Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-190-883-03 3 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: გზის გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 25 აპრილს მ.ს-მა, ნ.წ-მა, მ.ყ-მა, თ.ლ-მა და მცხეთის რაიონის სოფ. დიღომის სხვა მაცხოვრებლებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. თ-ისა, ქ. ჩ-ისა და მესამე პირის სოფ. .... საკრებულოს მიმართ გზის გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მოპასუხეებთან ერთად ცხოვრობენ მცხეთის რაიონის სოფ. .... მათ მიწის ნაკვეთებს შორის გადის სოფლის გზა, რომლითაც სარგებლობს მოსახლეობა, კერძოდ დაყავთ საქონელი საძოვარზე, გადიან სასაფლაოზე.

2002წ. 12 აპრილს მოპასუხეებმა გადაკეტეს აღნიშნული გზა, რის გამოც მოსარჩელეებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს გზის გათავისუფლება.

მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს მასზე უარის თქმა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ს-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. თ-მა და ქ. ჩ-ემ და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის განჩინებით ო.თ-ის და ქ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბილიკს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ო. თ-ის ნაკვეთი, ხოლო დასავლეთიდან ქ. ჩიტაძის ნაკვეთი.

საქმეში წარმოდგენილი რეგისტრაციის რუკიდან ირკვევა, რომ აპელანტების მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს გზა.

ი. თ-ისა და ქ. ჩ-ის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში, რომლებიც გაცემულია 1992 წელს, დაფიქსირებული იყო გზა. რაც მათ სადავოდ არ გაუხდიათ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპლენტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო გზა მათი ურთიერთშეთანხმებით იყო გაკეთებული და მოსარჩელეებს მისი სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ, რადგან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გზა ადრეც არსებობდა. საწინააღმდეგო მტკიცებები აპელანტებს არ წარმოუდგენიათ.

სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების განცხადება, რომ მათ, როგორც მესაკუთრეებს, შეუძლიათ სადავო გზის გადაკეტვა, უსაფუძვლო იყო, რადგან აღნიშნული გზა მათ საკუთრებას არ წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ, რადგან სადავო გზა მოპასუხეთა საკუთრებას არ წარმოადგენს, ამიტომ მათ ამ გზით სარგებლობის აკრძალვა მოსარჩელეებისათვის არ შეუძლიათ.

საოლქო სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის განჩინებაზე ა.თ-მა და ქ.ჩ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორების განმარტებით, სადავო გზა ა.თ-ისა და ქ. ჩ-ის საკარმიდამო ნაკვეთების შემადგენელი ნაწილია, რაც დასტურდება მათი სახლების ტექ.პასპორტებით. სადავო გზის გამოყოფაზე გაწეულ მშენებლობაში მოსარჩელეებს არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ.

კასატორების განმარტებით, მოსარჩელეებმა რაიონულ სასამართლოს წარუდგინეს ყალბი სისტემური რეგისტრაციის რუკა. 1992წ. თებერვალში, მიწის კანონის გამოსვლის დროს სადავო ბილიკი კასატორების საკარმიდამო ნაკვეთების შემდაგენლობაში შედიოდა, ბილიკად იგი 1992წ. მაისის დასაწყისში გამოიყო, მიღება-ჩაბარების აქტები კი 1992წ. ოქტომბერში იყო შედგენილი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო გზა მათ საკუთრებას წარმოადგენს. სკ-ს 183-ე მუხლით უძრავი ნივთის მესაკუთრე რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო გზა საჭიროა და მიწის ნაკვეთი, სადაც ის გადის არ წარმოადგენს მოპასუხეტა საკუთრებას. მიუხედავად ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ სადავო გზა მათ სახელზე გაცემული ტექ. პერსპექტივებით მათი საკარმიდამო ნაკვეთების შემადგენელი ნაწილია. კასატორის ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო გზით გამიჯნულია მოპასუხეთა მიწის ნაკვეთები. დადგენილია, რომ ა. თ-ისა და ქ. ჩ-ის მიწის ნაკვეთები წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ ნაკვეთს. ამდენად, მიწის ნაკვეთს შორის ტექ.პასპორტში დაფიქსირებული გზა, არ შეიძლება ამ ორი მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილად იქნეს მიჩნეული.

პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრება დოკუმენტის სიყალბის თაობაზე, რადგან სსკ-ს 137-ე მუხლით დადგენილია მხარის უფლება საქმის წინასწარი სასამართლოს განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს საბუთის სიყალბის თაობაზე, რაც მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ. ამდენად, საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელიადა იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. თ-ისა და ქ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.