Facebook Twitter

საქმე # 330100120004215828

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1124აპ-22 ქ. თბილისი

ა-ი ბ, 1124აპ-22 18 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. ა-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 10 სექტემბერს ბ. ა-ა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა ქ.თ-ი, კ-ის ქუჩაზე მდებარე, მე-.. კორპუსის მე-.. ბინაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - ა. ხ-ს, კერძოდ: უთხრა, რომ „ოქროულობას ნუ ახსენებდა, თორემ მოკლავდა ან სხვას მოაკვლევინებდა“. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულ ა. ხ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით:

2.1. ბ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ბ. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ბ. ა-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, ბ. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

7. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ალბინა ხალილოვმა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის - ბ. ა-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

10. ბ. ა-ა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

11. სახელმწიფო ბრალმდებელმა საკასაციო საჩივარში ბ. ა-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოიშველია მოწმე ს. ხ-ის ჩვენება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასებას და მიაჩნია, რომ ს. ხ-ის ჩვენება არათანმიმდევრულია და მასზე დაყრდნობით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ს. ხ-ის ჩვენებიდან კატეგორიულად დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ბ. ა-ი და ა. ხ-ი იყვნენ მეუღლეები, რომელთაც თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სხვა საკითხებთან მიმართებით დასმულ კითხვებს ს. ხ-ა გასცა ორაზროვანი პასუხები.

12. პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ ბ. ა-ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითა ასევე დაზარალებულის განცხადება, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი განცხადება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ შეტყობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და რომელშიც აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო და შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით დადასტურებულიყო.

12.1. დაზარალებულის განცხადების შეფასების კუთხით, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა. ხ-ა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და 2020 წლის 10 სექტემბერს მომხდარი სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეატყობინა 2020 წლის 19 ოქტომბერს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის მიერ წარდგენილ სამოქალაქო სარჩელზე ბ. ა-ა შეიტანა შესაგებელი. აღნიშნული გარემოება საეჭვოს ხდის: ბ. ა-ი რეალურად დაემუქრა თუ არა ა. ხ-ს და დადებით შემთხვევაში დაზარალებულს გაუჩნდა თუ არა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

13. შემაკავებელ ორდერთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა აღნიშნული შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბ. ა-ის მხრიდან ა. ხ-ის მიმართ ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

14. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას დათვალიერების ოქმზე, აღნიშნულით დასტურდება სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ბ. ა-ის ანგარიშიდან დაზარალებულისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტი, რასაც სადავოდ ხდის დაცვის მხარე და აცხადებს, რომ ა. ხ-ა გამოიყენა ბ. ა-ის მობილური ტელეფონი, რომლითაც ბავშვი თამაშობდა, შევიდა მის გვერდზე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ და საკუთარ თავს გაუგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინება. მოტივი იყო ეჭვიანობა და ბ. ა-ის უარი შერიგებაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დადასტურდებოდა ბ. ა-ის მხრიდან ა. ხ-ის მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებების გაგზავნის ფაქტი.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ბ. ა-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი