Facebook Twitter

საქმე # 330100120004211843

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№736აპ-22 ქ. თბილისი

კ. თ. 736აპ-22 14 ნოემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს, მსჯავრდებულ თ. ე-თავის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-სა და მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნიკა ს.ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-მ, მსჯავრდებულ თ. ე-სთავის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მ და მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს-მ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ. ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებები; საქმეში გამოკვეთილია არაერთი დაუსაბუთებელი ეჭვი, ასევე - დაზარალებულების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომლებიც, თავის მხრივ, არ დადასტურებულა სხვა, უტყუარი მტკიცებულებებით; დაზარალებულების განმარტება, რომ მსჯავრდებულებმა ისინი ძალის გამოყენებით შეიყვანეს კორპუსების უკან, ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილის ვიდეოჩანაწერს, ხოლო ნოდარ სიხარულიძის მონათხრობი, რომ თავდამსხმელებმა გაუჩხრიკეს ჯიბეები და ჩანთები, გამოირიცხა მოწმე ნ. ა-ს ჩვენებით; საქმის განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ყაჩაღობის შემადგენლობისათვის სავალდებულო თავდასხმის ფაქტი, მაგრამ ასეთის დაშვების შემთხვევაშიც კი, არ იკვეთება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რადგან მსჯავრდებულებმა დაზარალებულებს გაანდეს თავიანთი ვინაობა, გაუცვალეს ტელეფონის ნომრები და უკან დაუბრუნეს თანხის ნაწილი; მოწმე ნ. ა-ს ჩვენების მიხედვით, თ. კ. იყო მის სახლში და ფულის გადაცემას არ დასწრებია, რაზეც ასევე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, დაზარალებულს არ ჰქონდა მისი ტელეფონის ნომერი; სასამართლოში არ დაკითხულა ექსპერტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ა. გ-ს სახლიდან ამოღებული დანა, რომელსაც სულ სხვაგვარად აღწერენ დაზარალებულები, ნამდვილად ცივი იარაღია; საქმეში არ მოიპოვება არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც თ. კ-ს ბრალეულობას დაადასტურებდა.

3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ თ. ე-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ფ. ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. ე-ს უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; სასამართლომ დაამახინჯა მტკიცებულებების შინაარსი და მათ საფუძველზე არასწორად დადგენილ ფაქტებზე დააფუძნა განაჩენი; თ. ე-ს მსჯავრდება ემყარება ნ. ს-ს მიერ ,,...“ გამოქვეყნებულ, მოგონილ ,,პოსტს“ და დაზარალებულების არადამაჯერებელ, არათანმიმდევრულ და არალოგიკურ ჩვენებებს; სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ბრალდების მხარემ არ დაკითხა საექსპერტო კვლევის ავტორი, რის გამოც შეუძლებელი იყო, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა საფუძვლად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავდა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენას; კასატორი აღნიშნავს, რომ სადავოდ არ გამხდარა თ. კ-სთან, თ. ე-სთავსა და ა. გ-თან დაზარალებულების შეხვედრის ფაქტი, მაგრამ მათ მსჯავრად შერაცხული დანაშაული - დანის გამოყენებით ყაჩაღობა - არ ჩაუდენიათ.

4. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ს. ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები; დაზარალებულების - ნ. ს-სა და ნ. ს-ს არადამაჯერებელი ჩვენებები ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა სამხილებს; დაზარალებულების მტკიცება, რომ მსჯავრდებულებმა ისინი იძულებით შეიყვანეს ჩიხში, გამოირიცხა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმე ნ. ე-ს ჩვენებითა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით, რომლითაც დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილი არის ეზო, სადაც შემთხვევის დროს ძალიან ბევრი ადამიანი მოძრაობდა; დაზარალებულების მითითებით, დაშორების შემდეგ, მსჯავრდებულები უკან მიჰყვებოდნენ და ემუქრებოდნენ, რაც არ დასტურდება ვიდეოჩანაწერით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ისინი მშვიდად მიემართებიან მეტროსადგურის მიმართულებით და უკან არავინ მიჰყვებათ; მოწმე ნ. ა-ს ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე არანაირი დაპირისპირება და ყაჩაღობა არ მომხდარა, მეტიც - დამშვიდობებისას ა. გ-მ ეზოდან ხელგადახვეული გააცილა ნ. ს.; ა. გ-ს სახლიდან ამოღებული დანა არ გამოკვლეულა დაზარალებულების თანდასწრებით და, შესაბამისად, მათ იგი არ ამოუცნიათ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დანა ამოღებულია მსჯავრდებულის საძინებლიდან, უპირობოდ არ მიუთითებს მის კუთვნილებაზე. ამასთან, არ არის დადგენილი, ამოღებული დანა ცივი იარაღია თუ არა, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოში არ დაკითხა კვლევის ჩამტარებელი - ტრასოლოგიური ექსპერტი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენით თ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და თ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; თ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და თ. ე-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-მ და თ. ე-მ ჩაიდინეს ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ხოლო ა. გ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

