Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-184-877-03 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. მ-ი მუშაობდა შპს ც. კ. კ. კაბელების ტექნიკოსად.

შპს ც. კ. კ. 2001წ. 1 თებერვლის ბრძანებით ჯ. მ-ი განთავისუფლებული იქნა სამუშაოდან შკკ-ს 34-ე მუხლის “ე” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

2001წ. მარტში ჯ. მ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ჯ. მ-ი 2001წ. 10 და 15 იანვარს სამუშაოზე გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომა წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჯ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2001წ. 1 თებერვლის ბრძანება ჯ. მ-ის სამუშაოდან განთავისუფლებაზე ჩაითვალა უკანონოდ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური 2001წ. თებერვლიდან-ივნისამდე. სარჩელით სამუშაოზე აღდგენის შესახებ უარი ეთქვა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ჯ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტისა და მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 3.1 “გ” პუნქტის შესაბამისად დასაშვებია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ნაკისრ ვალდებულების შესრულებისა და სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადების შემთხევაში.

2001წ. 10 და 15 იანვარს ჯ. მ-ის არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადების ფაქტი დადასტურებულია სათანადო აქტით და მოწმეთა ჩვენებებით.

ჯ. მ-ის მიერ სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის სხდომაზე წარდგენილი ცნობა ავადმყოფობის შესახებ არ იქნა მიჩნეული დასაშვებად სსკ-ს 381-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით.

სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ჯ. მ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ იგი არ გამოცხადებულა სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ჯ. მ-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.