საქმე # 010100120003740089
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1019აპ-22 ქ. თბილისი
ხ-ი გ 1019აპ-22 18 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის, მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ა და მსჯავრდებულების - მ. ი-ა და ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
გ. ხ-ს ბრალად დაედო ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობითა და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით; ასევე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; მოცემული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 30 აპრილს, დღისით, ბ-ი, ი-ის ქუჩის N...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ხ-ა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მ. ი-ნ, ი. გ-ა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობითა და იარაღად ბასრი საგნის გამოყენებით ე. ა-ს დუნდულის არეში მიაყენა ჭრილობები.
2020 წლის 30 აპრილს, დღისით, ბ-ი, ი-ს ქუჩის N...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ხ-ა იარაღად ბასრი საგნის გამოყენებით ე. ა-ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ი. გ-ს ბრალად დაედო ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 30 აპრილს, დღისით, ბ-ი, ი-ის ქუჩის N..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. გ-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გ. ხ-ნ, მ. ი-ა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად იძალადა ე. ა-ა და რ. წ-ე, რითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.
მ. ი-ს ბრალად დაედო ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 30 აპრილს, დღისით, ბ-ი, ი-ის ქუჩის N...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ი-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გ. ხ-ნ, ი. გ-ა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად იძალადა ე. ა-ა და რ. წ-ე, რითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:
გ. ხ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე. გ. ხ-ი, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 თვით.
გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით.
გ. ხ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 7 მაისიდან.
მ. ი-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
მ. ი-ე, - დაბადებული ... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვითა და 20 დღით.
მ. ი-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 7 მაისიდან.
ი. გ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
ი. გ-ე, - დაბადებული .... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩათვლილი იყო პირობითად - 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით და ჯარიმა - 2000 ლარი.
ი. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 7 მაისიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის, მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ა და მსჯავრდებულების - მ. ი-ა და ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ი-ა და ი. გ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. ხ-ის მიმართ - საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და მათთვის ადეკვატური და სამართლიანი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. კასატორი უთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა არეალშიც შემთხვევის ადგილი და მისი მიმდებარე ტერიტორიაა ასახული. მოცემული მტკიცებულებები ადასტურებს მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კომუნიკაციას, შელაპარაკებას, „გაწევ-გამოწევის“ დასაწყისს და ასე შემდეგ. მოცემული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის თანხვდენილი ნეიტრალურ თვითმხილველ მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან; აგრეთვე, დაზარალებულის ჩვენებებთან (რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია); უდავოდ არის მიჩნეული ათეულობით ნეიტრალური თვითმხილველი მოწმის ჩვენებაც, რომელიც ადასტურებს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევის ფაქტს.
5. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ-ა მოითხოვა გ. ხ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება ბრალად წარდგენილ ქმედებებში.
5.1. კასატორის მითითებით, გ. ხ-ის მიმართ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ორი მტკიცებულება: მოწმე გ. მ-ის ჩვენება და ო. ც-ის მიერ ჯ. ც-ან ერთად ჩატარებული ვიდეოფაილის დათვალიერების პროცესში გ. ხ-ა და მისი კუთვნილი ავტომანქანის ამოცნობა. მითითებული მტკიცებულებები არის საეჭვო და მათი მოპოვების პროცესში დაშვებულია შეცდომები. ო. ც-ე არის პოლიციის თანამშრომელი და ამდენად, იგი აშკარად დაინტერესებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციისათვის მისაღები შედეგი დადგეს. საქმეზე წარმოდგენილ ფირებში ბრალდებულის არსებობას დაცვის მხარე არ ეთანხმება.
6. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. ი-სა და ი. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. პ-მ მოითხოვა მ. ი-სა და ი. გ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღება.
6.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულები ორივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ისე ცნო, რომ მსჯავრდებულების ფიზიკური მონაცემების შესახებ არანაირი მონაცემები არ გააჩნდა. მსჯავრდებულებს არცერთ სასამართლო სხდომაზე არ მიუღიათ მონაწილეობა. დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ისინი თავდამსხმელებს არ იცნობდნენ. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულები არასწორად შეაფასა.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
9. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
10. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს გ. ხ-ის, მ. ი-ა და ი. გ-ს დანაშაულებრივი ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირებას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, კასატორთა საჩივრების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; კერძოდ: საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი საქმის მასალის შინაარსი უტყუარად ადასტურებს გ. ხ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ი. გ-ა და მ. ი-ის მიერ - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერის შინაარსი, მოწმეთა ჩვენებები, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მათ შორის - დაზარალებულ ე. ა-ა და რ. წ-ის ჩვენებები ადასტურებს გ. ხ-ის, მ. ი-ა და ი. გ-ის მიერ ჯგუფურად ძალადობის ფაქტს (გ. ხ-ის მიერ აგრეთვე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენას). ვიდეომასალა ასახავს შემთხვევის ადგილს, მის მიმდებარე ტერიტორიას, ადასტურებს მსჯავრდებულთა და დაზარალებულთა შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომუნიკაციასა და მის ჩხუბში გადაზრდას. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულოა: საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევის ფაქტი, საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა და ქმედების ჩადენა ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ყველა ხსენებული წინაპირობა კუმულაციურად უნდა იყოს გამოკვეთლი და დასტურდებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით. ამასთან, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევის, ისევე როგორც საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობის შეფასება დამოკიდებულია ყოველი სისხლის სამართლის საქმის კონკრეტულ/ინდივიდუალურ გარემოებებზე, რა დროსაც მნიშვნელოვანია, ნათლად დგინდებოდეს ქმედების ხანგრძლივობა, ინტენსივობა, პირის სურვილი დაუპირისპირდეს საზოგადოებას და ა.შ.., რაც მოცემული საქმის მასალებით, მათ შორის - უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, არ გამოკვეთილა.
11. დაცვის მხარის აპელირებას პოლიციელთა ჩვენებების არასანდოობის თაობაზე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან წარმოდგენილი საქმის მასალების სრული მოცულობით გაანალიზების საფუძველზე, მათი მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე სახის დაინტერესება არ ვლინდება; ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია საქმის სხვა მასალებთან და მათში ეჭვის შეტანის რაიმე ობიექტური სახის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. ცალკე აღებული მითითება, რომ პოლიციელის ჩვენება არ შეიძლება იყოს სანდო და იგი უპირობოდ მოიცავს დაინტერესებას, თავად მისი სტატუსიდან გამომდინარე, არამართებულია და ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს არც საპროცესო კანონმდებლობიდან.
12. ამდენად, ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტებს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ვინაიდან მათი საკასაციო საჩივრებით საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი არ იკვეთება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის, მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ა და მსჯავრდებულების - მ. ი-ა და ი. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი