ას-198-894-03 7 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: მიწის ფართის გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. დ-ამ და ე. ხ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ი. ფ-ის მიმართ. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ისინი ცხოვრობენ თბილისში, ... ამ მისამართზე არსებული სახლი მდებარეობს 565 მ2 მიწის ნაკვეთზე, რაც დადგენილია შ. ნ-თან გაფორმებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით. მიწის ნაკვეთის უმეტესი ნაწილი მიიტაცა მოპასუხე ი. ფ-ემ. მოსარჩელეები ითხოვენ თბილისში, ... მდებარე სახლის მიწის ნაკვეთის გაყოფას ისე, რომ მოსარჩელეებზე აღირიცხოს 565 მ2, აგრეთვე, მოითხოვდნენ მოპასუხის ძაღლის სადგომისა და საქათმის აღებას. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა მიწის ნაკვეთის გაყოფა მოხდეს ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად, რომელიც არსებობს ხანგრძლივი დროის მანძილზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფიდა. გაიყო ქ. თბილისში ... მდებარე მიწის ნაკვეთი მისი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით, კერძოდ, მოსარჩელეთა სარგებლობაში განაშენიანების ფართის ჩათვლით დარჩა 195,4 მ2 ეზო, ხოლო მოპასუხის სარგებლობაში _ 369,8 მ2 ეზო, როგორც ეს ექსპერტიზის დასკვნით არის გაანგარიშებული. მოსარჩელეებს ნ. დ-ასა და ე. ხ-ს უარი ეთქვათ სარჩელის მოთხოვნებზე მოპასუხის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მოპასუხის ძაღლის სადგომისა და საქათმის აღებაზე.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. დ-ამ და ე. ხ-მა, რომლებიც მოითხოვდნენ გადაწყვეტილების გაუქმებას. ისინი მიუთითებდნენ, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ფ-ემ ყოველგვარი შეთანხმების, თუ სხვა კანონიერი საფუძვლის გარეშე მოსარჩელეების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაარღვია ღობე და აწარმოვა უკანონო მშენებლობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდათ მოსარჩელეებს, რაც დგინდება ტექაღრიცხვის სამსახურისა და სანოტარო ბიუროს დოკუმენტებით. სასამართლომ არ გამოარკვია, თუ რამდენად კანონიერი იყო მშენებლობა მოპასუხის საცხოვრებელ ფართზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საინვენტარიზაციო გეგმით და ამავე სამსახურის წერილით დადგენილია, რომ 565 მ2 მიწის ნაკვეთი მდებარეობს ... თბილისში და მასზე განლაგებულია მხარეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები. რაც შეეხება 1971წ. 6 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულებით არ დგინდება, რომ ნ. დანელიამ შეიძინა თბილისში ... მდებარე მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ შეძენილია სახლის ნაწილი დამხმარე სათავსებთან ერთად, რომელიც მდებარეობს ... მდებარე 565 მ2 მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია მოპასუხის, ი. ფ-ის საცხოვრებელი სახლი და შესაბამისად, ... მდებარე მიწის ნაკვეთი ამჟამად უკვე მხარეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. დ-ამ, ე. ხ-მა. კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ გვერდი აუარა საქმის ძირითად გარემოებებს და ყოველგვარი კანონიერი დასაბუთების გარეშე მიიღო განჩინება ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 565 მ2 მიწის ნაკვეთზე მდებარეობს მხარეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები. შესაბამისად, ... მდებარე მიწის ნაკვეთი მხარეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, 1971წ. 6 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით არ დგინდება, რომ ნ. დ-ამ შეიძინა თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ შეძენილია სახლის ნაწილი დამხმარე სათავსებთან ერთად, რომელიც მდებარეობს 565 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც არ გამორიცხავს აღნიშნული ფართის საერთო საკუთრებაში არსებობას. რაც შეეხება მიწის საგადასახადო უწყებებს, რომელზეც კასატორი უთითებს, არც ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს მიჩნეული მიწის საკუთრების დამადასტურებლად, ვინაიდან გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენს.
კასატორი ვერ მიუთითებს, ვერც ფაქტობრივ გარემოებებს და ვერც იმ სამართლებრივ ნორმებს, რომელთა გათვალისწინებით მათი მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. დ-ას და ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.