ას-19-724-03 20 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, თანამესაკუთრედ ცნობა და ფართის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ი-ი 1994 წლიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იყოფებოდა რ. ი-თან. 1999წ. მაისში გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ ორი შვილი ნ., დაბადებული 19... წელს და ნი., დაბადებული 19... წელს.
1999 წელს ბოლნისის რაიონის სოფ.... შეძენილ 700 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე რ. ი-მა ააშენა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2002წ. 3 იანვარს საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე.
2002წ. 8 იანვარს რ. ი-სა და ჩ. ტ-ს შორის დაიდო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
2002წ. მაისში რ. ი-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში რ. ი-ის და ჩ. ტ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო სახლიდან წილის მიკუთვნების შესახებ.
ჩ. ტ-მა დამოუკიდებელი სარჩელით მოითხოვა კეთილსინდისიერ შემძენად ცნობა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 8 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გამოეყო ოთხი საცხოვრებელი ოთახი, ხოლო აივანი დარჩა საერთო საკუთრებაში. ჩ. ტ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოპასუხეები ითხოვდნენ გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო რ. ი-ამ მოითხოვა სახლიდან დამატებით 1/3 წილის მიკუთვნება, იმ საფუძვლით, რომ მასთან აღსაზრდელად დარჩნენ მცირეწლოვანი შვილები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ი-ის და ჩ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ისმაილოვას უარი ეთქვა სარჩელზე. ჩ. ტ-ი ცნობილი იქნა კეთილსინდისიერ შემძენად.
რ. ი-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში აშენებული სახლი წარმოადგენს თანასაკუთრებას; რ. ი-მა ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა მალულად მისი თანხმობის გარეშე; ხელშეკრულება უნდა ჩაითვალოს მოჩვენებით გარიგებად; ჩ.ტ-მა იცოდა რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონის სოფ..... მდებარე 700 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი რ. ი-მა შეიძინა რ. ი-ასთან ერთად ცხოვრების პერიოდში. სახლის მშენებლობის ნებართვაც გაიცა რ. ი-ზე. 2002წ. 3 იანვარს სახლი მასზე აღირიცხა ძირითადი ინვენტარიზაციით.
სკ-ს 1158-ე მუხლის თანახმად აღნიშნული სახლი წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის შესაბამისად თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს გააჩნიათ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეების ურთიერთშეთანხმებით.
რ. ი-ას სრული უფლება ქონდა განეხორციელებინა ერთად ცხოვრების პერიოდში აშენებულ სახლის 1/2½ წილზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების მის სახელზე აღრიცხვა, რაც არ განუხორციელებია.
სკ-ს 185-ე მუხლის მიხედვით შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
კანონი პრიორიტეტს ანიჭებს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვას. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ჯ.ტ-ი იყო კეთილსინდისიერი შემძენი, რადგან სადავო სახლის ერთად-ერთ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხებოდა რ. ისმაილოვი.
სკ-ს 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რ. ი-ასა და ჩ.ტ-ს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სახლი გასხვისებულ იქნა 5000 აშშ დოლარად. 2002წ. 10 იანვარს სადავო სახლი საჯარო რეესტში აღირიცხა ჩ. ტ-ის სახელზე.
მოპასუხე რ. ი-ი მიუთითებს, რომ სახლი გაასხვისა შვილისათვის გულის ოპერაციის ირანში გასაკეთებლად საჭირო ხარჯების გასაწევად. ოპერაციის გაკეთების ფაქტი დადასტურებულია საქმის მასალებით, თუმცა მოსარჩელე ამტკიცებს, რომ თანხა მამამისმა გაიღო.
სააპელაციო პალატამ სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს და გამოიტანა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ი-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.