Facebook Twitter

¹ ას-181-882-03 31 ოქტომბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 18 ივლისს დ. და პ. დ-ებმა ვ. და ს. ლ-ების, გ. გ-ის, გ. დ-ის, თ. მ-ის, გ. რ-ის, რ. უ-ისა და გ. ა-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სოფ.... ტერიტორიაზე იჯარით აქვთ აღებული 25 ჰა, რომელზეც დათესილია იონჯა. იჯარით აღებული მიწა განთავსებულია “საქარის ტერიტორიაზე”, ამავე ტერიტორიაზე მოპასუხე ლ-ს აქვს პირუტყვის ფერმა, სადაც ინახავს თავისა და დანარჩენი მოპასუხეების 5000 სულ წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს. 2000წ. მაისში პირუტყვის მიერ მთლიანად გაძოვილი იქნა მათ საიჯარო ფართობზე დათესილი იონჯა, რითაც განიცადეს ზარალი 5000 კგ იონჯის თესლისა და 20 ტონა თივის დანაკლისის სახით.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს 40000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხეებმა სასამართლოს წარუდგინეს შესაგებელი, რომლითაც არ ცნეს სარჩელი და მიუთითეს, რომ მათ 5000 სული პირუტყვი არ ჰყავთ, სულ ჰყავთ დაახლოებით 600 სული ცხვარი და 52 სული მსხვილფეხა პირუტყვი. მათთან მინდობილი არის 18 წლის ობოლი ბიჭი, რომელიც უვლის პირუტყვს, მას 2000წ. 19 მაისს მართლაც შეურეკია მოსარჩელეთა ნაკვეთში 52 სული მსხვილფეხა პირუტყვი. მოსარჩელეებს ზიანის ანაზღაურების სახით, თანხის გადახდის ნაცვლად მათ შესთავაზეს 8 სული ჭედილა და 1 სული მოზვერი, რომლის ცოცხალი წონა შეადგენდა დაახლოებით 500 კილოგრამს, ხოლო საბაზრო ღირებულება 1200-1400 ლარს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მათი მოსაზრებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა 25 ჰექტარზე მიყენებული მთლიანი ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან მთლიანი ფართობი მათ პირუტყვს არ გაუძოვია. აქტის შესაბამისად დაზიანდა მხოლოდ 0,5 ჰა; ამ აქტზე მოსარჩელეებმა ხელი არ მოაწერეს და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ჩამოიყვანეს კომისია, რომელთა მიერაც შედგა აქტი, რომ მოპასუხეთა ბრალით დაზიანდა 25 ჰა ნათესი, მაგრამ მიუთითეს, რომ მოსარჩელეებმა დაკარგეს იონჯის თესლი სულ 1400-1500 კგ. და 10-15 ტონა თივა. მათ მიაჩნიათ, რომ აქტი მიკერძოებულია. მათივე მოსაზრებით, ვინაიდან იონჯის ნათესი მე-4 წელში იყო ვინმე გააძოვებდა ამ ფართობს თუ არა მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისინი მოსავალს მაინც ვერ მიიღებდნენ.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დაეკისრათ 12093,75 ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 2000 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა კასაცია, გაუქმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებლად მიიჩნია და მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს სრულყოფილად უნდა გამოკვლეულიყო წარმოდგენილი მტკიცებულებანი, კერძოდ, 2000წ. 20 მაისის ხელწერილი, 2000წ. 20 მაისის ოქმი, 2000წ. 22 მაისის აქტი, 2000წ. 27 ივნისის ექსპერტის აქტი, მხარეთა ახსნა-განმარტებანი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლიანობა. გადაწყვეტილება უნდა დასაბუთებულიყო ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, იმის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან სააპელაციო სასამართლო რას იზიარებდა, რას – არა და რატომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით და 24 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრათ 5845 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს 25 ჰა მიწის ნაკვეთზე დათესილი ჰქონდათ ლურჯი იონჯა. 2000წ. 19 მაისს მოსარჩელეთა იონჯის ფართობში მწყემსებმა შეუშვეს მოპასუხეთა კუთვნილი 52 სული მსხვილფეხა პირუტყვი, რომელთა მიერაც განადგურდა მრავალწლიანი იონჯის ნათესი, რაზედაც შედგა ოქმი. ეს ოქმი მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება მათთვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების შეუძლებლობის შესახებ. ვინაიდან ამ ოქმში მოპასუხეები მითითებულნი არიან პირუტყვის მფლობელებად და მოწინააღმდეგე მხარის მიმართ სკ-ს 1003-ე მუხლის თანახმად, მათ წარმოეშვათ ზიანის ანაზღაურების მოვალეობა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა ზიანის ოდენობა.

სააპელაციო სასამართლო ზიანის ოდენობის გაანგარიშების დროს დაეყრდნო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის მთავარი სპეციალისტის 2000წ. 31 მაისის აქტს, რომლითაც დადგენილია, რომ გაძოვებული იყო მთლიანი ფართობი, რომელზეც მიიღებოდა 1400-1500 კგ იონჯა და ასევე 10-15 ტონა თივა. დავის სწორად გადაწყვეტის გამო, სააპელაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო ექსპერტიზა, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი გახდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სათანადო სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ ფართობში ერთ ჰექტარზე მიიღებოდა 5-6 ცენტნერი თივა და 2 ცენტნერი თესლი, შესაბამისად 25 ჰა-ზე მიიღებოდა 150 ცენტნერი თივა და 50 ცენტნერი თესლი.

