საქმე # 330100119003341233
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1134აპ-22 ქ. თბილისი
ფ-ე მ 1134აპ-22 25 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით:
1.1. მ. ფ-ე, - დაბადებული ... წლის .. თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მ. ფ-ს დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ფ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2021 წლის 17 ნოემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ფ-მ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფასა და მოსამართლის მიმართ ძალადობაში, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 5 ნოემბერს, დღის საათებში, ქ.თ-ი, დ. ა-ის ხეივნის N...-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულ მ. ფ-ის მიმართ არსებულ სამოქალაქო სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მ. ფ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის განმხილველ მოსამართლე შ. წ-ს.
· ასევე, იმავე სხდომაზე წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს მიმართ გამოხატული აშკარა უპატივცემულობის გამო, მ. ფ-ე გააძევეს სხდომის დარბაზიდან. ესკორტის ოფიცრების მიერ მისი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანისას, მ. ფ-მ ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქმის განმხილველ მოსამართლე შ. წ-ს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულმა მ. ფ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, გამართლება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ახალი განხილვისათვის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: განსახილველი საქმე არ მოიცავს იმგვარ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე №373აპ-18; 566აპ-17; 641აპ-17; 504აპ-15; 903აპ-19), რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
7. მ. ფ-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება):
7.1. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ მ. ფ-ის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მ. ფ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ შ. წ-ა და მოწმეების - გ. ლ-ის, ა. ნ-ას, ი. ჯ-ს, ნ. კ-ა და სხვათა ჩვენებებიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან, ამოღების ოქმიდან, ვიდეოჩანაწერიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
7.2. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, დღის საათებში, ქ.თ-ი, დ. ა-ის ხეივნის N..-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა სამოქალაქო საქმე, სადაც მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა მ. ფ-ე. აღნიშნულ საქმეს განიხილავდა მოსამართლე შ. წ-ე სასამართლოს 30-ე დარბაზში. მოპასუხე მ. ფ-ე იყო მსჯავრდებული და წარმოდგენილი ჰყავდათ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ მ. ფ-ის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონს, ასევე, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლსა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს.
7.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
7.4. ,,გამოხატვის თავისუფლებამ არ უნდა ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველია. გამოხატვის ძირითადი უფლების შეზღუდვა გაუმართლებელი იქნება, თუკი ამ უფლების განხორციელებით საფრთხე შეექმნება სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. არცერთი სხვა კერძო თუ საჯარო ინტერესი არ ახდენს ისეთ ძლიერ გავლენას გამოხატვის თავისუფლებაზე, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინტერესი. ეს განპირობებულია იმითაც, რომ სასამართლო წარმოადგენს როგორც გამოხატვის თავისუფლებაში, ისე სხვა ძირითად უფლებებში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების მსაჯულს. თუ არ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ძირითადი უფლებების განხორციელება შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს“ (იხ.: ავტორები: ირაკლი ბურდული, ევა გოცირიძე, თინათინ ერქვანია, ბესარიონ ზოიძე, ლევან იზორია, ირაკლი კობახიძე, არჩილ ლორია, ზურაბ მაჭარაძე, მერაბ ტურავა, ანა ფირცხალაშვილი, იაკობ ფუტკარაძე, ბექა ქანთარია, დავით წერეთელი, სანდრო ჯორბენაძე, „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი”, გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013, გვ. 277-278).
7.5. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით - ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
7.6. ფრაზა „სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი“ მოიცავს იმ მცნებას, რომ სასამართლოები არიან და საზოგადოების მიერ ზოგადად მიიჩნევიან, როგორც სათანადო ორგანოები სამართლებრივი დავების გადასაჭრელად და ადამიანის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებად სისხლის სამართლის საქმეებზე; აქ ასევე იგულისხმება საზოგადოების მხრიდან პატივისცემის მაღალი ხარისხი და რწმენა, რომ სასამართლოს შესწევს ამ ფუნქციის შესრულების უნარი. საქმე ეხება ნდობას, რომელიც სასამართლოებმა დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა აღძრან არა მხოლოდ ბრალდებულში სისხლის სამართალწარმოებისას, არამედ ფართო საზოგადოებაშიც (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Morice v. France, no. 29369/10, [GC], §129-130, 23/04/2015).
7.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დასჯადია - სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - იგივე ქმედება, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში.
7.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: ,,დასახელებული ნორმით კრიმინალიზებული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის პრევენციას. ... მართლმსაჯულების განხორციელებას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ხელშეშლამ შესაძლოა, დააზიანოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №1/6/1394 საოქმო ჩანაწერი საქმეზე ,,ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
7.9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედითი მართლმსაჯულება წარმოუდგენელია სასამართლოს შენობაში სამართალწარმოების ნებისმიერი მონაწილის და მითუფრო - მიმდინარე დავის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფის კვალდაკვალ. სასამართლოში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფა ხელს უშლის სასამართლოს წნეხისაგან თავისუფალ გარემოში ფუნქციონირებას, აზიანებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას და ხელყოფს სამართალწარმოების მონაწილის ღირსებას. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების მონაწილეებს, რომლებიც წარსდგებიან სასამართლოს წინაშე, არ შეექმნათ დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელი გარემო, რომელიც, ერთი მხრივ, დააკნინებს სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების აღმასრულებლის ავტორიტეტს, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს დავების სასამართლო განხილვებს მიღმა მოგვარების ტენდენციას.
7.10. სასამართლოს უპატივცემულობა შესაძლებელია, გამოიხატოს არა მარტო მოსამართლის, არამედ - მხარეების, დაზარალებულების, ექსპერტების, სპეციალისტების, მოწმეებისა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების შეურაცხყოფაში, მაგრამ სწორედ მათი ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებითა და ქმედითი მართლმსაჯულების განხორციელებაში მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები - მოსამართლის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა და მსაჯულის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფა მიიჩნია კანონმდებელმა სწორედ ამ დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. მხოლოდ ავტორიტეტულ სასამართლოს შესწევს უნარი, მიიღოს დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი გადაწყვეტილებები, რომლებსაც მაღალი ხარისხის სანდოობა ექნება, როგორც მხარეების, ასევე - ფართო საზოგადოების თვალში.
7.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ის მოცემულობა, რომ სასამართლო, რომელიც უნდა იყოს მართლმსაჯულების გარანტი, მიმდინარე სამართალწარმოებების პროცესში ვერ უზრუნველყოფს დავების სამართლებრივად გადასაწყვეტად ან/და ბრალდებულთა დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხების გამოსარკვევად სასამართლოს შენობაში წარმოდგენილი სამართალწარმოების მონაწილეებისათვის ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც არ იქნება მათთვის შეურაცხმყოფელი, ერთმნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელება (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №903აპ-19).
7.12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე ვიდეოჩანაწერით დასტურდება მ. ფ-ის მიერ მოსამართლისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - მსჯავრდებულ მ. ფ-ის მოსაზრებას, რომ თითქოსდა, მან მხოლოდ თითების კომბინაცია უჩვენა მოსარჩელე მხარეს და მოსამართლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გარჩევადია ჩანაწერი, სადაც ჩანს მ. ფ-ს ქმედებები და მისი ხმაც, რაც არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარისკენაა მიმართული, არამედ ასევე - მოსამართლისკენაც, კერძოდ: 2019 წლის 5 ნოემბრის სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ მოსამართლის აცილების საკითხის განხილვისას, ერთ-ერთი მოსარჩელის მიერ პოზიციის დაფიქსირების დროს, მ. ფ-მ თითების ჟესტიკულაციით მიაყენა მას შეურაცხყოფა, რასაც მოსამართლის მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება, ხოლო როდესაც მ. ფ-მ შეურაცხყოფის მიყენება გააგრძელა, მოსამართლემ გასცა განკარგულება მისი გაძევების შესახებ. აღნიშნულით გაღიზიანებული მ. ფ-ე გახდა აგრესიული და მოსამართლე შ. წ-ს დედა შეაგინა უშვერი/უხამსი სიტყვებით. მოსამართლე შ. წ-მ ესკორტის სამსახურის თანამშრომლებს მოუწოდა, დროულად უზრუნველეყოთ მ. ფ-ის დარბაზიდან გაყვანა, ხოლო მსჯავრდებულმა დარბაზიდან გაყვანის პროცესში კვლავ გააგრძელა ლანძღვა-გინება, როგორც ესკორტის სამსახურის თანამშრომლების, ასევე - მოსამართლე შ. წ-სა და მოსარჩელეების მიმართ. მ. ფ-ს დარბაზიდან გაყვანის პროცესში, როდესაც ის იმყოფებოდა მოსამართლის სიახლოვეს, ჩანს მოსამართლის სავარძლის ძლიერი რყევა, ხოლო ამ რყევას მოჰყვა დარბაზში მყოფების ემოციური გამოხმაურება, მათ შორის მ. ტ-ე წამოდგა ფეხზე და მ. ფ-ს ემოციურად მიმართა სიტყვებით: „რას აკეთებ?“. ამის შემდეგ მ. ფ-ე დარბაზიდან გაიყვანეს.
8. მ. ფ-ის მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება):
8.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში ასევე წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა მ. ფ-ის სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად. მსჯავრდებულის მოსაზრება, რომ თითქოს, მას არ ჩაუდენია კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
8.2. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ მ. ფ-ის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ თითქოს, ბრალდების მხარის მოწმეები დაინტერესებულები არიან საქმის შედეგით, რადგან იერარქიულად დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან და მათზე ზემდგომი პირის - მოსამართლის პოზიციას გაიზიარებდნენ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური ანალიზიდან.
8.3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ შ. წ-ა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. პირიქით, დაზარალებული და მოწმეები ერთნაირი სიზუსტით აღწერენ განვითარებულ მოვლენებს; უტყუარად დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავის განხილვისას, 2019 წლის 5 ნოემბერს, მ. ფ-ე სასამართლოს განკარგულებით გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა როგორც მოსარჩელე მხარის, ისე სასამართლოსთვის შეურაცხყოფის მიყენებას, წინააღმდეგობას უწევდა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებსაც. ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს მოსამართლის ქმედება, რომელიც სხდომის მდივნისკენ იწევა სავარძლით, რათა საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებს საშუალება მისცემოდათ, სავარძლის უკან მდებარე კარით გაეყვანათ მსჯავრდებული.
8.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტოებში ნათლად ჩანს, თუ სადაა კარი, საიდანაც შეჰყავთ და გამოჰყავთ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები - ესაა მოსამართლის მაგიდის უკანა მხარე.
8.5. ვიდეოჩანაწერში არ ჩანს მ. ფ-ის მიერ მოსამართლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რაც ასევე ექსპერტიზის დასკვნის თანახმადაც, სათვალთვალო კამერის დაფარვის ზონაში არ ფიქსირდება, თუმცა საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ვერ მიიჩნევა გამამართლებელ მტკიცებულებად, ვერ გახდება ძალადობის ფაქტის გამომრიცხავი და მოწმეთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. სათვალთვალო კამერა არ გამორიცხავს დაფარვის ზონის მიღმა განხორციელებული ქმედების არსებობას. ვიდეოჩანაწერში არ ჩანს მოსამართლე შ. წ-ის სავარძლის მარცხენა მხარე, სადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოხდა ფეხის დარტყმა. შესაბამისად, მსჯავრდებულის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მის უდანაშაულობას, არასწორია.
8.6. საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით აშკარად ჩანს მოსამართლის სავარძელზე არსებული ფეხსაცმლის ძირის კვალი. ფეხის კვალი აღბეჭდილია მოსამართლის მანტიაზეც. საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მოსამართლე შ. წ-ან ამოღებული მანტია, რომელიც მას ეცვა 2019 წლის 5 ნოემბერს, მ. ფ-ს მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის მანტიის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მის გარეთა, მარცხენა ზედაპირზე ნათლად არის აღბეჭდილი ფეხსაცმლის ძირის კვალი.
8.7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: ის გარემოება, რომ საქმეზე არ ჩატარებულა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, არ ადასტურებს მ. ფ-ის უდანაშაულობას. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შესაძლებელია გამხდარიყო შემავსებელი მტკიცებულება იმ მრავალ, პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად, რომლებიც ბრალდების მხარის მიერაა წარმოდგენილი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე; ამასთან, ასეთი დასკვნა ვერ გახდება ერთადერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გადაწყვეტს პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხს და ვერ გადაწონის იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ამოღებულ მანტიაზე ჩაუტარებელი ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც საკმარისია მ. ფ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142); ამ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ. ფ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რისთვისაც მას განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი