Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-183-876-03 12 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: საზოგადოების 2000-2001 წლების სამეურნეო პერიოდის სპეციალური შემოწმება მოსარჩელეების მიერ მოწვეული აუდიტების მონაწილეობით.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 17 აპრილს მოსარჩელეების სს “ე.” და შპს “ა. ქ.” წარმომადგენელმა სს “ს. ს. ბ.” მიმართ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს “ე.” და შპს “ა. ქ.” არიან სს “ს. ს. ბ.” დამფუძნებლები. სს “ე.” საკუთრებაში აქვს აქციათა 16,126%, შპს “ა. ქ.” კი 4,1925%. სს “ე.” და შპს “ა. ქ.” გენერალურმა დირექტორმა ა. ი-მა 2001წ. 19 ივლისს ¹269 წერილით მიმართა სს “ს. ს. ბ.” პრეზიდენტს ს. ი-ეს და მოითხოვა 2001წ. 1 აგვისტოდან სს “ს. ს. ბ.” დაეშვა სს “ე.ს” მიერ არჩეული დამოუკიდებელი აუდიტი. აღნიშნულზე სს “ს. ს. ბ.” მიიღეს 2001წ. 23 ივლისის ¹08/720 წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ ბანკის დირექცია დამოუკიდებელი აუდიტის დაშვების საკითხს შეიტანდა აქციონერთა უახლოეს საერთო კრებაზე. სს “ს. ს. ბ.” დაპირება არ შეასრულა და აქციონერთა 2001წ. 1 ოქტომბრის საერთო კრების დღის წესრიგში დამოუკიდებელი აუდიტორის დანიშვნის შესახებ საკითხი არ შეიტანა, რითაც დაირღვა სს “ე.” და შპს “ა. ქ.” როგორც აქციონერთა უფლებები.

სს “ე.” და შპს “ა. ქ.” შესაბამისად 2001წ. 26 და 27 სექტემბრის ¹336 და ¹496 წერილებით კვლავ მიმართეს სს “ს. ს. ბ.” და მოითხოვეს აუდიტის მიერ სააქციო საზოგადოებაში სპეციალური შემოწმების ჩატარების საკითხის აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში შეტანა, რაც არ შესრულდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 53.3, 53.3.2 მუხლების საფუძველზე, მოსარჩელემ მოითხოვა სს “ს. ს. ბ.” 2000-2001 წლების სამეურნეო პერიოდის სპეციალური შემოწმება შპს “ა. ქ.” და სს “ე.” მიერ მოწვეული აუდიტორის მონაწილეობით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სამართლებრივი მომსახურეობის თანხის 4 ათასი ლარის სს “ს. ს. ბ.” დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო იმ საფუძვლით, რომ სს “ე.” მოთხოვნა მის მიერ არჩეული დამოუკიდებელი აუდიტის დაშვების თაობაზე არ შეესაბამება კანონს. შპს “ა. ქ.” კი აქციათა 5%-ის მფლობელიც არაა. 2001წ. 1 ოქტომბერს აქციონერთა საერთო კრებაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. ამასთან, მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 15.2 მუხლით გათვალისწინებული პარტნიორთა კრების გასაჩივრების 2-თვიანი ვადა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ა. ქ.” და სს “ე.” სარჩელი მოპასუხე სს “ს. ს. ბ.” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გადაწყდა სს “ს. ს. ბ.” ჩატარდეს 2000წ. 2001 წლების სამეურნეო მოქმედებებისა და წლიური ბალანსების სპეციალური შემოწმება შპს “ა. ქ. და სს “ე.” მიერ მოწვეული აუდიტორის მონაწილეობით. მოპასუხე მხარის მიმართ სამართლებრივი მომსახურების თანხის 4 ათასი ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა სს “ს. ს. ბ.” წარმომადგენელმა დ. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სს “ე.” და შპს “ა. ქ.” არიან სს “ს. ს. ბ.” დამფუძნებლები. სს “ე.” ფლობს აქციათა 16,126%-ს, შპს “ა. ქ.” კი 4,1925%-ს, ორივე ერთად მოპასუხის აქციათა 20,3185%-ის მესაკუთრენი არიან. ამასთან, სს “ე.” და შპს “ა. ქ.” გენერალური დირექტორი არის ერთი პიროვნება – ა. ი-ი.

სს “ე.” გენერალურმა დირექტორმა 2001წ. 19 ივლისის წერილით მიმართა სს “ს. ს. ბ.” ხელმძღვანელს 2001წ. 1 აგვისტოდან სააქციო საზოგადოებაში დამოუკიდებელი აუდიტის დაშვების შესახებ. აღნიშნულზე ბანკის გენერალურმა დირექტორმა 2001წ. 23 ივლისს წერილობით უპასუხა, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 53.3 და 53.2 მუხლების თანახმად სპეციალური შემოწმების ჩატარების ნებართვის გაცემა წარმოადგენს აქციონერთა საერთო კრების პრეროგატივას და შეპირდა, რომ აღნიშნულ საკითხს შეიტანდა აქციონერთა უახლოესი კრების დღის წესრიგში.

2001წ. 26 და 27 სექტემბერს სს “ე.” და შპს “ა. ქ.” დირექტორმა ა. ი-მა ბანკს მიმართა ¹336 და ¹496 წერილებით, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი აუდიტი ბანკში 1 სექტემბრიდან არ დაუშვიათ და მიუხედავად ბანკის ხელმძღვანელის დაპირებისა, აღნიშნული საკითხი არც აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში არ შეუტანიათ. ა. ი-მა მოითხოვა საკითხის 2001წ. 1 ოქტომბერს დანიშნული კრების დღის წესრიგში შეტანა. ¹496 წერილში ასევე მითითებულია, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შპს “ა. ქ.” მონაწილეობას არ მიიღებდა აქციონერთა 2001წ. 1 ოქტომბრის საერთო კრების მუშაობაში.

მოპასუხის მითითება “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2 მუხლზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი თვის გასვლის შემდეგ, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან დადგენილად ცნო, რომ აქციათა ხუთ პროცენტზე მეტი მფლობელი აქციონერების მიერ დაყენებული საკითხი სამეურნეო მოქმედების და წლიური ბალანსის შემოწმების შესახებ, საერთო კრების დღის წესრიგში არ ყოფილა შეტანილი და განხილული. პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში “მეწარმეთა შესახებ” კანონის 53.3.2 მუხლის თანახმად სპეციალური შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ. მოსარჩელეებმა მიმართეს სასამართლოს სწორედ იმის გამო, რომ სადავო საკითხი კრებაზე არ განხილულა.

მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შპს “ა. ქ.” ფლობს აქციათა 4.1925%, რის გამოც მას მოთხოვნის უფლება არ გააჩნია, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 53.3.2 მუხლით “საწესდებო კაპიტალის ხუთი პროცენტის მფლობელ აქციონერებს” და არა აქციონერს, უფლება აქვთ მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებებისა და წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება. აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხუთ პროცენტზე მეტი აქციათა მფლობელ მოსარჩელეებს ჰქონდათ ასეთი შემოწმების ჩატარების მოთხოვნის უფლება.

აღნიშნული საფუძვლებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 აპრილის განჩინებით უცვლელად დარჩა ამ საქმეზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს. ს. ბ.” წარმომადგენელმა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას, იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას შემდეგი საფუძვლებით:

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ბანკმა გაითვალისწინა მოსარჩელის თხოვნა და აქციონერთა კრების დღის წესრიგში შეიტანა აუდიტთან დაკავშირებული საკითხი. მოსარჩელეებს წერილობით არ დაუყენებიათ საკითხი თუ კონკრეტულად რომელი აუდიტორის მონაწილეობით სურდათ შემოწმების ჩატარება, ვინაიდან მათი წარმომადგენლები აქციონერთა კრების მუშაობაში არ მონაწილეობდნენ, აქციონერთა კრებამ მოიწონა დირექტორის წინადადება და ბანკის აუდიტორად არჩეულ იქნა ორი აუდიტორული კომპანია – ერთი შპს “ქ. ა.” და მეორე არჩეული იქნა მსოფლიოში ცნობილი დიდი ხუთეულის შემადგენლობიდან ბანკის დირექციის შეხედულებისამებრ.

ამდენად, ბანკის აქციონერთა კრებას მოსარჩელეებისათვის სპეციალური შემოწმების შესახებ უარი არ უთქვამთ. კასატორი თვლის, რომ კანონმდებლობის შესაბამისად მათ სასამართლოსათვის მიმართვა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა აქციონერთა კრება თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის სპეციალური შემოწმების დანიშვნაზე.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა, მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ასევე არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 53.3.2 მუხლი. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა 2000 და 2001 წლების სამეურნეო პერიოდის მდგომარეობით სს “ს. ბ.” სპეციალური შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, მათ არ მოუთხოვიათ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს “საქართველოს საფოსტო ბანკის” წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ სს “ე.” და შპს “ა. ქ.” დირექტორმა არაერთხელ მიმართა სს “ს. ს. ბ.” ხელმძღვანელს დამოუკიდებელი აუდიტის დაშვების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სს “ს. ს. ბ.” ხელმძღვანელი ჰპირდებოდა მოსარჩელეებს საზოგადოების სპეციალური შემოწმების შესახებ საკითხის საერთო კრების დღის წესრიგში შეტანას, აღნიშნული საკითხი არ ყოფილა შეტანილი საერთო კრების დღის წესრიგში და განხილული.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს.

კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ბანკმა გაითვალისწინა და მათ მიერ დაყენებული საკითხი შეიტანა კრების დღის წესრიგში ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ხოლო ის ფაქტი, რომ კრებამ მოიწონა დირექტორის წინადადება და ბანკის დირექციის შეხედულებისამებრ არჩეულ იქნა აუდიტები არ ნიშნავს, რომ ბანკმა დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა, რადგან ისინი მოითხოვდნენ სპეციალურ შემოწმებას მათ მიერ მოწვეული აუდიტების მონაწილეობით და არა დირექციის შეხედულებით.

კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად აქციონერებს სასამართლოსათვის მიმართვა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა აქციონერთა კრება თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის სპეციალური შემოწმების დანიშვნაზე, მოცემულ შემთხვევაში კი კრებას უარი არ უთქვამს ვერ იქნება ასევე გაზიარებული, რადგან მიუხედავად აქციონერების არაერთგზის მიმართვისა, მათ მიერ დაყენებული საკითხი კრების დღის წესრიგში არ ყოფილა შეტანილი და განხილული. ასეთ შემთხვევაში კი “მეწარმეთა შესახებ” კანონის 53.3.2 მუხლის თანახმად სპეციალური შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ. ამდენად, მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს სწორედ იმის გამო, რომ სადავო საკითხი კრებაზე არ იქნა განხილული.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 53.3.2 მუხლის თანახმად საწესდებო კაპიტალის ხუთი პროცენტის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს. თუ საერთო კრება არ დააკმაყოფილებს ამგვარ მოთხოვნას, მაშინ გადაწყვეტილება სპეციალური შემოწმების ჩატარების შესახებ შეიძლება მიიღოს იმ სასამართლომ, რომლის ტერიტორიაზეც აქვს საზოგადოებას ადგილსამყოფელი.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 53.3.2 მუხლის შესაბამისად 2000 და 2001 წლების სამეურნეო პერიოდის მდგომარეობის სპეციალური შემოწმების ჩატარება. აღნიშნული ნორმა კი ითვალისწინებს სწორედ სამეურნეო მოქმედებებზე და მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალურ შემოწმებას. სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა და დაადგინა შემოწმდეს 2000 და 2001 წლების სამეურნეო მოქმედებების და წლიური ბალანსების შემოწმება საფოსტო ბანკში მოსარჩელეების მიერ მიწვეული აუდიტების მონაწილეობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა, მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევები. შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ს. ს. ბ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.