Facebook Twitter

¹ ას-187-880-03 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინაში შესახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ც.-ი ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მ. ა.-ესთან. 1991 წელს შეეძინათ შვილი – ნ. ა.-ე. ისინი ცხოვრობდნენ მ. ა.-ის მამის ბინაში, მცხეთის რაიონის სოფ. ...-ში. 2000წ. 2 სექტემბერს გარდაიცვალა მ. ა.-ე. დ. ც.-ი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღარ ცხოვრობს მითითებულ ბინაში.

2001წ. 30 იანვარს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. ც.-მ და მოითხოვა მისი მამამთილის, თ. ა.-ის ბინაში შესახლება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით დ. ც.-ის სარჩელი თ. და დ. ა.-ეების მიმართ დაკმაყოფილდა. დ. ც.-ი თავის მცირეწლოვან შვილთან ნ. ა.-ესთან ერთად შესახლებულ იქნა მცხეთის რაიონის სოფ. ...-ში არსებულ, თ. ა.-ის სახელზე რიცხულ ბინაში.

თ. ა.-ის წარმომადგენელმა ც. ჯ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დ. ც.-ი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლებულ იქნა მცხეთის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე თ. ა.-ის საცხოვრებელი ბინის საერთო ფართში.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ა.-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ც.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ც.-მ შეწყვიტა ნივთის ფლობა და მას არ გააჩნია აღნიშნული უფლების მოპოვებისთვის დასაბუთებული პრეტენზია.

დ. ც.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი ქმარი მუდმივად იყო ჩაწერილი სადავო ბინაში, იგი წარმოადგენდა ა.-ის ოჯახის კანონიერ წევრს, საქართვველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-5 პუნქტით საქართველოს მოქალაქეებს უსაყიდლოდ გადაეცათ კერძო საკუთრებაში კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე მიწები და საქართვველოს კანონით “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” გამოცხადდა მათ საკუთრებად. ამიტომ, კასატორის აზრით, მ. ა.-ე გამოცხადდა თ. ა.-ის სახელზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრედ, ხოლო მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა, თანახმად სკ-ს 150-ე მუხლისა, ითვლება მიწის არსებით შემადგენელ ნაწილად, ამიტომ თ. ა.-ე არ არის ერთადერთი მესაკუთრე. მასთან ერთად თანამესაკუთრეა მ. ა.-ც. კასატორის აზრით, ნ. ა.-ის საცხოვრებელი ადგილია მ. ა.-ის საცხოვრებელი სახლი სოფ. ...-ში, რადგან არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის საცხოვრებელი ადგილი. მასზე მფლობელობა უნდა გაგრძელდეს იმავე სახით, რა სახითაც ჰქონდა მამკვიდრებელს, თანახმად სკ-ს 157-ე მუხლისა. ამასთან, კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრში დღეისათვის თანამესაკუთრედ რეგისტრირებულია მ. ა.-ე, ამიტომ ნ. ა.-ს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეს უფლება აქვს ფლობდეს მამის ქონებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დ. ც.-ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ მ. ა.-სთან, რომელსაც საკუთრების უფლებით არ ერიცხებოდა უძრავი ქონება. სადავო სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თ. ა.-ის სახელზე. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ დ. ც.-ს შეუწყდა მფლობელობა სადავო სახლზე, სკ-ს 156-ე მუხლის თანახმად.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ის გარემოება, რომ მ. ა.-ე თ. ა.-სთან ერთად სადავო სახლის თანამესაკუთრეა, დადგენილი არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ. ახალი მტკიცებულებების მიღება კი საკასაციო ინსტანციაში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. თუ დღეისათვის მ. ა.-ე კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია სადავო სახლის მესაკუთრედ, მაშინ მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში ნ. ა.-ს შეუძლია მოიპოვოს ბინის მფლობელობის უფლებაც.

რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ნ. ა.-ის საცხოვრებელი ადგილი სოფ. ...-ში მ. ა.-ის საცხოვრებელი სახლია, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. მართალია, სკ-ს მე-20 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილს და ასეთად ითვლება მშობლის საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ სოფ. ...-ში მდებარე სახლი დღეისათვის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მ. ა.-ის საცხოვრებელ ადგილად მისი გარდაცვალების გამო. ვინაიდან დ. ც.-იც არ ცხოვრობს მითითებულ სახლში, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ნ. ა.-ის საცხოვრებელ ადგილად.

თანახმად სკ-ს 155-ე მუხლისა მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ვინაიდან დ. ც.-ს სადავო სახლზე ფაქტობრივი ბატონობა ნებით არ მოუპოვებია სახლის მიტოვების შემდეგ, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს მფლობელად. ამდენად ვერ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა ბინაში შესახლების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ც.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.