ბს-1492-1067(კ-05) 18 აპრილი, 2006წ.
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
საკასაციო პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _Bზ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2004 წლის 24 თებერვალს ზ. ტ-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა /იხ.ს.ფ. 2-3/.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
ზ. ტ-ე 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2002 წლის 10 აპრილიდან კი შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-... განყოფილების სამწყობრო დანაყოფის საგზაო პოლიციის ...ის თანამდებობაზე. 2004 წლის 15 იანვრის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან. გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო «პოლიციის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ”, «ე”, და «თ” ქვეპუნქტები, «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში გავლის წესის შესახებ» დებულების 69-ე მუხლი, ასევე შს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის «ბ”, «ე”, და «თ” პუნქტები. ბრძანებაში ასევე სიტყვიერად მითითებული იყო, რომ ზ. ტ-მ გამოძალა ფული მოქალაქეს. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მას არ ჩაუდენია «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 69-ე მუხლით გათვალისწინებული უღირსი ქმედება, რადგან ფული, რომელიც მას აღმოაჩნდა, წარმოადგენდა დაჯარიმების შედეგად ამოღებულ თანხას, რაზედაც არსებობდა შესაბამისი ქვითრები და არანაირ გამოძალვას ადგილი არ ჰქონდა. მოსარჩელე ითხოვდა სასამართლოს გამოეთხოვა ვიდეოფირი, რომელიც საფუძვლად დაედო სამსახურიდან მის გათავისუფლებას.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მიაჩნდა უკანონოდ, ვინაიდან «პოლიციის შესახებ» კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი ითვალისწინებდა საყვედურს, «ე» ქვეპუნქტი _ თანამდებობიდან ჩამოქვეითებას, ხოლო «თ» ქვეპუნქტი _ შს ორგანოებიდან დათხოვნას. ბრძანების შინაარსიდან ირკვეოდა, რომ ადმინისტრაციამ მის მიმართ გამოიყენა სამი სახის სასჯელი - საყვედური, თანამდებობიდან ჩამოქვეითება და თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც ეწინააღმდეგებოდა შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, შრომის დისციპლინის დარღვევისათვის შეიძლებოდა მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელის გამოყენება.
მოსარჩელემ რაიონულ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც მოპასუხედ დაასახელა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 15 იანვრის ¹15 ბრძანების (მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის ბათილად ცნობა იმავე საფუძვლებით /იხ.ს.ფ. 21-22/.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრთლოს 2004 წლის 11 მაისის გადაწყვტილებით ზ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, არაკანონიერად იქნა ცნობილი და გაუქმდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 15 იანვრის ¹15 ბრძანების მეორე პუნქტის მე-8 ქვეპუნქტი ზ. ტ-ის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა შს სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-... განყოფილების სამწყობრო დანაყოფის საგზაო პოლიციის ...ის თანამდებობაზე.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ზ. ტ-ე 1989 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, აგრეთვე აქტიური მონაწილეობა ჰქონდა მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. 2002 წლის 10 აპრილიდან ზ. ტ-ე მუშაობდა შს სამინისტროს საგზაო პოლიციის ...ის თანამდებობაზე. 2004 წლის 15 იანვრის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მოსარჩელე დაითხოვეს შს სამინისტროს ორგანოებიდან. ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელემ ფული გამოსძალა ავტომანქანის მძღოლს, რითაც ჩაიდინა «პოლიციის შესახებ" კანონის 22-ე, საქართველოს შს ორგანოებში გავლის წესის შესახებ» დებულების 69-ე მუხლებით და საქართველოს შინაგან სამინისტროს დისციპლინური წესდების მეორე მუხლის მე-2 პუნქტის «ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, ასევე, მითითებული იყო «პოლიციის შესახებ»'კანონის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის «თ" ქვეპუნქტი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული დასკვნის საფუძველი იყო ვიდეოფირი, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ ითვლიდა მოსარჩელე ფულს, რაზედაც ზ. ტ-მ მიუთითა, რომ ეს იყო მისი პირადი ან ქვითრების გამოწერის შედეგად მიღებული თანხა. მოპასუხის მიერ აღნიშნული ფირი სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი. ზ. ტ-ის მიერ წარმოდგენილი და საქმეზე დართულია 2003 წლის 16 აპრილს გამოწერილი 3 ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე შიდა ქართლის საოლქო პროკურორის 2004 წლის 16 აპრილის წერილი იმის შესახებ, რომ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში