Facebook Twitter

საქმე # 330100121004532368

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №863აპ-22 ქ. თბილისი

ვ. თ. 863აპ-22 21 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ თ. ვ-ს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, შემდეგი საფუძვლებით: მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათის, მათში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებისა და სიმძიმის გათვალისწინებით, მისთვის შეფარდებული სასჯელი აშკარად მსუბუქია და არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის განაჩენით თ. ვ, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე თ. ვ-ს ძირითადი სასჯელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

მსჯავრდებულ თ. ვ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 12 თებერვლიდან 2021 წლის 2 ივლისის ჩათვლით.

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ვ-ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ვ-მ ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

თ. ვ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ. ვ. მივიდა ... მდებარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შენობასთან, სადაც შეხვდა ყოფილ თანამშრომელს, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს უფროსს - ი. ხ-ს, რომელიც სასაუბროდ ჩაისვა თავის ავტომანქანაში და ერთად გაემართნენ .... მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თ. ვ-მ, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, ე.წ. „კასტეტის“ გამოყენებით, სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ი. ხ. წაიქცა და თ. ვ-მ წაქცეულს კვლავ დაუწყო სახეში და სხეულის სხვადასხვა არეში მუშტებისა და ფეხების დარტყმა. ცემის შედეგად მან დაზარალებულს მიაყენა მარცხენა თვალ-ბუდის ფსკერის მოტეხილობა, თავის მრავლობითი ექსკორიაციები, სახისა და თავის მიდამოს მრავლობითი ჭრილობები. ირაკლი ხურციძისთვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

- 2021 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 13:15 საათზე, თ. ვ. მივიდა .... მდებარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შენობასთან, სადაც შეხვდა ყოფილ თანამშრომელს, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს - გ. კ-ს, რომელიც სასაუბროდ ჩაისვა თავის ავტომანქანაში და ერთად გაემართნენ .... მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თ. ვ-მ, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც გ. კ. წაიქცა, ხოლო თ. ვ-მ წაქცეულს კვლავ დაუწყო სახეში მუშტების დარტყმა და ცემის შედეგად მიაყენა ცხვირის ძვლების მოტეხილობა, სახეზე - მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები, ასევე, ზედა ტუჩის ლორწოვანზე - ნაფლეთოვანი ჭრილობა. გ. კ-სთვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

- 2021 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ. ვ. მივიდა .... მდებარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შენობაში, სადაც შეხვდა თავის შეყვარებულ ნ. ე-ს, რომელიც მუშაობს იმავე სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე და მოსთხოვა მიეცა „TSIKOLIA-ს“ ფირმის საათი. ნ. ე-მ მაჯიდან მოიხსნა საათი და მიაწოდა, რის შემდეგაც თ. ვ-მ რამდენჯერმე ძლიერად დაახეთქა იატაკზე და დაუზიანა სამაჯურისა და საქოქის ღერძი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 205 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2021 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ. ვ მივიდა .... მდებარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შენობაში, სადაც შეხვდა შეყვარებულ ნ. ე-ს, რომელიც მუშაობს იმავე სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე და აჩვენა მობილურ ტელეფონში გადაღებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს უფროსის - ი. ხ-სა და იმავე სამმართველოს უფროსი სპეციალისტის - გ. კ-ს ფოტოსურათები, სადაც ხსენებული პირები იყვნენ ნაცემები და სისხლიანები. აღნიშნულის შემდეგ კი დაემუქრა, რომ მასაც იმავენაირად სცემდა, დაასისხლიანებდა და იმავე მდგომარეობაში ჩააგდებდა, რის შედეგადაც ნ. ე-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდეგ, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, ნ. ე-ს თმა მოქაჩა და წააქცია, რის შემდეგაც დაუწყო იატაკზე თრევა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომლმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ თ. ვ-სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. ვ-სათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე (ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა, ასევე მხედველობაში მიიღეს თ. ვ-ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, რაც შეადგენს 4 თვეზე ხანგრძლივ მონაკვეთს, და ისე შეუფარდეს სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი