Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-188-874-03 11 დეკემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “ს. გ. ს. ს. ტ. ც. “მ.” წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა მათ მიერ იჯარით აღებულ ფართში.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის, განათლების სამინისტროს 2001წ. 12 და 16 ნოემბრის წერილობითი შუამდგომლობის, თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის და ასევე შპს “ა.” დასკვნის თანახმად, გამოსცა 2002წ. 15 თებერვლის ბრძანება ¹3/96, რომლის თანახმად, შპს “მ.” საწესდებო კაპიტალში შეიტანა შემდეგი ქონება ... მდებარე სასწავლო კორპუსი და ძირითადი საშუალებები აქტიური ნაწილი – 159013 ლარის საერთო ღირებულებით. ამავე ბრძანებით შპს “ა.” 2001წ. 19 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე შპს “მ.” საწესდებო კაპიტალი გაიზარდა 159013 ლარით. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 მარტის დადგენილებით, აღნიშნული ცვლილებები აისახა სამეწარმეო რეესტრში. აღნიშნული შენობის ათვისება შპს “მ.” მიერ მიმდინარეობდა ეტაპობრივად.

აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფი კი ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიჭრნენ ზემოაღნიშნულ არასაცხოვრებელ ფართში და თვითნებურად დაიკავა იგი. რაც გახდა შპს “მ.” მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი. ვინაიდან, სარჩელის აღძვრის დროს სადავო შენობა არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში შპს “მ.” საკუთრებად, მოსარჩელემ იგი გამოითხოვა მოპასუხეებისაგან სკ-ს 160-161-ე მუხლების საფუძველზე კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და უკან დარუნების მოთხოვნით. დავის პროცესში კი სადავო ფართი აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფი გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... მდებარე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი “მ.” კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართობიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხეთა წარმომადგენელმა – მ. პ-ამ, სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მათ შემდეგი გარემოებანი მიუთითეს:

შპს “მ.” აპელანტთა მიერ სადავო შენობაში შესახლებისას ვერ ჩაითლებოდა მართლზომიერ კეთილსინდისიერ მფლობელად, რადგან მას აღნიშნული ქონება არა აქვს გადაცემული კანონიერ საფუძველზე. კერძოდ, ქონების მესაკუთრეს – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, შპს “მ.” სადავო შენობა არ გადაუცია, ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. ¹1-3/274 ბრძანებით მიღებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სკ-ით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულებით გათვალისწინებული წესებით – სასყიდლიანი უზუფრუქტით, გირავნობით, იჯარით, თხოვებით.

ამასთან აპელანტებს დარღვევად მიაჩნიათ ის გარემოება, რომ ტექნოლოგიების ცენტრი “მ.” სადავო ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირება საჯარო რეესტრში განხორციელდა დავის პერიოდში. მათი მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ამონაწერი დროებით არის გაცემული ერთი თვის ვადით, იგი გამოიყენება მხოლოდ სამოქალაქო ურთიერთობებში და ვერ გამოდგება იმის მტკიცებად, რომ სადავო შენობა წარმოადგენს შპს “მ.” საკუთრებას. აპელანტები თვლიან, რომ სადავო შენობა იყო უმოქმედო ხოლო 1996წ. 18 ივნისის “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” კანონის 3.3. 4.5, 5.2, 92 მუხლებით დევნილის უფლებების განხორციელება თავშესაფარზე ეკისრებათ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სამინისტროს და უწყებებს, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, ქალაქების მერებსა და რაიონის გამგებლებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მათი განთავსება დროებით თავისუფალი, უმოქმედო შენობებში აფხაზეთის კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებამდე, ანუ აპელანტებს შეეძლოთ, რომ დაეკავებინათ ეს შენობა, სკ-ს 118-ე მუხლის შესაბამისად. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს განათლების სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ “მ.” სარჩელი და მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ თბილისში, ... მდებარე შენობა-ნაგებობა ლიტერ “ა”-დან.

საოლქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად შემდეგი გარემოებები მიუთითა.

სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში კოდორის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ანუ მოპასუხეებს არ ჰქონდათ სადავო შენობის ფლობის რაიმე სამართლებრივი საფუძველი და მათ თვითნებურად დაიკავეს ... მდებარე შპს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ “მ.” კუთვნილი შენობა. ქონების მესაკუთრემ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მისი კუთვნლი არასაცხოვრებელი ფართობი და ძირითადი საშუალებები თანხით 159013 ლარის ოდენობით გადასცა შპს “მ.”, რითაც გაიზარდა მისი საწესდებო კაპიტალი და ცვლილებები დარეგისტრირდა სასამართლო წესით, სამეწარმეო რეესტრში, ანუ შპს “მ.” წარმოადგენს ამ ქონების მართლზომიერ და კეთილსინდისიერ მფლობელს, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მისივე სახელზე.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი დროებით ერთი თვითაა გაცემული. საჯარო რეესტრის ამონაწერზე გაკეთებული შენიშვნა “საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში საკუთრების უფლებას ადასტურებს ერთი თვის ვადაში”, რაც იმის მაუწყებელია, რომ საზოგადოების მიერ უძრავ ქონებასთან გარიგებების დადებისას საჭიროა თვეში ერთხელ გაიცეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, საწესდებო კაპიტალის შესაძლო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც იმას არ ნიშნავს, რომ სადავო ქონება შპს “მ.” კუთვნილებას არ წარმოადგენს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით სადავო შენობა უმოქმედო არ ყოფილა და შპს “მ.” მისი გადაცემის შემდეგ ხდებოდა მისი პერიოდული ათვისება.

სადავო არასაცხოვრებელი ფართის დაკავების მართლზომიერების დასადასტურებლად სკ-ს 118-ე მუხლის მოშველიება არა არგუმენტირებულია. თავდასხმა არის საკუთარი ძალებით კერძო სამართლის მოთხოვნის უზრუნველყოფა ან დაკმაყოფილება, როცა არ არის სხვა საშუალება თავის დროზე მიიღოს პირმა სახელმწიფო ორგანოს, სასამართლოს, პოლიციის და ა.შ. დახმარება, რაც მოცემულ სიტუაციას არ შეესადაგება. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, კოდორის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ვერ შესთავაზებდა სადავო არასაცხოვრებელ ფართობს, რადგან იგი არ იყო უმოქმედო და შპს “მ.” საკუთრებას წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აფხაზეთიდან დევნილი გ. ს-ის, თ. გ-ის, ფ. მ-ის, ს. ს-ას და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-ამ.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ადგილი ჰქონდა სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის დარღვევას, ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დაებრუნებინა ხელახლა განსახილველად.

სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, მან დააკმაყოფილა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, რითაც შეითვისა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფუნქცია და ამასთან მოსარჩელის როლშიც თვითონ გამოვიდა, დაადგინა აპელანტების გამოსახლება იმ პირებთან ერთად, ვინც აღმოჩნდება მათთან გამოსახლებისას, რითაც მოპასუხე მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.

სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არ იმსჯელა იმის შესახებ, რომ სადავო შენობა როგორც ქონების მართვის სამინისტროს ბრძანების გამოცემამდე, ისე დევნილთა ჩასახლებამდე იყო უმოქმედო სახელმწიფო შენობა.

თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის ცნობით და განათლების სამინისტროს წერილით ის იყო თბილისის მანქანათმშენებელი ტექნიკუმის ბალანსზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. მანქანათმშენებლობის ტექნიკუმის ბალანსზე შენობა ტექაღრიცხვის სამსახურში ირიცხებოდა 2002წ. 7 ივნისამდე. ამ დროისათვის ლტოლვილები უკვე შესახლებული არიან სადავო ფართში და მათი კანონიერი უფლება ამ ფართის დაკავებისა დადგენილი და დაკანონებულია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მათი რეგისტრაციით სადავო ფართზე 2002წ. 6 ივნისს;

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიანიჭა მტკიცებულების ძალა ვადაგასულ საბუთს – ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. არ არსებობს სკ-ს 321-ე და 323-ე მუხლებით გათვალისწინებული ხელშეკრულება ქონების მართვის სამინისტროსა და შპს “მ.” შორის.

საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სახელმწიფოს აპელანტებისათვის ინდივიდუალურად გამოეყოს რომელიმე საცხოვრებელი ფართი, ლტოლვილებმა ამის შესახებ არ იცოდნენ.

შპს “მ.” სახელმწიფოსაგან, რომლის საკუთრებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებდნენ განათლების და ქონების მართვის სამინისტროები, ... მდებარე შენობა არ გადასცემია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამდენად, შპს “მ.” სადავო შენობის არც მართლზომიერი და არც კეთილსინდისიერი მფლობელი არ ყოფილა.

კასატორები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მათი საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად. უფლებამოსილმა ორგანომ დაარეგისტრირა ისინი მითითებულ ფართზე, რითაც შექმნა აღნიშნულ შენობაში მათი კანონიერი ყოფნის იურიდიული საფუძველი.