ზ. ტ-ის მიერ ჩადენილ რაიმე მართლსაწიონააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით მასალები შს სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან არ შესულა და შესაბამისად, არც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი და განმარტა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი შესაგებელი და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც არ შესრულებულა. ზ. ტ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დადასტურების შემთხვევაში იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ბრძანების მიხედვით კი მუშაკის შს სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნა მოხდა იმ მუხლის შესაბამისად, რომლითაც ხდებოდა სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის პოლიციის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენება. ბრძანებაში მითითებულ ფაქტზე საქმე არ იყო აღძრული და არც ფულის გამოძალვის ფაქტი დადასტურებულა. ვიდეოფირზე აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენდა დისციპლინურ დარღვევას, მით უმეტეს სისხლის სამართლის დანაშაულს, ფულის გამოძალვის ფაქტის დადასტურება შესაძლებელი იყო მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ბრძანების მითითება კი წარმოადგენდა მხოლოდ ვარაუდს, რაც არ წარმოადგენდა დასჯის საფუძველს.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, როცა არსებობდა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების აქტები და მასალები, ასევე სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 15 იანვრის ბრძანებით, რის შესახებაც მან 2004 წლის 4 თებერვალს შეიტყო, ხოლო სარჩელი უნდა აღეძრა 2004 წლის 15 თებერვალს, ნაცვლად 24 თებერვლისა. «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლის თანახმად: «მოხელეს უფლება ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაესაჩივრებინა სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება." ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი ხანდაზმულობის გამო /იხ.ს.ფ. 56-57/.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, შსს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 159-162/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის საფუძველზე უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 დეკემბრის განჩინება საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 15 იანვრის ბრძანების არაკანონიერად აღიარების ნაწილში, ხოლო ზ. ტ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გაუქმდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 185-190/.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთაA სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება ზ. ტ-ის საქართველოს შინაგან სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილების სამწყობრო დანაყოფის საგზაო პოლიციის ... თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, ზ. ტ-ს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო, სადაც მუშაობდა მოსარჩელე, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 09.07.04წ. ბრძანებულებით, რასაც საქართველოს შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე საგზაო პოლიციის სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რიგითთა და ოფიცერთა შემადგენლობის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება მოყვა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან აღარ არსებობდა თანამდებობა, სადაც მუშაობდა მოსარჩელე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო მისი გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის მსგავს თანამდებობაზე ან საპატრულო პოლიციაში ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ვინაიდან არც მოქმედი საჯარო კანონმდებლობით და არც შრომის კანონთა კოდექსით არ იყო გათვალისწინებული მსგავსი ცნება. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მიხედვით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი წარმოადგენდა შსს სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც არ იყო საგზაო პოლიციის უფლებამონაცვლე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხოლოდ რეორგანიზაცია და არა საგზაო პოლიციის ლიკვიდაცია განხორციელდა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შსს დებულების მიხედვით სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის არ იყო გათვალისწინებული საგზაო პოლიციის დეპარტამენტი, რაც ცალსახად დეპარტამენტის გაუქმებაზე მიუთითებდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე გამოცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე დაუყოვნებლივ უნდა აღდგენილიყო თავის პირვანდელ თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ტ-ის წარმომადგენელმა ც. ჯა-მა, რომლითაც მოითხოვა შსს სტრუქტურაში შესაბამის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.
რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ტ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-... განყოფილების ...ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებით აღარ არსებობდა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ტ-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, პრეზიდენტის ¹263 ბრძანებულება და შს მინისტრის ¹377 ბრძანება, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს პრეზიდენტის 2004წ.09.07 ¹263 ბრძანებულებაში სიტყვა «ლიკვიდაცია» არ არსებობს, შესაბამისად, მოხდა ამ სტრუქტურის რეორგანიზაცია, ხოლო სასამართლომ, ჩათვალა რა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა საგზაო პოლიციის სამმართველო, აღნიშნულით ფაქტობრივად სასამართლოს განჩინებით შეავსო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რაც დაუშვებელია. ასევე, კასატორის მიაჩნია, რომ ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის აღდგენას იმავე ან მსგავს თანამდებობაზე, ხოლო საკასაციო სასამართლოს განჩინებით არაკანონიერად იქნა აღიარებული მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, შესაბამისად ის აღდგენილ უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის მსგავს თანამდებობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 29-ე მუხლით «საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს», ხოლო «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ გათავისუფლებაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არასწორად გამოიყენა შს მინისტრის 2004წ.12.07 ¹377 ბრძანება, რადგან მითითებული ბრძანება გამოცემულია იმ პერიოდისათვის, როცა ზ. ტ-ე გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, რის გამოც მას აღნიშნული ბრძანების მოქმედება ვერ შეეხებოდა /იხ.ს.ფ. /.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:L
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 29-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის გარანტირებულია უფლება, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ტ-ის მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის თანახმად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილება, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა ზ. ტ-ე, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრეზიდენის 2004წ.09.07 ¹263 ბრძანებულებით;
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2004წ.09.07 ¹263 ბრძანებულებაში სიტყვა «ლიკვიდაცია» არ არსებობს, შესაბამისად განხორციელდა ამ სტრუქტურის რეორგანიზაცია, ხოლო სასამართლომ, ჩათვალა რა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა საგზაო პოლიციის სამმართველო, აღნიშნულით, ფაქტობრივად სასამართლოს განჩინებით შეავსო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004წ.09.07 ¹263 ბრძანებულებით «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის» შესახებ კანონის 17.2. მუხლის საფუძველზე დამტკიცდა «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება», რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს საქმიანობის წესი და ამოცანები, მითითებული დებულების VI თავის მე-7 მუხლით კი დადგინდა სამინისტროს სისტემა, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფები. აღნიშნულ ჩამონათვალში, როგორც სტრუქტურული ერთეული არ შედის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო (სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა კასატორი _ ზ. ტ-ე). ამასთან, ბრძანებულებაში არ არის მითითებული საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ლიკვიდაციის შესახებ, მაგრამ ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების სისტემის ჩამონათვალში საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო არ შედის, როგორც სტრუქტურული ერთეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოადგენს საფუძველს, აღნიშნული სტრუქტურის ფაქტობრივად ლიკვიდირებულად მიჩნევისათვის, მით უფრო, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დებულების თანახმად საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს /ლიკვიდირებული ორგანოს/ სამართალმემკვიდრეს არ წარმოადგენს საპატრულო პოლიცია, რამდენადაც ამ უკანასკნელს არ გადასცემია საგაზო პოლიციის მთავარი სამმართველოს /ლიკვიდირებული სტრუქტურის/ ფუნქციონალური უფლებამოსილებები.
საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.5. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებაზე გამოცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება აღდგენას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. მითითებული ნორმის თანახმად, ზ. ტ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების გამო (სააპელაციო სასამართლოს 2004წ.21.12. განჩინებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 27 აპრილის განჩიებით) ზ. ტ-ე ექვემდებარებოდა აღდგენას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა განმარტებული, რომ ზ. ტ-ის მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მსგავს (ტოლფას) თანამდებობაზე ან საპატრულო პოლიციაში ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული, რამდენადაც ტოლფასი თანამდებობის ცნებას «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი და «შრომის კანონთა» კოდექსი არ ითვალისწინებს. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს «შრომის კანონთა კოდექსის» 109-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს არჩეულ თანამდებობაზე არჩეულ მუშაკთა გარანტიებს წინანდელი სამუშაოს ან ტოლფასი სამუშაოს დაკავებაში, ხოლო მითითებული ნორმა მოცემულ შემთხვევაში ვერ გავრცელდება, რამდენადაც ზ. ტ-ე წარმოადგენდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის შესაბამისად დანიშნულ საჯარო მოსამსახურეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არასწორად გამოიყენა შს მინისტრის 2004წ.12.07 ¹377 ბრძანება, რადგან მითითებული ბრძანება გამოცემულია იმ პერიოდისათვის, როცა ზ. ტ-ე გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, რის გამოც მას აღნიშნული ბრძანება ვერ შეეხებოდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა არა შს მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანება, არამედ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანებით საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო და მისდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობა გათავისუფლებულნი იყვნენ დაკავებული თანამდებობიდან სტრუქტურის ლიკვიდაციის გამო, რაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნით ასევე წარმოადგენდა საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ლიკვიდირებულად მიჩნევის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ზ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.