ამავე სპეციალისტების მეშვეობით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 3-5 საათის ძოვების პირობებში ნედლი იონჯის ჭამა გამოიწვევდა ცხოველების დაავადებას – ტემპანიტს – გაბერვას და სპეციალისტის დახმარების გარეშე უმრავლესობა დაიხოცებოდა. ვინაიდან არცერთი ცხოველი არ დახოცილა, ეს იმას ნიშნავს, რომ იონჯის რაოდენობა საძოვარზე იქნებოდა არაუმეტეს 15-20%-ისა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 25 ჰა მიწის ნაკვეთზე მიიღებოდა 150 ცენტნერის 15% ანუ 2250 კგ. თივა და 50 ცენტნერის 15% ანუ 750 კგ. იონჯის თესლი ვინაიდან ექსპერტის დასკვნით ერთი ტონა იონჯის თივის ღირებულება 97,9 ლარია, ხოლო 1 კგ იონჯის თესლის ღირებულება შეადგენს 7,5 ლარს, საერთო ჯამში მოპასუხეებს უნდა გადაეხედათ 5845 ლარი.

2003წ. 13 ივნისს მოპასუხეებმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მათ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნიეს, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათთვის მხოლოდ 116 ლარისა და 85 თეთრის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მათმა პირუტყვმა გაძოვა არა 25 ჰა იონჯის ფართობი, არამედ, მხოლოდ 0,5 ჰა, რის შესახებაც არსებობს სათანადო ოქმი. ისინი არ ეთანხმებიან სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მუშაკების მიერ შედგენილ აქტს, რომელშიც მითითებულია, რომ თითქოს გაძოვილია 25 ჰა იონჯას ნათესი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს (სათანადო კომპეტენტური პირის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე, რომელმაც ადგილზე შეამოწმა წანახედები) დადგენილად მიიჩნია, რომ პირუტყვის მიერ გაძოვილია მოსარჩელეთა იონჯის ნათესი მთლიანად 25 ჰა. სააპელაციო სასამართლომ ასევე უარყო 2000წ. 22 მაისის აქტის რეალობა, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოს პირუტყვის მიერ გაძოვილი იყო მხოლოდ 0,5 ჰა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორთა მოსაზრება პირუტყვის მიერ მხოლოდ 0,5 ჰექტარის გაძოვების შესახებ, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და იგი ვერ გახდება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან 25 ჰექტარის მთლიანად გაძოვების ფაქტი დადასტურებულია კომპეტენტური სპეციალისტის მიერ წარმოდგენილი აქტის საფუძველზე. ამ აქტის შესაბამისად ნათესის აპრილ-მაისის თვეში სისტემატურად გაძოვების ფაქტი დაფიქსირებულია, მაგრამ, ვინაიდან სასამართლოს ხელთ გააჩნდა მტკიცებულება მოპასუხეთა მხრივ ამ ნაკვეთის მთლიანად მხოლოდ ერთ შემთხვევაში 3-5 საათის განმავლობაში გაძოვების შესახებ, სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სწორად მოახდინა გადაანგარიშება საშუალო გამოსავლიანობის, მიყენებული ზიანის ოდენობისა და ღირებულების შესახებ.

მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული პრინციპის მიმართ, საკასაციო სასამართლოს არ შეიძლება გააჩნდეს პრეტენზია, ვინაიდან იგი დამყარებულია საქმეში არსებულ რეალურ მონაცემებზე: ფაქტობრივად განადგურებულ ნათესზე, ნათესის ასაკისა და მეჩხერიანობის გათვალისწინებით ამ ფართობის სააშუალო მოსავლიანობაზე, ნათესში შესული პირუტყვის ოდენობასა და გაძოვების ხანგრძლივობაზე.

არასწორია კასატორთა მითითება ზიანის ანაზღაურების სახით მხოლოდ 116 ლარის და 85 თეთრის დაკისრების შესახებ, თუნდაც იმიტომ რომ მოპასუხეები მოსარჩელეებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებაყოფლობითი ზიანის ანაზღაურების სახით, სთავაზობდნენ 8 სულ ცხვარს (ჭედილას) და ერთ სულ 1400 ლარად ღირებული მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს (მოზვერს).

სკ-ს 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ამავე კოდექსის 1003-ე მუხლის შესაბამისად, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა, ამასთან არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ცხოველი, რომელმაც დააზიანა ნათესი, მოპასუხეთა საკუთრებაა. მათ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არავითარი ზომები არ მიუღიათ დაზარალებულის ინტერესის დასაცავად, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ პირუტყვის მიერ ნათესის დაზიანების გამო მათ სწორად დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ლ-ის, გ.გ-ს, ს. ლ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება და 2003წ. 24 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.