Facebook Twitter

ას-199-893-03 31 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 3 იანვარს ს. მ-ემ ნ. ხ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1997წ. 19 ნოემბერს მან ქ. თბილისში ... შეიძინა საცხოვრებელი 435 კვ.მ ფართი თავისი ეზოთი. ვინაიდან შეძენილ ფართობზე ძველი ნაგებობა მდებარეობდა, ამიტომ მან გადაწყვიტა მისი დაშლა და ახლის აგება. ამის თაობაზე 1997წ. 24 დეკემბრიდან მიღებული აქვს სათანადო ნებართვა და პროექტი. მიუხედავად ამისა, იგი ვერ აწარმოებს მშენებლობას, რადგან მის კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ აქვს კომერციული ჯიხური ჩადგმული ნ. ხ-ეს და უარს აცხადებს გადაადგილებაზე. ჯიხურის გადატანის თაობაზე 1999წ. 7 ივნისს ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა, ხოლო 2001წ. 16 მარტს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის თავმჯდომარემ მიმართეს პოლიციას, მაგრამ ამ მიმართვას შედეგი არ მოჰყვა.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ იზღუდება სკ-ს 170-ე მუხლით დაცული მისი უფლება. იგი უნებართვოდ ჩადგმული ჯიხურის გამო ვერ ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს.

ზემოთ მითითებული გარემოებების გამო მოსარჩელემ მოითხოვა მისი კუთვნილი ფართის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპასუხისათვის მისი კუთვნილი ჯიხურის გადატანის დავალდებულება.

2002წ. 28 ოქტომბერს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მაგრამ ამავე სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით ნ. ხ-ის საჩივრის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა.

2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის თანხმობით მოპასუხე ნ. ხ-ე შეიცვალა ქ. თბილისის მერიის მოსაკრებლების სამსახურით, ხოლო ამავე სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით ს. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, ამავე წლის 15 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს. მ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ს. მ-ეს სახლის მშენებლობის დაწყება არ შეუძლია მანამ, სანამ არ იქნება აღებული ტროტუარზე განთავსებული ნ. ხ-ის კუთვნილი ჯიხური.

სააპელაციო სასამართლოს ასევე უდავოდ დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სადავო ჯიხური მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი ფართის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ს. მ-ის საკუთრებას არ წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 172-ე მუხლის გამოყენებით მიუთითა, რომ ს. მ-ეს ხელი ეშლებოდა არა მისი საკუთრებით სარგებლობაში, არამედ მშენებლობის დაწყებაში, რათა ტროტუარი გამოეყენებინა დროებით სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის, მაგრამ ტროტუარით, რომელზეც მდებარეობს ჯიხური, დროებითი სარგებლობის უფლება ს. მ-ეს არ გააჩნია და მისი განსაკუთრებული უფლება ტროტუარზე არ დგინდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 85-ე მუხლი, რაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი გახდა.

2003წ. 12 ივნისს ს. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით. მას არასწორად მიაჩნია, სააპელაციო სასამართლოს მითითება სკ-ს 172-ე მუხლზე იმ საფუძვლით, რომ თითქოს მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება ამ ტერიტორიაზე არ დგინდება, მაშინ, როცა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მან 1999წ. 17 ნოემბერს ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის ¹680 ბრძანებით მიიღო ნებართვა თავის კუთვნილ ნაკვეთზე მშენებლობის წარმოების შესახებ, მაგრამ უნებართვოდ განთავსებული ჯიხურის გამო მშენებლობის განხორციელება ვერ შეძლო.

ჯიხურის აღების თაობაზე არსებობს სათანადო კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნები, მაგრამ ისინი არ შესრულებულა.

საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნითაც დადგენილია, რომ მითითებული ჯიხური ხელს უშლის მოსარჩელეს სამუშაოების წარმოებაში. რადგან პროექტის შესაბამისად, ქუჩის მხრიდან ქანობის მისაღებად უნდა მოიჭრას მიწა 3 მეტრზე და ჯიხური, კი მდებარეობს სახლის კედლიდან 1,7 მეტრზე, ამიტომ თუ აღებული არ იქნება, ქვაბულის დამუშავების დროს შეიძლება დაინგრეს. ჯიხურის აღება აუცილებელია არა ტროტუარის გასათავისუფლებლად სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის, არამედ იმისთვის, რომ სამუშაოების დროს ჯიხური არ დაინგრეს. ამასთან, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყება ტექნიკური თვალსაზრისით დაუშვებელია მანამ, სანამ არ იქნება აღებული ტროტუარზე განთავსებული უნებართვოდ ჩადგმული ჯიხური.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს გააჩნია სათანადო ნებართვა და პროექტი ქ. თბილისში, ... საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ.

ასევე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკარმიდამო ნაკვეთის წინ ტროტუარზე განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, რომელიც უნებართვოდაა ჩადგმული.

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს სახლის მშენებლობის დაწყება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეუძლია მანამ, სანამ არ იქნება აღებული მოპასუხის კუთვნილი უნებართვოდ ჩადგმული სავაჭრო ჯიხური.

დადგენილია, რომ ჯიხური ტროტუარზე უნებართვოდაა ჩადგმული და არსებობს სათანადო კომპეტენტური ორგანოების მითითებები ამ ჯიხურის აღების თაობაზე, რაც დღემდე შეუსრულებელია.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ს. მ-ესა და მოპასუხე ნ. ხ-ეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ განუცხადებიათ, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.

კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების გამო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართლაც არასწორი შეფასება მისცა მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სკ-ს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა, თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

სკ-ს 147-ე მუხლის შესაბამისად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუ ეს აკრძალული არ არის ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

ამავე კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო წესის დაცვით მიიღო რა ქ. თბილისში ... მდებარე მის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უფლება, ამით მიიღო არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც მას აძლევს მოთხოვნის უფლებას ამ უფლების განხორციელებით მატერიალური სარგებლის მიღების თაობაზე და ანიჭებს უფლებას მოსთხოვოს სხვა პირს რაიმეს შესრულება. მოცემულ შემთხვევაში მას აქვს უფლება მოსთხოვოს მოპასუხეს მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის წინ ტროტუარზე უნებართვოდ ჩადგმული ჯიხურის აღება, ვინაიდან იგი ხელს უშლის მას კანონით დაცული უფლების პირადი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის წარმოებაში.

აქედან გამომდინარე, მცდარია და აშკარად უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ხელი არ ეშლებოდა მისი საკუთრებით სარგებლობაში, ვინაიდან საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა საკუთრებაა, ხოლო მშენებლობის განხორციელებაზე ხელშეშლა ამ საკუთრების ხელყოფაა და მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნებართვოდ ჩადგმული ჯიხურის აღებაში შეიძლება გამოიხატოს.

სსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე აქვს დადგენილი, მაგრამ დადგენილ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რომლის გამოსწორებაც საკასაციო სასამართლოს შეუძლია ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს – დაევალოს ნ. ხ-ეს მისი კუთვნილი ჯიხურის გადატანა მოსარჩელის საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქ. თბილისში, ...-დან.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.