Facebook Twitter

საქმე # 200100121005179679

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1186აპ-22 ქ. თბილისი

ბ-ი ლ, 1186აპ-22 12 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის .. მარტს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.თ-ი, რ-ის ქ. №..-ში არსებული ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ეზოში, ლ. ბ-სა და მ. ვ-ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ ვ. ი-ნ, ხოლო ვ. ი-ნ მყოფები ზ. ი-ი, გ. ყ-ე და ბ. ყ-ი ცდილობდნენ მათ გაშველებას. ამ დროს ლ. ბ-მა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ხუთჯერ ისროლა ვ. ი-ის მიმართულებით, რა დროსაც მას მიაყენა ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა წვივისა და გულმკერდის არეში. ლ. ბ-ა ხუთი გასროლის შემდეგ ვერ შეძლო სროლის გაგრძელება, რადგან ზ. ი-ა იარაღი წაართვა და მან, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. ვ. ი-ი გადაიყვანეს თ-ის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად იგი სიკვდილს გადარჩა.

· გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ლ. ბ-ა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ ნომინალურკალიბრიანი „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტი და 9 მმ კალიბრიანი საბრძოლო ვაზნები, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. 2021 წლის 6 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ლ. ბ-ა ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ქ.თ-ი, რ-ის ქ. №...-ში არსებული კორპუსის გვერდით მდებარე ამორტიზებულ შენობაში. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტი, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. მასში არსებული 2 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალურკალიბრიან კუსტარულად დამუხტულ ვაზნებს, განკუთვნილს ნომინალურკალიბრიანი პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის, ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის და გასროლილია 9 მმ ნომინალურკალიბრიანი „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტიდან.

· 2021 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თ-ი, რ-ის ქ. №..-ში არსებული ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ეზოში, ლ. ბ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 9 მმ ნომინალურკალიბრიანი „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტსა და 9 მმ კალიბრიან საბრძოლო ვაზნებს. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტი, ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. მასში არსებული 2 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალურკალიბრიან კუსტარულად დამუხტულ ვაზნებს, განკუთვნილს ნომინალური კალიბრის პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის, ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ვაზნის შემადგენელ ნაწილს - მასრას, განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის და გასროლილია 9 მმ ნომინალური კალიბრის „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტიდან.

· 2021 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თ-ი, რ-ის ქ. №..-ში არსებული ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ეზოში, ლ. ბ-ა და მ. ვ-ა ჯგუფურად სცემეს ვ. ი-ს, კერძოდ, მათ ხელები და ფეხები მრავალგზის დაარტყეს სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ვ. ი-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით:

2.1. ლ. ბ-ი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში გამართლდა.

2.2. ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 6 სექტემბრიდან.

2.3. მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას პისტოლეტი, ორი ვაზნა და მჭიდი.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

· დაუდგენელ ვითარებაში, ლ. ბ-ა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ ნომინალურკალიბრიანი „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტი და 9 მმ კალიბრიანი საბრძოლო ვაზნები, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. 2021 წლის 6 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ლ. ბ-ა ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ქ.თ-ი, რ-ის ქ. №..-ში არსებული კორპუსის გვერდით მდებარე ამორტიზებულ შენობაში. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტი, ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. მასში არსებული 2 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალურკალიბრიან კუსტარულად დამუხტულ ვაზნებს, განკუთვნილს ნომინალურკალიბრიანი პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის, ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ვაზნის შემადგენელ ნაწილს, მასრას, განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის და გასროლილია 9 მმ ნომინალურკალიბრიანი „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტიდან.

· 2021 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.თ-ი, რ-ის ქ. №..-ში არსებული ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ეზოში, ლ. ბ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 9 მმ ნომინალურკალიბრიან „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტსა და 9 მმ კალიბრიან საბრძოლო ვაზნებს. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტი, ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. მასში არსებული 2 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალურკალიბრიან, კუსტარულად დამუხტულ ვაზნებს, განკუთვნილს ნომინალური კალიბრის პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის, ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ვაზნის შემადგენელ ნაწილს - მასრას, განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის და გასროლილია 9 მმ ნომინალურკალიბრიანი „STALKER-914“ მოდელის №1901-01667 პისტოლეტიდან.

· 2021 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თ-ი, რ-ის ქ. №..-ში არსებული ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ეზოში, ლე. ბ-ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ვ. ი-ნ, ხოლო ვ. ი-ნ მყოფები ზ. ი-ი, გ. ყ-ე და ბ. ყ-ი ცდილობდნენ მათ გაშველებას. ამ დროს ლ. ბ-ა ცეცხლსასროლი იარაღიდან ვ. ი-ის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა და მარცხენა წვივისა და გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობის სახით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, განზრახ მიაყენა სხეულის მსუბუქი ორი დაზიანება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5.1. მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ო-ა შესაგებლით მოითხოვა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. მსჯავრდებულ ლ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის - თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ასევე - სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მისი დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

10. ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენი №142აპ-13, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის №158აპ-21 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიცია ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით კვალიფიკაციის თაობაზე ემყარება ვარაუდს და არა - კონკრეტულ მტკიცებულებებს.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ლ. ბ-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რომ მან სცემა ვ. ი-ს, ხოლო შემდეგ კი მისი მოკვლა სცადა.

12. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომ თითქოს, ლ. ბ-ა და მ. ვ-ნ შეხვედრისთანავე ამ უკანასკნელმა მას დაარტყა, არ დასტურდება თავად მის თანმხლებ პირთა ჩვენებებითაც კი. მოწმე ბ. ყ-ი აღნიშნავს, რომ ვ. ი-ი მივიდა ლ. ბ-ან, რომელიც დაეცა ძირს. იგი საერთოდ არ ახსენებს მ. ვ-ს იმ მომენტამდე, ვიდრე მან ქვა არ აიღო ხელში, რომელიც მითითებისთანავე გადააგდო. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ძმა - ზ. ი-ი დაზუსტებით ვერ ამბობს, მის ძმას პირველად ლ. ბ-ა დაარტყა თუ მ. ვ-ა. ასევე, აღნიშნავს, რომ მხოლოდ მისი ძმა ჩხუბობდა.

13. ის ფაქტი, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ლ. ბ-ა ნამდვილად მიიღო დაზიანებები, დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, რომლის თანახმად, ლ. ბ-ს მარცხენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, ხოლო მარჯვენა მხრის სახსრის, მარჯვენა იდაყვის სახსრის, გულმკერდის, მარცხენა მტევნის, მარცხენა წინამხრის, მარჯვენა თეძოს ძვლის, მარჯვენა ბარძაყისა და მარჯვენა მუხლის სახსრის არეში - ნაჭდევები. ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება 2021 წლის 6 სექტემბერს.

14. აღნიშნულის საპირისპირო გარემოება კი, რომ თითქოს, ლ. ბ-ა და მ. ვ-ა ჯგუფურად ჩაიდინეს ვ. ი-ის ცემა, არ გამომდინარეობს არც მოწმეთა ჩვენებებიდან და ასევე, ცემის კვალზე არაფერია ნათქვამი სამედიცინო დოკუმენტაციაში, რომელიც შეეხება ვ. ი-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას სადავო პერიოდში, კერძოდ: ვ. ი-ის ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით, იგი საავადმყოფოში მოთავსდა 2021 წლის 6 სექტემბერს და გაეწერა ამავე წლის 8 სექტემბერს. დიაგნოზი: გულმკერდის მარჯვენა გვერდითი კედლის არაშემავალი ჭრილობა, წვივის სხვა ნაწილის ღია ჭრილობა. გულმკერდის მარცხენა გვერდით კედელზე წინა და შუა აქსელარულ ხაზებს შორის V ნეკნის დონეზე აღენიშნებოდა ოვალური ფორმის უსწორმასწოროკიდეებიანი ჭრილობა, რომლის არხიც მიემართებოდა ირიბად, წინიდან უკან და მარცხნიდან ბეჭის ძვლისკენ. ჭრილობა არაა შემავალი გულმკერდის ღრუში, არხის ბოლოს ნანახი იქნა უცხო სხეული-ტყვიის გულა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. მარცხენა წვივის არეში, ზედა მესამედში, მედიალურ და ლატერალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის ჭრილობა (გამჭოლი ჭრილობა). აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერებით დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია.

15. მოწმის სახით დაკითხული ექიმ-ქირურგის, გ. ს-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 6 სექტემბერს დაზარალებული ვ. ი-ი შეიყვანეს საავადმყოფოში. მას მარცხენა წვივსა და გულმკერდში ჰქონდა დაზიანებები. გულმკერდში დაზიანება შემავალი არ იყო, ჭურვი ბეჭის ძვალთან, რბილ ქსოვილში იყო გაჩერებული. შემავალი იყო იღლიის მიდამოდან. ფეხის ჭრილობაც დაამუშავა, ჭრილობები არ გახსნილა. ვინაიდან შემავალი არ იყო, გულმკერდი არ გაუხსნია. მან ამოიღო ბეჭის ძვალთან გაჩერებული ნამსხვრევი, რაც მერე პოლიციას გადასცა. ჭრილობის მიმართულება იყო მარჯვენა მხარეს, უკანა კუნთში, უკანა ხაზზე გაიარა კუნთი და ჭურვი გაჩერდა ბეჭის ძვალთან. ძვალს არ შეხებია, ასევე, არ დაუზიანებია გულმკერდი, გულმკერდის ღრუში არ შეუღწევია. თვითონ ჭრილობა გახსნა 7-8 სანტიმეტრზე. რაც შეეხება ფეხზე არსებულ ჭრილობას, ფეხში გვერდიდან იყო ნასროლი.

16. საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი N527აპ-17).

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკურ ჯაჭვს არ მივყავართ ლ. ბ-ის მხრიდან ვ. ი-ს მკვლელობის მცდელობის განზრახვამდე. მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ შემთხვევამდე დაახლოებით ორი წლით ადრე ლ. ბ-ი სატელეფონო საუბრისას დაემუქრა ვ. ი-ს; ასევე, არავინ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ლ. ბ-ი ეძებდა ვ. ი-ნ შეხვედრის გზებს; პირიქით, მოწმე ი. ბ-ას განმარტებით, ისინი შეთანხმებული იყვნენ შეხვედრაზე ვ. ი-ის ჩამოსვლის შემდეგ, თუმცა ეს შეხვედრა ლ. ბ-ს არ სურდა. ფაქტები ასევე მიუთითებს, რომ 2021 წლის 6 სექტემბერს ვ. ი-ის ძმამ დაინახა ლ. ბ-ი და ნაცვლად იმისა, რომ არ შეემჩნიათ ეს შეხვედრა, რამდენიმე ადამიანთან ერთად გაჰყვნენ მას. გაუგებარია მოწმეთა ჩვენების ის ნაწილიც, სადაც მიუთითებენ, რომ შორიდან უყურებდნენ ჩხუბის სცენას, მაგალითად, ბ. ყ-ი განმარტავს, რომ ვ. ი-ი ლ. ბ-ენ 10 მეტრით წინ მიდიოდა, ხოლო დაზარალებულის ძმა უთითებს, რომ ჩხუბში არავის მიუღია მონაწილეობა, მხოლოდ მისი ძმა ჩხუბობდა და ჩხუბის დაწყებას 5 მეტრიდან უყურებდა. ამგვარი სცენა არ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ლ. ბ-ი პირველი დაესხა თავს ვ. ი-ს და ამ უკანასკნელის თანმხლები პირები მხოლოდ გასაშველებლად ჩაერთნენ ჩხუბში.

18. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ვერ გაიზიარებს პროკურორ შოთა სარიას მხრიდან მოწმე ბ. ყ-ის ქცევის გამართლების მცდელობას, როდესაც აღნიშნავს, რომ მას შემთხვევის დროს თან არ ჰქონდა მობილური ტელეფონი და ამის გამო ვერ შეატყობინა მომხდარი სამართალდამცავ ორგანოებს, რაც მას სამსახურებრივად ევალებოდა. სახელმწიფო ბრალმდებელი მეტად არადამაჯერებლად ხსნის მოწმის ამგვარ პასიურობას, როდესაც მიუთითებს, რომ ბ. ყ-ი სახლში მისვლის შემდეგ დაუკავშირდა ზ. ი-ს, რომელმაც, თავის მხრივ, აცნობა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისათვის უკვე შეტყობინებული იყო. სააპელაციო პალატა მართებულად აღნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის არქონა შემთხვევის ადგილზე ვერ გაამართლებს მოწმის ქცევას, თუ მის მიზანს ნამდვილად წარმოადგენდა კონფლიქტის გამწვავებამდე მისი აღმოფხვრა. სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვის სხვა, მრავალი გზის მოძებნა იყო შესაძლებელი, თუნდაც სხვა თანმხლებისთვის ტელეფონის თხოვნა. ამასთან, სახლში მისვლის შემდეგ იგი პირდაპირ სამართალდამცავებს არ დაკავშირებია, არამედ ინფორმაცია მიიღო ზ. ი-ნ. შესაბამისად, არსად არ იკვეთება მისი სურვილი, დაკავშირებოდა სამართალდამცავ სტრუქტურას და შეეტყობინებინა მომხდარის თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკამათოა ლ. ბ-ის მიერ იარაღიდან გასროლების რაოდენობა, მოწმეთა სხვადასხვაგვარი აღქმიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფაქტობრივ გარემოებებზე აპელირება, რომელთა მიხედვით, გამომძიებელმა ნ. შ-ა დაადასტურა, რომ შემთვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოიღეს ორი მასრა, ხოლო გამომძიებელმა ი. ს-ა მიუთითა, რომ ექსპერტების მონაწილეობით ამოიღო დანაშაულის სავარაუდო იარაღი, პისტოლეტი მჭიდითა და ორი ვაზნით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელი სასამართლოს სთავაზობს გაზიარებულ იქნეს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა მიხედვით, მათ ორზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა ვერაფრით ხსნის, რატომ ვერ ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან მეტი მასრა ან როგორ აღმოჩნდა ნაპოვნ იარაღში მჭიდი ორი ვაზნით. იგი ავითარებს ვერსიას, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მაშინვე არ იქნა ამოღებული შემთხვევის ადგილიდან და მსჯავრდებულს ჰქონდა დრო, რომ, მაგალითად, გაჭედილი ვაზნისგან იარაღი გაეთავისუფლებინა და კვლავ მოეთავსებინა მასში. ამგვარი მოსაზრების ნამდვილობის საფუძველს არ ქმნის საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. იგი ეფუძნება მხოლოდ თეორიულ მსჯელობას, რასაც საკასაციო პალატა, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ვერ გაიზიარებს.

20. რაც შეეხება ლ. ბ-ის შესაძლებლობას, მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ბოლომდე მიეყვანა დანაშაული, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ლ. ბ-ი და ვ. ი-ი ფიზიკური დაპირისპირების სრული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთთან იმყოფებოდნენ საკმაოდ ახლოს. ამასთან, უკვე განხორციელებული გასროლების შემდეგ მას კვლავ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაეგრძელებინა გასროლები (მინიმუმ ორი). ის ფაქტი, რომ ლ. ბ-ს იარაღი წაართვეს და შორიახლოს გადააგდეს, არ ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ მან დამოუკიდებლად შეწყვიტა გასროლები, ვინაიდან მისთვის იარაღი არ წაურთმევიათ მისი აქტიურად გამოყენების პროცესში და გასროლაში მას ხელს არავინ უშლიდა.

21. კასატორი - პროკურორი შოთა სარია საკასაციო საჩივარში აპელირებს ასევე იმაზე, რომ ჩხუბის დასრულების შემდეგ ლ. ბ-ი დანით ხელში გაეკიდა დაზარალებულისა და მისი თანმხლები პირების ავტომანქანას.

22. საკასაციო სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად მიაჩნია მაღაზია „ჯ-ის“ მენეჯერის ტელეფონიდან ამოღებული მაღაზიის კამერების ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვით, მაღაზიის წინ მდგომ „ჯიპის“ მოდელის ავტომანქანაში ჯდება რამდენიმე პირი და ავტომანქანა უკუსვლით შედის მაღაზიის გვერდით შესახვევში. იმავე მიმართულებით რამდენიმე წამში მიემართება წელზევით შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში არაფერი უჭირავს, მიდის მოსახვევამდე და ბრუნდება უკან. ახალგაზრდა მამაკაცი არ შედის იმ შესახვევში, სადაც მანქანამ შეუხვია. არც მანქანასთან მიდის ახლოს, უკან ბრუნდება, ისე, რომ ვიდეოკამერის ხედვის არედან არ გადის. აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შინაარსი დაადასტურა გამომძიებელმა ო. კ-ა, რომელმაც მიუთითა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახულ პირს დანა არ ეჭირა, ასეთი რამ არ ჩანდა ჩანაწერში, შესაბამისად, დათვალიერების ოქმშიც არ მიუთითებია.

23. საკასაციო პალატა კვლავ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ ნაწილში გამოძიების არასათანადოდ ჩატარების თაობაზე, როდესაც უთითებს, რომ მოცემულ ვიდეოჩანაწერზე არ ჩატარებულა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. დასკვნა იმის შესახებ, რომ ლ. ბ-ს ხელში დანა არ ეჭირა, გაკეთებულია დაშვებაზე, რომ ვიდეოჩანაწერში წელზევით შიშველი მამაკაცი შეიძლება იყოს ლ. ბ-ი. ამგვარი მოცემულობა არის ვარაუდის საფუძველი, რაც ორივე შემთხვევაში წყდება მსჯავრდებულის სასარგებლოდ. გარდა ამისა, დანა, როგორც ნივთმტკიცება, არ ყოფილა ამოღებული განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე, მაშინ, როდესაც დაზარალებულს იგი აღწერილიც კი ჰქონდა.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდების შესახებ.

25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს კასატორი და რასაც სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ბ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მის პიროვნებას.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოიცავს საფუძვლების, არგუმენტებისა და მტკიცებულებების სათანადო განხილვის უფლებას (ECtHR, Krasulya v. Russia, 2007, 12365/03); ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ასპექტი სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილად მიაჩნია. მართალია, არ არის აუცილებელი ყოველ არგუმენტს ამომწურავი პასუხი გაეცეს, მაგრამ სათანადოდ უნდა იყოს განხილული განსასჯელის ძირითადი არგუმენტები (ECtHR, Van de Hurk v. Netherlands, 1994 , 16034/90. ECtHR, Torija v. Spain, 1994, 18390/91. ECtHR, Gradinar v. Moldova, 2008, 7170/02).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

29. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი