Facebook Twitter

¹ ას-186-879-03 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ...-ის საზოგადოების მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელით მიმართეს სასამართლოს თხუთმეტმა მოსარჩელემ და აღნიშნეს, რომ ისინი 2000-2001 წლებში მუშაობდნენ მოპასუხესთან შრომითი კონტრაქტის საფუძველზე. მოსარჩელეთა განმარტებით, საზოგადოების მიერ ნაკისრი ვალდებულება შრომის სათანადო ანაზღაურებით უზრუნველყოფის თაობაზე არ შესრულდა 2001წ. მაისის თვიდან, რითაც მოპასუხემ მოახდინა შკკ-ს მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” პუნქტის და მე-16 მუხლის იგნორირება. მოსარჩელეთაგან ნ. ხ.-მ მოითხოვა 168,0, ზ. გ.-მ – 950, გ. ბ.-მ – 1680, ნ. ბ.-მ – 2100, ნ. კ.-მ – 1600, მ. კ.-მ – 1680, მ. შ.-მ – 1470, შ. მ.-მ – 2200, გ. გ.-მ – 1050, ფ. ი.-მ – 720, თ. ვ.-მ – 600, ლ. ც.-მ – 600, კ. ს.-მ – 1000, ა. ბ.-მ – 1680, ნ. ფ.-მ – 1260 ლარის ანაზღაურება სახელფასო დავალიანების სახით.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ...-ის საზოგადოებას თორმეტი მოსარჩელის მიმართ დაეკისრა სახელფასო დავალიანება 14960 ლარის ოდენობით, მათ შორის მ.შ.-სათვის – 2200, ლ. ც.-ისათვის – 600, თ.ვ.-ისათვის – 600, მ.ბ.-ისათვის – 168, ფ.ი.-ისათვის – 720, ნ. ხ.-ისათვის – 1680, ზ. გ.-ისათვის _ 950, ნ.კ.-ისათვის – 1600, მ.კ.-ისათვის – 1680, ა.ბ.-ისათვის – 1680, შ. მ.-ისათვის – 1980, ნ. ბ.-ისათვის – 2100 ლარის ანაზღაურება. ნ. ფ.-ის და კ. ს.-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა დატოვებულ იქნა განუხილველად, მ. გ.-ის მიმართ კი საქმის წარმოება შეწყდა.

საქართველოს ...-ის საზოგადოებამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები არ მუშაობდნენ საქართველოს ...-ის საზოგადოებაში, შრომითი ხელშეკრულებები ძალადაკარგული და ფიქტიურია, შეუძლებელია ხელშეკრულების შინაარსის დადგენა, მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს საზოგადოებაში მათი მუშაობის ფაქტი სადავო პერიოდში. ამასთან, სამი თვის ვადაში არ განუცხადებიათ პრეტენზია ადმინისტრაციის მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, მუშაობდნენ თუ არა ისინი სადავო პერიოდში საქართველოს ...-ის საზოგადოებაში. მით უფრო, რომ მათ მიერ არ არის დაყენებული სამუშაოზე დაშვების მოთხოვნა, გაურკვეველია შეუწყდათ თუ არა მათ კონტრაქტი, რატომ არ დადგა საკითხი სამუშაოზე მათი აღდგენის თაობაზე, მაშინ როცა ხელშეკრულებები გაგრძელებულია განუსაზღვრელი ვადით. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ბ.-ის, ხ.-ის, შ.-ს, ც.-ის, ვ.-ის, კ.-ის, ბ.-ის, მ.-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

ნ.ბ.-ის, ნ.ხ.-ის, მ.შ.-ს, ლ.ც.-ის, თ.ვ.-ის, მ.კ.-ის, ა.ბ.-ის, შ.მ.-ის, გ.ბ.-ის, ფ.ი.-ის, ზ.გ.-ისა და ნ.კ.-ის წარმომადგენელმა ვ. კ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აპელანტი მოითხოვდა სკ-ს 53-ე, 54-ე, 56-ე მუხლებზე დაყრდნობით შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობას. სააპელაციო სასამართლომ კი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რითაც ფაქტიურად დაადასტურა ხელშეკრულებათა ნამდვილობა და მიუთითა, რომ მოსარჩელეებს არ აქვთ დაყენებული სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა, არ არის გარკვეული შეუწყდათ თუ არა კონტრაქტი და ა.შ. კასატორის აზრით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მტკიცება არ ევალება მუშაკს და მათ ვერც ხელფასის უწყისების წარმოდგენის თაობაზე მტკიცების ტვირთი ვერ დაეკისრებათ. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა 12 მოსარჩელის მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლომ კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა 8 მოსარჩელეს, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ 4 მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილება დადგენილი არ არის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 12 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს ...-ის საზოგადოებას დაეკისრა მათთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელეთაგან ორი პირის მიმართ სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო ერთი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი, რომ მოსარჩელეთაგან 7 პირის მიმართ არავითარი შედეგი არ დამდგარა, მათ შორის არიან: მოსარჩელეები ბ.-ე, ი.-ი, გ.-ი და კ.-ე, რომელთა მოთხოვნაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ, ნ.ფ.-ი და კ.ს.-ი, რომელთა სარჩელიც დარჩა განუხილველი, ასევე, მ. გ.-ის, რომლის მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა. უკანასკნელი სამი პირის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარში არაფერია ნათქვამი, ამიტომ ამ პირთა მიმართ გადაწყვეტილება უცვლელად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია 15 მოსარჩელის მიმართ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარი განხილულია არასრულყოფილად. იგი განხილულია არა 12 მოსარჩელის მიმართ, რომელთა მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, არამედ 8 პირის მიმართ. ამასთან, გადაწყვეტილება გაუქმებულია იმ 3 პირის მიმართაც, რომელთა სარჩელები განუხილველად იქნა დატოვებული და შეწყდა საქმის წარმოება ისე, რომ სასამართლოს მათ მიმართ გადაწყვეტილება საერთოდ არ გამოუტანია.

სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევა შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მოცემულ დავაზე დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადაწყვეტილებაში მითითებული ყველა მოსარჩელის მიმართ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ.ბ.-ის, ნ.ხ.-ის, მ.შ.-ს, ლ.ც.-ის, თ.ვ.-ის, მ.კ.-ის, ა.ბ.-ის, შ.მ.-ის, გ.ბ.-ის, ფ.ი.-ის, ზ.გ.-ისა და ნ.კ.-ის წარმომადგენელ ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.