საქმე # 020100120003938693
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№871აპ-22 ქ. თბილისი
ა. გ., 871აპ-22 22 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და კანონიერი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გ. ა. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ზ. ჩ-ს, მოწმეების - მ. ჩ-სა და ნ. გ-ს ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა მისი ბრალეულობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ა-ს ბრალად დაედო საფლავის წაბილწვა, აგრეთვე - საფლავის მიწისზედა ნაგებობის დანგრევა და დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 10 მარტს გ. ა-მ .... მდებარე გ. ხ-ს საგვარეულო საფლავიდან ამოძირკვა 2 ძირი ყვავილი, ჩაამსხვრია განათების შუშა, ასევე - საფლავიდან აიღო ქოთანი და ლარნაკი, რომელიც გადააგდო ჩ-ში გამავალ მდინარე ო-ში. აღნიშნული ქმედებების შედეგად გარდაცვლილის მამას - ზ. ხ-ს მიადგა მორალური ზიანი.
3. გ. ა.ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განაჩენით გ. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიდნენ უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა გ. ა.ს ბრალეულობა, კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე გ. ა-ს ედავებოდა მიცვალებულისადმი უპატივცემულობას, ესე იგი საფლავის წაბილწვას, აგრეთვე - საფლავის მიწისზედა ნაგებობის დანგრევასა და დაზიანებას, მაგრამ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გ. ა-ს განზრახვა არ ყოფილა გარდაცვლილი მეუღლისადმი უპატივცემულობა, არამედ - პირიქით, დადგენილია, რომ გ. ა-ს მეუღლის მშობლებთან ჰქონდა კონფლიქტი, მათ შორის, სწორედ საფლავის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, ხოლო მისი ქმედებები მიმართული იყო საკუთარი გემოვნებით საფლავის მოწესრიგებისკენ, რაც უპირობოდ გამორიცხავს მის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
10. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი