განჩინება
¹ ას-178-873-03 8 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ზ-ემ 2002წ. 19 ნოემბერს სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სს “ი-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა ამავე საზოგადოების დირექტორის 2002წ. 23 სექტემბრის ¹22 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ იგი 1978წ. 11 სექტემბრიდან მუშაობდა თბილისის ელექტრონული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საცდელ წარმოებაში, რომლის სამართალმემკვიდრესაც 1994 წლიდან წარმოადგენს სს “ი-ი”. მოსარჩელე საწარმოში მუშაობდა კომერციული განყოფილების უფროსად და იმავდროულად არის მითითებული საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 8.04%-ის მფლობელი. 2002წ. 13 სექტემბერს შედგა სს “ი-ის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილა საზოგადოების საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის საკითხი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა კომერციული განყოფილება და სს “ი-ის” დირექტორის 2002წ. 23 სექტემბრის ბრძანებით იმავეწ. 16 სექტემბრიდან გ. ზ-ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის აზრით, მისი განთავისუფლებისას დაცული არ ყოფილა შემცირებული მუშაკის შრომითი უფლებების უზრუნველყოფის გარანტიები. ადმინისტრაციამ არ დაიცვა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. ამასთან, ბრძანება დაიწერა 23 სექტემბერს, რომლითაც იგი განთავისუფლდა 16 სექტემბრიდან, აგრეთვე, ადმინისტრაციას არ დაუცვია შრომის წიგნაკის შევსებისა და გაცემის წესი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს “ი-ის” დირექტორის 2002წ. 23 სექტემბრის ბრძანება გ. ზ-ის სამუშაოდან განთავისუფლების ნაწილში და იგი დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი სამუშაოზე განაცდურის ანაზღაურებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ზ-ის განთავისუფლებისას დარღვეულ იქნა შკკ-ს მოთხოვნები, კერძოდ, გ. ზ-ე გაფრთხილებული არ ყოფილა მოსალოდნელი განთავისუფლების თაობაზე შკკ-ს 422-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი, მას არ შესთავაზეს სხვა სამუშაო იმავე საწარმოში ამავე კოდექსის 421 მუხლის შესაბამისად.
სს “ი-მა” სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2002წ. 13 სექტემბერს სს “ი-ის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილებით გაუქმდა კომერციული განყოფილება, დაგვიანებით ბრძანების გამოცემა გამოიწვია ნოტარიუსისაგან საერთო კრების ოქმების დაგვიანებით მიღებამ. ასევე, სასამართლოს ჯერ უნდა განეხილა სარჩელი ზემოთმითითებული კრების ოქმის გაუქმების შესახებ, ვინაიდან აღნიშნულის გარეშე მოსარჩელის აღდგენა ძველ ადგილზე შეუძლებელია. ამასთან, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 30 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და ამიტომ ხელახალი განხილვისათვის საქმე დაუბრუნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.
გ. ზ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ზემოაღნიშნული განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია მთელი რიგი გარემოებები და გადაწყვეტილება დასაბუთებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა სსკ-ს 386-ე მუხლის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. აღნიშნული მუხლი სასამართლომ არ გამოიყენა, რაც საკასაციო საჩივრის საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია კანონის დარღვევით მიღებულად სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე იმის გამო, რომ საქმეში არ მოიპოვება საქმის წარმოების შეჩერების ან შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია, არსებობდა თუ არა სხვა სამუშაო ადგილი, რომელიც უნდა შეეთავაზებინათ მოსარჩელისათვის, იურიდიულად არ დაასაბუთა გადაწყვეტილება გ. ზ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, არ მიუთითა ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს მუშაკის სამუშაოზე აღდგენას იმ შემთხვევაში, როდესაც არც წინანდელი სამუშაო და არც სხვა თავისუფალი საშტატო ერთეული აღარ არსებობს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული საფუძვლებით საქმე არასწორად იქნა დაბრუნებული პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის. სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. აღნიშნული ნორმა არ შეიცავს იმპერატიულ მოთხოვნას საქმის პირველ ინსტანციაში დასაბრუნებლად. ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ გარემოებათა დადგენა სავსებით შესაძლებელი იყო სააპელაციო სასამართლოში, რამეთუ სსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. უფრო მეტიც, სსკ-ს 382-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს მიიღოს ახალი მტკიცებულებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.
უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის განხილვა არ არის შეზღუდული სააპელაციო სასამართლოში, მითუმეტეს, რომ აღნიშნულის თაობაზე მითითებულია სააპელაციო საჩივარშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის შეჩერების მიზანშეწონილობის თაობაზე და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განიხილოს მხარეთა შორის არსებული დავა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.