივნისს შედგენილი ანდერძით ს. მ-ემ მის სახელზე რიცხული სახლი დაუტოვა შვილს ჯ. მ-ეს.

1998წ. 20 თებერვალს შედგენილი ანდერძის თანახმად ს. მ-ემ აღნიშნული სახლი დაუტოვა რძალს დ. ა-ეს. ს. მ-ის გარდაცვალებიდან ექვსთვიან ვადაში ჯ. მ-ემ შიეტანა განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე. სამკვიდროს მიღებამდე 1999წ. 31 მარტს გარდაიცვალა ჯ. მ-ე.

სამკვიდროს გახსნიდან ათი თვის გასვლის შემდეგ დ. მ-ემ ნოტარიუსში წარადგინა 1998წ. 20 თებერვალს შედგენილი ანდერძი, რომლითაც ს. მ-ე მის კუთვნილ ქონებას უტოვებდა დ. ა-ეს.

2000წ. იანვარში ზ. მ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში დ. ა-ის მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის და სახლის ½1/2 ნაწილზე მემკვიდრეობის უფლებით მიკუთვნების შესახებ.

დ. ა-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სახლის მიკუთვნება და ჯ. მ-ის დაკრძალვაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული 2001წ. 27 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ს. მ-ის სახელით 1998წ. 20 თებერვალს შედგენილი ანდერძი. ზ. მ-ეს მიეკუთვნა სამკვიდრო სახლის 1/2 ½ ნაწილი დ. ა-ეს უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე.

დ. ა-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა გაუქმდა რაიონული საამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ზ. მ-ის სარჩელი და დაკმაყოფილდა დ. ა-ის შეგებებული სარჩელი. ეს უკანასკნელი ცნობილი იქნა სადავო სახლის მესაკუთრედ და მის სასარგებლოდ ზ. მ-ეს დაეკისრა ჯ. მ-ის დაკრძალვის ხარჯების ნახევრის _ 1537 ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ აპელანტი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

დ. ა-ემ შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მისის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესსზე გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადემყოფოდან გაცემული ცნობა.

სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ა-ის საჩივარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დატოვებული იქნა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით დ. ა-ე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით რომ სასამართლო სხდომაზე მისის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიუო მიზეზით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ან თუ მხარეთა გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. დ. ა-ემ ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დასადასტურებლად წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს ამბულატორული ამონაწერი ავადმყოფის სამედიცინო ბარათიდან. აღნიშნული საბუთის მიხედვით კლინიკაში მიმართვის თარიღია 2002წ. 10 სექტემბერი, 8 საათი.

მოწინააღმდეგე მხარის მიერ იმავე საავადმყოფოდან წარმოდგენილი საბუთით დასტურდება რომ დ. ა-ე მიმღებ განყოფილებაში საკონსულტაციოდ იმყოფებოდა 2002წ. 11 სექტემბერს, რაც ასევე დასტურდება 2002წ. 10 სექტემბერის 8 საათით დათარიღებული ავადმყოფობის ამბულატორული სამედიცინო ბარათს ამონაწერით.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ 2002წ. 10 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე დ. ა-ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდებოდა არც თბილისის ¹... პოლიკლინიკიდან წარმოდგენილი ცნობით. აღნიშნულ საბუთში მითითებულია, რომ 2002წ. 6 სექტემბერს დ. ა-ე იყო ავად. მას დაუდგინდა წოლითი რეჟიმი გრიპისა და ქრონიკული გავა-წელის რადიკულიტის გამწვავების გამო. სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად დ. ა-ეს უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის მისი ავადმყოფობის შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია.

ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.