Facebook Twitter

¹ ას-193-886-03 20 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ ალიმენტის დაკისრება; შეგებებულ სარჩელში _ მეურვეობის და მზრუნველობის შეწყვეტა, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. თ-ე 1992წ. 15 თებერვალს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ნ. ს-ას დასთან ე. ს-ასთან. მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ი. თ-ე – დაბადებული 19....წ. 22 მარტს.

1995წ. 4 მართს ტრაგიკულად დაიღუპა ე. ს-ა, რის შემდეგ მცირეწლოვანი ი. აღსაზრდელად იმყოფებოდა დეიდასთან _ ნ. ს-ასთან.

ისნის რაიონის გამგეობის 1997წ. 22 მაისის ¹4-27.24 განკარგულებით ი. თ-ის მეურვედ დაინიშნა ნ. ს-ა, იმ საფუძვლით რომ ბავშვს არ ჰყავდა დედა, ხოლო მამა იმ პერიოდში იმყოფებოდა პატიმრობაში.

2002წ. სექტემბერში არასრულწლოვან ი. თ-ის მეურვემ ნ. ს-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ს. თეთრაძის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ.

ს. თ-ემ ნ. ს-ას მიმართ აღძრული შეგებებული სარჩელით მოითხოვა მეურვეობისა და მზრუნველობის შეწყვეტა და შვილის აღსაზრდელად დაბრუნება.

ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით ს. თ-ის შეგებებული სარჩელის ნაწილში შეწყვიტა საქმის წარმოება, იმ საფუძვლით, რომ ამ საკითხის განხილვა შედიოდა თბილისის მერიის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კომპეტენციაში.

ისანი-სამგორის რაიონული სასამრთლოს 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ს. თ-ეს მზრუნველობის შესახებ გამგეობის გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თვეში 35 ლარის ოდენობით.

ს. თ-ემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

ქ.თბილისის განათლების განყოფილების მეურვეობისა და მზრუნველობის კომისიის 2002წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ა განთავისუფლდა მზრუნველის მოვალეობისაგან და არასრულწლოვანი ი. თ-ე აღსაზრდელად დაუბრუნდა მამას.

თბილისის საოლქო სასაამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ს-ას სარჩელი _ ს. თ-ეს ალიმენტის გადახდა დაეკისრა ყოველთვიურად 35 ლარის ოდენობით 2002წ. 25 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. თ-ის შეგებებული სარჩელი არსრულწლოვანი შვილის დაბრუნების შესახებ.

ნ. ს-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

არასრულწლოვანი ი. თ-ე 1995 წლიდან აღსაზრდელად იყოფება დეიდასთან ნ. ს-ასთან.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2002წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია ს. თ-ის თხოვნა ნ. ს-ას მზრუნველის მოვალეობისაგან განთავისუფლებისა და მისთვის შვილის აღსაზრდელად დაბრუნების შესახებ.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის განჩინება შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ს. თ-ეს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით და იგი შესულია კანონიერ ძალაში.

ზემოაღნიშნულის გამო სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება ს. თ-ის შეგებებულ სარჩელზე არასრულწლოვან ი. თ-ის აღსაზრდელად მამასთან დაბრუნების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდეს ს. თ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდეს.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.