Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-180-871-03 29 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჟ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მ. დ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2002წ. 20 აპრილს 3 თვის ვადით მოპასუხეს ასესხა 2860 აშშ დოლარი, მოგვიანებით მოპასუხემ მ. ჟ-ისაგან კვლავ ისესხა 660 აშშ დოლარი. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის უძრავი ქონება მდებარე ... ქ. ქუთაისში.

განსაზღვრულ ვადაში ნასესხები თანხა მ. დ-მა არ დააბრუნა. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე 3520 აშშ დოლარის დაკისრება და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 3520 აშშ დოლარის გადახდა. მ. დ-მა საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ მან სხდომაზე დააგვიანა 20 წუთით, რაც საპატიო მიზეზით მოხდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20 თებერვლის განჩინებით მ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული განჩინება მ. დ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, იმავე სასამართლოს 2003წ. 20 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო დ გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

მ. დ-მა საოლქო სასამართლოს 2003წ. 14 მაისის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით იმ საფუძვლით, რომ იგი უკანონოა, რადგან მას და მის წარმომომადგენელ დ. კ-ეს სხდომაზე დააგვიანდათ 20 წუთით. კასატორის აზრით, დაგვიანება მოხდა საპატიო მიზეზით.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოსაზრება თითქოს სხდომის თავმჯდომარემ პროცესის დაწყება მის მოლოდინში შეააყოვნა 1 საათით არ შეესაბამება სინამდვილეს.

კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის ზემოთ მითითებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას სარჩელი დაკმაყოფილდება.

საქმის მასალებით დადგენილია და არც საკასაციო საჩივრის ავტორი უარყოფს, რომ მას სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. კასატორი ამგვარი საფუძვლების არსებობაზე ვერ მიუთითებს. იგი ვერ მიუთითებს ვერცერთ გარემოებას, რაზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს და განსაზღვროს ეს გარემოება საპატიო არის თუ არა.

სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და ამ გარემოებების არსებობას თვით მოპასუხეც არ უარყოფს. მას შესაგებელიც კი არ წარუდგენია სასამართლოში.

პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. მის მიერ ვერ იქნა დადასტურებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლების არსებობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 თებერვლის და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.