¹ ას-174-865-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი სარჩელში: საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. კ.-მ 1999წ. 6 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ოჯახის წევრებთან ერთად მოპასუხე ზ. გ.-ის გამოსახლება ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბინა კანონისმიერი მემკვიდრეობით მიიღო აწ გარდაცვლილი ლ. კ.-ისაგან. დღეისათვის იგი საჯარო რეესტრში აღრიცხულია ამ ბინის მესაკუთრედ. მოპასუხე ოჯახის წევრებთან ერთად ბინაში შესახლდა მამკვიდრებლის სიცოცხლეში, სადაც დღემდე ცხოვრობს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ბინას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.
ზ. გ.-მ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ლ. კ.-ისათვის 11840 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ აწ გარდაცვლილ ლ. კ.-სთან ჰქონდა ზეპირი შეთანხმება, რომ მოუვლიდა, სამაგიეროდ კი იგი თავის სახელზე საკუთრების უფლების რიცხულ, ამჟამად სადავო ბინას დაუტოვებდა მას. მან აწ გარდაცვლილ ლ. კ.-ს სიცოცხლეში მოუარა, ვინაიდან იგი მძიმე ავადმყოფი იყო, უმკურნალა, ასევე გაიღო დაკრძალვისა და სასაფლაოს მოვლის ხარჯები. კერძოდ, 1997წ. აპრილიდან იმავე წლის 20 დეკემბრამდე (გარდაცვალებამდე) – მკურნალობის ხარჯები – 800 ლარი, სამნახევარი წლის მანძილზე სასაფლაოს მოვლის ხარჯები – 390 ლარი, აწ გარდაცვლილ ლ. კ.-ის მოვლისათვის გაწეული შრომის ანაზღაურება და კვების ხარჯები – 1800 ლარი, გარდაცვლილისათვის შეძენილი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ღირებულება – 460 ლარი, გარდაცვლილის ბალზამირება – 90 ლარი, მოძღვრის გადასახადი – 40 ლარი, სუდარა – 45 ლარი, ჩასასვენებელი ჭურჭელი (კუბო) – 550 ლარი, კატაფალკისა და დაკრძალვის ცერემონიალის მონაწილეთათვის ავტობუსების ქირა – 250 ლარი, დაკრძალვის ოფიციალური შესატანი – 42 ლარი, საფლავის გათხრა – 325 ლარი, რესტორანში 320 კაცზე გადახდილი ქელეხის ხარჯი – 4800 ლარი, პარაკლისები – 220 ლარი, ორმოცის ხარჯები – 2650 ლარი, საფლავზე შავი მიწის დაყრა, წარწერა – 240 ლარი, სულ – 12 760 ლარი ანუ 9819 აშშ დოლარი. საბანკო სესხის პროცენტზე გადახდილი თანხა – 2 310 აშშ დოლარი, სულ – 11840 აშშ დოლარი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ. გ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან, ხოლო კასატორ ზ. გ.-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ლ. კ.-ს ზ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება გამოსახლების ნაწილში დაეფუძნა სკ-ს 172-ე მუხლს, ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილში დადგენილად ჩაითვალა, რომ კასატორმა ზ. გ.-მ გაიღო აწ გარდაცვლილი ლ. კ.-ის დაკრძალვის ხარჯები, სასახლის ღირებულება, სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეთათვის ავტობუსების და კატაფალკის დაქირავების ღირებულება. გადაწყვეტილების ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მიუთითებია ის ნორმა, რომელსაც დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას.
ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 20 ნოემბერს ზ. გ.-ისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი სააპელაციო საჩივარი. ამავე პალატის 2002წ. 21 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. გ.-ის საჩივარი და 2002წ. 20 ნოემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია და იგი შემდეგი მოტივებით დაასაბუთა. საქმის მასალების მიხედვით ზ. გ.-ე და მისი წარმომადგენელი ლ. ბ.-ე გაფრთხილებულნი იქნენ კანონით დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, მაგრამ ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც სასამათლოს არ აცნობეს გამოუცხადებლობის მიზეზი.
ასევე, სააპელაციო პალატამ ლ. ბ.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა არ ჩათვალა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოდ ცნობის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან იგი არ არის სარწმუნო და გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ზ. გ.-ის წარმომადგენელმა ლ. ბ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა, რადგან მისი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადება მოხდა საპატიო მიზეზით, რაც დასტურდება მის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ცნობით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ზ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი გადაიდო 2002წ. 20 ნოემბერს 10 საათზე. ხელწერილს, რომლითაც მხარეები გაფრთხილდნენ როგორც სხდომის თარიღის ისე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ ხელს აწერს როგორც ზ. გ.-ე, ისე მისი წარმომადგენელი ლ. ბ.-ე.
2002წ. 23 ნოემბერს სააპელაციო პალატამ ზ. გ.-ისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა ზ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი.
ლ. ბ.-მ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი, რომელშიც მიუთითა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო 2002წ. 20 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. ზ. გ.-ე კი იმყოფებოდა ქ. ვანში და სხდომას ისიც არ დასწრებია. ლ. ბ.-მ საჩივართან ერთად წარადგინა ავადმყოფობის ცნობა.
სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
მოყვანილი საპროცესო ნორმის მიხედვით კანონმდებელი საპატიოდ ისეთ მიზეზს მიიჩნევს, რომელიც გამორიცხავს მხარის მიერ ნებისმიერი ფორმით (წერილობითი განცხადებით, ზეპირად, ტელეფონით, ელფოსტით და ა.შ.) სასამართლოს ინფორმირების საშუალებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ლ. ბ.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა, არ არის ის მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მისი გამოუცხადებლობა სასამართლოში საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ცნობაზე არსებულ ბეჭედსა და დაწესებულების ბლანკზე დასახელებები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ცნობის შინაარსიდან არ დასტურდება, რომ წარმომადგენელი ლ. ბ.-ე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე ან ვერ შეატყობინებდა ამის შესახებ სასამართლოს. ცნობის მიხედვით მას არ ჰქონდა დანიშნული წოლითი რეჟიმი და საჭიროებდა ამბულატორიულ მკურნალობას, რაც არ უსპობდა საშუალებას შეეტყობინებინა სასამართლოსთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მის მიერ წარდგენილი ავადმყოფობის ცნობა სასამართლომ სრულად უსაფუძვლოდ, სათანადო გამოკვლევის გარეშე არ გაითვალისწინა და თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ სწორად არ მიიჩნია წარდგენილი ცნობა სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლის საფუძვლად.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ვინაიდან არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.