6.1. 2020 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაჩაღობისათვის ნასამართლევი თ. კ. და თ. ე., ა. გ-ლთან ერთად, ჯგუფურად თავს დაესხნენ ნ. ს-სა და ნ. ს-ს, დანის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ფულის გადაცემა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ნ. ს-ს კუთვნილ - 110 ლარს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-მ, მსჯავრდებულ თ. ე-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მ და მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნიკა სადრაძემ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია თ. კ-ს, თ. ე-ს და ა. გ-ს ბრალეულობა, რაც დადასტურებულია ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დაზარალებულების - ნ. ს-სა და ნ. ს-ს ჩვენებების სანდოობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ნ. ს-სა და ნ. ს-ს განმარტებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ასევე - საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით, კერძოდ: სად და რა ვითარებაში შეხვდნენ დაზარალებულები მსჯავრდებულებს; რაზე ისაუბრეს; სად და როგორ გაიყვანეს ისინი, რომელი თავდამსხმელი ემუქრებოდათ დანით; რომელ დაზარალებულს გამოართვეს თანხა და რომელს დაუბრუნეს - თანხვდენილია ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან: მოწმე ა. წ-ს ჩვენებასთან, რომელმაც მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს ქუჩაში შეხვდა ნ. ს-სა და ნ. ს-ს, რომლებმაც გაუწიეს საკურიერო მომსახურება და დაადასტურა დაზარალებულებთან შეხვედრის დროს შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულთა ყოფნისა და დაზარალებულებთან მათი კომუნიკაციის ფაქტი, რაც მისი წასვლის შემდეგაც გრძელდებოდა; შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერთან, რომლის შინაარსი ცხადყოფს, რომ ა. წ-თან ნ. ს-სა და ნ. ს-ს შეხვედრისას მათ სიახლოვეს ნამდვილად იმყოფებიან მსჯავრდებულები და მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერი არ ასახავს თავად დანაშაულის ფაქტს, დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა დაზარალებულები ნამდვილად გაიყვანეს შედარებით მოფარებულ ადგილას, რაზეც ერთხმად მიუთითებდნენ დაზარალებულები თავიანთ ჩვენებებში; ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებთან, რომლებითაც დასტურდება, რომ ნ. ს-მ და ნ. ს-მ გამოძიების დროს დამაჯერებლად ამოიცნეს თ. კ., თ. ე. და ა. გ, რომლებიც ამხილეს დანაშაულის ჩადენაში, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, უსაფუძვლოა კასატორთა მტკიცება, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ დაზარალებულების ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველი ჩვენებები, რომლებიც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნა, რომლის ავტორი სასამართლოში არ დაკითხულა, რადგან სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ნათლად მიუთითა: იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია ეს მტკიცებულება საფუძვლად დასდებოდა თ. კ-ს, თ. ე-სა და ა. გ-ს მსჯავრდებას, მეტიც - საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, რაც იმის გათვალისწინებით, რომ თ. კ-ს, თ. ე-სა და ა. გ-ს შეფარდებული აქვთ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებებისათვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები, ცხადყოფს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მათი მსჯავრდებისა და სასჯელის განსაზღვრისას სადავოდ გამხდარი ექსპერტიზის დასკვნა არ გამოუყენებია.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს, მსჯავრდებულ თ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-სა და მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი