Facebook Twitter

საქმე # 330100117001910289

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1187აპ-22 ქ. თბილისი

ხ-ი გ, 1187აპ-22 12 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ლევან კოპალიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით:

1.1. გ. ხ-ი, - დაბადებული .. წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ-ა ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. შპს „ბ-ს” (ს/ნ ....) 100%-იანი წილის მფლობელმა, დამფუძნებელმა პარტნიორმა და დირექტორმა გ. ხ-ა განიზრახა სხვადასხვა პირის სახელზე დაეფუძნებინა ფიქციური შპს-ები, რომელთა ფაქტობრივ მართვას თვითონ წარმართავდა და სწორედ მის ფაქტობრივ გამგებლობაში მყოფი შპს-ების მეშვეობით მოახდენდა შეძენილი ჯართის შპს „ბ-ის” სახელზე ფიქციური შესყიდვის დაფიქსირებას, რითაც გ. ხ-ი, როგორც შპს „ბ-ის“ მფლობელი და ამ შემთხვევაში, თითქოსდა, შემძენი, მის მიერვე დამზადებული, ფიქციური გარიგებისა და უსაქონლო ოპერაციების ამსახველი ჩათვლის დოკუმენტების საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე, მოახდენდა დღგ-ს უკანონო ჩათვლას (უკანონოდ შეიმცირებდა გადასახდელ დღგ-ს თანხას), ხოლო მის გამგებლობაში არსებული ფიქციური ფირმები არ გადაიხდიდნენ აღნიშნული დღგ-ს თანხას. ამ მიზნით, 2016 წლის 1 ივლისს, გ. ხ-ის მითითებით, მ. ს-ა დააფუძნა შპს „გ-ი’’ (ს/ნ ....), რომელსაც ფაქტობრივად მართავდა გ. ხ-ი. აღნიშნულის შემდგომ, შეძენილი ჯართის შპს „ბ-ე” რეალიზაციის დაფიქსირების მიზნით, გ. ხ-ა დაამზადა და გამოიყენა 2016 წლის 12 აგვისტოთი დათარიღებული ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა #ეა-40 1990198, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ, თითქოსდა, 2016 წლის აგვისტოში შპს „ბ-ა” (ს/ნ ...) შპს „გ-ნ“ (ს/ნ ...) შეიძინა 911 515.1 ლარად ღირებული 2240 ტონა ჯართი, საიდანაც დღგ-ს თანხას შეადგენდა 139 044.68 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნული ფიქციური გარიგების საფუძველზე, დღგ-ს ჩათვლის დოკუმენტში საგადასახადო ანგარიშფაქტურაში - ყალბი მონაცემების დაფიქსირებითა და მისი შემდგომი გამოყენებით, შპს „ბ-ს” დამფუძნებელმა და დირექტორმა გ. ხ-ა მიიღო 139044.68 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა (შეიმცირა გადასახდელი დღგ-ს თანხა), ხოლო მის ფაქტობრივ გამგებლობაში მყოფ კომპანიას - შპს ,,გ-ს“ ეს თანხა არ გადაუხდია. ამასთან, ყალბ ანგარიშფაქტურასთან ერთად, გ. ხ-ა ასევე დაამზადა და გამოიყენა ფიქციური გარიგებისა და უსაქონლო ოპერაციების ამსახველი, შპს ,,ბ-ა” და შპს „გ-ს” შორის გამოწერილი, 06.07.2016 წლიდან 09.08.2016 წლამდე პერიოდის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვითაც, თითქოსდა, შპს გ-ა” შპს „ბ-ს” მიაწოდა სხვადასხვა ოდენობისა და ღირებულების ჯართი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 25 მაისიდან.

4. კასატორმა - პროკურორმა ლევან კოპალიანმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

4.1. მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. მ-მ შესაგებლით მოითხოვა პროკურორ ლევან კოპალიანის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - ბ. ჩ-ის, ე. ხ-ის, მ. ს-ა და სხვათა ჩვენებებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ ამონაწერით, 2016 წლის 29 ნოემბრის პატაკითა და პატაკზე თანდართული დოკუმენტაციით, ელექტრონული საინფორმაციო საშუალების დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა - პროკურორმა ლევან კოპალიანმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ გ. ხ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ლევან კოპალიანის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), გ. ხ-ა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე), რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ლევან კოპალიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი