გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-200-892-03 26 ნოემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 23 ივნისს შპს “ა. ...-ის” პარტნიორებმა და თანამშრომლებმა მ. რ-ემ, მ. გ-მა, ე. ქ-ემ, ნ. წ-მა და ც. ბ-ემ განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და აღნიშნეს, რომ თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. მ-ოს და ი. კ-ის სარჩელი შპს “ა. ...-ის” გასვლისა და ფართის გაყოფის შესახებ, ხოლო საზოგადოების დანარჩენი პარტნიორების მოთხოვნას, საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, უარი ეთქვა. განმცხადებლის მითითებით 1995წ. 10 ოქტომბრის კრების ოქმზე ც. ბ-ის ხელმლოწერა გაყალბებულია, რასაც ადასტურებს ექსპერტიზის 1999წ. 5 თებერვლის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა 4 მაისს წარდგენილი იქნა უზენაეს სასამართლოში, რომელიც იხილავდა საზედამხედველო საჩივარს. უზენაესმა სასამართლომ საზედამხედველო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
განმცხადებლებს 1999წ. 5 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა მიაჩნიათ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებად და სასამართლოს თხოვეს ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 25 ივნისის განჩინებით განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა საქმის განხილვა. იმავე სასამართლოს 1999წ. 22 სექტემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკის რაიონის 1997წ. 13 ოქტომბრუს გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. სასამართლოს განჩინებით საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო სასარჩელო საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. გ-ის, მ. რ-ის, ე. ქ-ის, ნ. პ-ას და ფ. გ-ის სარჩელს შპს “ა. ...-ის” რეგისტრაციის გაუქმების შესახებ უარი ეთქვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-მა, მ. რ-ემ და სხვ. ხოლო ამვე სასამართლოს 1999წ. 25 ივნისის, 22 სექტემბრის და 2001წ. 6 აგვისტოს განჩინებები გაასაჩივრა ბ. ბაცკომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილება. ასევე გაუქმდა ამავე სასამართლოს 1999წ. 25 ივნისის, 22 სექტემბრის და 6 აგვისტოს განჩინებები. მ. რ-ის, მ. გ-ისა და სხვათა განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, რაც მხარეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიაჩნია, გაცემულ იქნა 1999წ. თებერვალში. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა 1999წ. 4 მაისს მხარის მიერ წარდგენილი იქნა უზენაეს სასამართლოში “ა. ...-ის”-ის სამოქალაქო საქმის საზედამხედველო წესით შესწავლისას ე.ი 1999წ. 4 მაისს მხარისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რაც მას ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიაჩნია. უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999წ. გადაწყვეტილებით ც. ბ-ის საჩივარი ზედამხედველობის წესითYდატოვებულ იქნა უშედეგოდ. სასამართლომ ოქმის საფუძველზე იმსჯელა და არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება ოქმის სიყალბის თაობაზე.
1999წ. 23 ივნისს შპს “ა. ...-ის” პარტნიორებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე. საფუძვლად მიუთითეს ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაზე. სასამართლომ მიუთითა სსკ-ს 426-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ განმცხადებელს გაშვებული აქვს კანონით დადგენილი ვადა, რადგან განმცხადებლებისათვის იმ გარემოების შესახებ, რაც მათ ახლად აღმოჩენილად მიაჩნიათ, ცნობილი იყო 1999წ. 4 მაისს, ხოლო სასამართლოს განცხადებით მიმართეს 1999წ. 23 ივნისს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ა. ...-ის” წარმომადგენელმა. მან აღნიშნულ განჩინებაზე ასევე შეიტანა კერძო საჩივარი.
კასატორს მიაჩნია, რომ 1999წ. 4 მაისს, როცა მხარემ ახალი გარემოების შესახებ შეიტყო, მოქმედებდა ძველი სსკ, რომლის 348-ე მუხლი განცხადების წარდგენისათვის ითვალისწინებდა სამთვიან ვადას. სკ-ს 138-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანა საჩივრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ანდა შეეცდება მოთხოვნა სხვა საშუალებით დაიკმაყოფილოს. დადგენილია, რომ განმცხადებელმა უზენაეს სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც 1999წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა ამ დოკუმენტის თაობაზე. მიუხედავად ამისა, კასატორს მიაჩნია, რომ სკ-ს 138-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადა შეჩერებული იყო და განცხადება სასამართლოს დაუშვებლად არ უნდა მიეჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 138-ე მუხლი, რომელიც ადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული ნორმა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმაა და იგი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს საპროცესო ვადების გამოთვლის დროს. სსკ-ს პირველი ნაწილით სასამართლოში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით. ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას ძველი სსკ-ით სამთვიანი ვადა ჰქონდა განცხადების წარსადგენად. დადგენილია, რომ იმ დროს, როცა განმცხადებლებმა სასამართლოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართეს, მოქმედებდა ახალი სსკ, რომლის 426-ე მუხლით დადგენილია საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ხოლო კერძო საჩივარი დაუშვებელი სსკ-ს 414-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ა. ...-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო კერძო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.