სასამართლომ არასწორად განმარტა რა სკ-ს 118-ე მუხლი, არასწორად დაასკვნა, რომ აღნიშნული ნორმა არ შეესაბამება განსახილველ შემთხვევას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2001წ. 14 მაისს კოდორის ხეობიდან ლტოლვილი მოსახლეობის ნაწილმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიკავა თბილისში, ... მდებარე განათლების სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ “მ.” კუთვნილი შენობის მეორე სართული.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 15 თებერვლის ¹1-3/96 ბრძანებით შპს “მ.” საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა ... მდებარე სასწავლო კორპუსი (მასზე დამაგრებული მიწის ფართის ღირებულების გათვალისწინებით) და ძირითადი საშუალებები, აქტიური ნაწილი, 38 ერთეული) საერთო ღირებულებით – 159 013 ლარი.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 მარტის დადგენილებით, შეტანილ იქნა ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში, გაიზარდა განათლების სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ “მ.” საწესდებო კაპიტალი და საბოლოოდ იგი განისაზღვრა 159013 ლარის ქონებრივი შენატანით.

სადავო შენობა და მიწის ნაკვეთი 2002წ. 11 ივნისს საჯარო რეესტრის სამსახურში დარეგისტრირდა ცენტრ “მ.” და თანამფლობელთა საერთო საკუთრებად.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 10 მაისის ბრძანებით სხვადასხვა დაწესებულებებზე კერძოდ, ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა ეროვნული ცენტრის, “მ.”-ს (ყოფილი “ვ.”) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს დაევალათ გამოათავისუფლონ თბილისში, ... მდებარე მათ ბალანსზე რიცხული შენობები კოდორის ხეობის იძულებით გადმოსახლებულ ოჯახების დროებით განთავსების მიზნით.

სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებს, არ გააჩნიათ სადავო შენობის ფლობის რაიმე სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო კოდექსის მოთხოვნა გააუქმა რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და თვით განიხილა საქმე. სსკ-ს 385-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ ვინაიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მოახდინა ლტოლვილთა რეგისტრაცია სადავო ფართში, აღნიშნულით სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა მათ მფლობელობას. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ლტოლვილთა განთავსება სადავო შენობაში სიტყვიერად ან წერილობით შეთანხმებული იყო შენობის ფაქტობრივ და სამართლებრივ მფლობელებთან და ამ უკანასკნელთა მხრიდან არსებობდა ნებართვა.

დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დევნილის ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით, განსახილველ შემთხვევაში როგორც უკვე აღინიშნა დევნილების მიერ სადავო შენობის თვითნებურად დაკავების ფაქტი დადასტურებულია.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სკ-ს 118-ე მუხლის შინაარსი არ შეესაბამება განსახილველ შემთხვევას. აღნიშნული ნორმებით კანონმდებელი უშვებს თვითდახმარების მიზნით წართმევის, განადგურების, ნივთის დაზიანების ან ვალდებული პირის შეპყრობის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 10 მაისის ბრძანებით, ე.ი. ლტოლვილთა სადავო შენობაში განთავსებამდე, სამართლებრივად უზრუნველყო ლტოლვილთა განსახლება სხვადასხვა უწყებებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ შეიძლება გაზიარებულ იქნას კასატორთა მოსაზრება საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე მითითებით, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება, არ გამოუყო მათ დროებითი საცხოვრებელი ფართი. კასატორთა მსჯელობა წინააღმდეგობრივია ერთი მხრივ ისინი აცხადებენ, რომ შეთავაზებული პირობები უვარგისია საცხოვრებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებენ, რომ არ იციან ფართის გამოყოფის თაობაზე.

ის გარემოება, რომ დევნილთა სადავო შენობაში განთავსების შემდეგ მოხდა საჯარო რეესტრში შპს “მ.” მესაკუთრედ რეგისტრაცია ვერ დაადასტურებს ამ უკანასკნელის არამართლზომიერ მფლობელობასა და უკანონო საკუთრებას სადავო ფართზე და არ უქმნის მოპასუხეებს სადავო შენობის ფლობის სამართლებრივ საფუძველს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “მ.” საწესდებო კაპიტალში უკვე რეგისტრირებული იყო სადავო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, ლტოლვილთა მიერ აღნიშნული შენობის დაკავებამდე, სადავო შენობის ფლობა შპს “მ.” მიერ როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით მართლზომიერია და მისი სარჩელიც დასაბუთებული.

პალატა თვლის, რომ ვერ იქნება დაკმაყოფილებული კასატორების წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში იხილება მათი სარჩელი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, განათლების სამინისტროს და ქ.თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის წინააღმდეგ. სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მოცემული საქმის განხილვა კი შესაძლებელია რაიონულ სასამართლოში წარმოებული დავის გადაწყვეტამდე, რის გამოც არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ს-ის, გ. ს-ის, თ. გ-ის, ჟ. მ-ის, ს. ს-ას, მ. გ-ის, ნ. ქ-ის, გ. ქ-ის, ც. ფ-ის, ლ. გ-ის, რ. გ-ის, ლ. გ-ის, მ. გ-ის, რ. გ-ის, ს. ც-ის, თ. უ-ის, გ. პ-ის, ე. გ-ის, ბ. პ-ის წარმომადგენლის – მ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

კასატორთა განცხადება საკასაციო წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.