გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-192-885-03 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინიდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოპასუხეები დ. ა-ი და მ. ა-ი არის მოსარჩელე თ. ა-ის შვილი და და. თ. ა-მა 1998 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისში ... მდებარე 3 ოთახიანი ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობა და ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: აღნიშნული ბინა ირიცხებოდა დედამისის სახელზე. დედის გარდაცვალების შემდეგ 1995 წელს მოპასუხეებმა მ. და დ. ა-ებმა მოახდინეს ... ქუჩაზე მდებარე ბინის პრივატიზაცია, რის შემდეგაც ერთი ოთახი დ. ა-ის, ხოლო ორი ოთახი მ. ა-ის სახელზე აღირიცხა. მოსარჩელის განმარტებით, მას თბილისში საცხოვრებელი არა აქვს, ამიტომ ითხოვს მამისეული ბინიდან წილის გამოყოფას.
სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მამის კუთვნილი ქონებიდან სამკვიდრო წილის გამოყოფა და 6 თვიანი გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა. მოპასუხე მ. ამაშუკელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ბინა მამის სურვილით აღირიცხა მის სახელზე. ბინის პრივატიზაცია კანონიერია, რადგან პრივატიზაციის დროს ბინაში ჩაწერილები იყვნენ მხოლოდ მ. და დ. ა-ები, ასევე მ. ა-ის ქმარი და შვილები.
თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1998წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მას საპატიოდ ჩაეთვალა, 1997 წელს გარდაცვლილი მამის დანაშთი საცხოვრებელ სახლზე სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადის გადაცილება და სადავო ბინის ორ ოთახის ნახევარი გამოეყო საკუთრების უფლებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ა-მა გაასაჩივრა ზედწესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999წ. 18 მარტის დადგენილებით გაუქმდა ვაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დაბრუნდა ხელახალი განხილვისათვის.
ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში თ.ა-მა ახალი სარჩელი წარადგინა, ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობის, სადავო საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფის და ბინაში შესახლების შესახებ. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ა-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს თ.ა-მა დააზუსტა სარჩელის საგანი და მოითხოვა პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მამის – დ. ა-ის მიერ გაფორმებული ანდერძის ბათილად ცნობა, სადავო ბინის ორი ოთახიდან 1/2½ იდეალური წილის გამოყოფა და მასში შესახლება. სააპელაციო სასამართლომ თ.ა-ის მოთხოვნა დავის საგნის გაზრდის – ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 1 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა გადაწყვეტილება, კერძოდ, გადაწყვეტილება გაუქმდა თ.ამაშუკელის მამის კუთვნილი ქონებიდან სავალდებულო წილის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, ხოლო გადაწყვეტილება, სადავო ბინის პრივატიზაციისა და ანდერძის ბათილად ცნობაზე უარის თქმის, ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის შემდეგ 2003წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ.ამაშუკელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს 1999წ. 24 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. იგი ცნობილი იქნა თბილისში, ... მდებარე ¹1 ბინის მ. ა-ის სახელზე აღრიცხული ორი ოთახიდან 39 კვ.მ-ის 1/30 წილის მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩლის მამაზე მამკვიდრებელ დ. ა-ზე, მისი გარდაცვალების დროს სადავო ბინა არ ირიცხებოდა. ამიტომ თენგიზ ამაშუკელს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება ვერ წარმოეშვებოდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოპასუხემ მარინა ამაშუკელმა სცნო თ. ა-ის სარჩელი მისთვის სადავო ბინიდან 1/30 ნაწილის საკუთრებაში გამოყოფის შესახებ, ამ ნაწილში სარჩელი დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ.ა-მა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მითითებების მიხედვით დაადგინა ორი გარემოება: პირველი, გარდაცვლილი დ.ა-ი არ იყო რაიმე საცხოვრებელი ფართის მფლობელი და მეორე, თ. ა-ს შესაბამისად არ ეკუთვნოდა სავალდებულო წილი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გამოუყო ბინის 1/30 თ.ა-ს, იმის გამო, რომ მან განაცხადა თანხმობა. გარდა ამისა, თ.ა-ს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია სავალდებულო წილის გამოყოფა და როგორ უნდა ეცნო სარჩელი, რომელიც არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ მისი ნების წინააღმდეგ მისცა მის ძმას სავალდებულო წილი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სარჩელით თ. ა-ი მოითხოვდა მემკვიდრეობას მამის დ. ა-ის დანაშთი ქონებიდან. აქედან გამომდინარე, ის ითხოვდა სამემკვიდრეო წილს, რომელიც მოიცავს როგორც სავალდებულო, ისე კანონისმიერი მემკვიდრეობის წილს. აქედან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თ. ა-ს არც ერთ ინსტანციაში არ დაუყენებია სავალდებულო წილის მიღების საკითხი. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას სასამართლო სხდომაზე არ უცვნია სარჩელი ბინის 1/30-ის ნაწილში. სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ მ. ა-მა სააპელაციო საჩივარი და სარჩელი ცნო ერთი ოცდამეათედის ნაწილში. სასამართლო სხდომის ოქმის მიმართ კასატორს პრეტენზიები არ წამოუყენებია და შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ არ შეუტანია სსკ-ს 291-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და ვადებში. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სხდომის ოქმის ჩანაწერი სწორია და მ. ა-მა სარჩელი ცნო იმდაგვარად, როგორც ოქმშია მითითებული. სსკ-ს მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.
პალატა თვლის რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.