გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-203-890-03 26 ნოემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 10 თებერვალს ე. ჯ-მა სარჩელი აღძრა გ. ო-ის წინააღმდეგ და მოითხოვა პატივის და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა, ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის 50000 ლარის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებანი. მოპასუხემ პრესის საშუალებით გაავრცელა მისი პატივის და ღირსების შემლახავი ინფორმაცია. კერძოდ, გაზეთ “ა.-დ.” 1999წ. 28 აგვისტოს ნორმერში და ჟურნალ “ს.” 1999წ. 11-18 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ “ი. ს. არ ჰყავს შვილიშვილი სახელად – ე. ჯ-ი”; “ბელადის ვითომ შვილიშვილი, ვინმე ე. ჯ-ი “ე. ჯ-ი არ არის ს. შვილიშვილი”, “ე. ჯ-ი გვარად რ-ია”, ე. ჯ-ი ს. ძალად შვილიშვილია”, “ე. ჯ-ი სიონისტების მიერ ს. დისკრედიტაციისათვის შექმნილი პირია” “იგი უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში იმყოფებოდა”, მოპასუხე მას მოიხსენიებს როგორც “ნაძირალას” “ნაბიჭვარს”.
მოსარჩელის მოსაზრებით პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილესთან შეუსაბამოა, რითაც შეილახა მისი რეპუტაცია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არის საზოგადოება “ს.” პრეზიდიუმის თავმჯდომარე. საზოგადოების წესდების საფუძველზე მას ევალება დაამუშაოს ს. ფენომენთან დაკავშირებული დოკუმენტები, ისტორიული და ჟურნალისტური მასალა ს. მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მისი პიროვნების შესახებ და სათანადო შემოწმების შემდეგ გამოაქვეყნოს იგი. გამოკვლევათა საფუძველზე საზოგადოება “ს.” მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ჯ-ი არ არის ს. შვილიშვილი. მისი მოსაზრებით ე.ჯ-მა სასამართლოს ვერ წარუდგინა მისი პიროვნების დამადასტურებელი ვერცერთი საბუთის დედანი. მან მხოლოდ საბუთების ასლები წარმოადგინა და ისეც, ეს დოკუმენტები ს. გარდაცვალების შემდეგაა (1953 წ.) გაცემული.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა გაზეთ “ა.-დ.” და ჟურნალ “ს.” მეშვეობით, საკუთარი სახსრებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უარყოს მის მიერ ე.ჯ-ის მიმართ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ “ე. ჯ-ი სიონისტების მიერ სტალინის დისკრედიტაციისათვის შექმნილი პირია” და, რომ იგი “უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში იმყოფება”. მანვე, ამავე საშუალებების საჯაროდ მოუხადოს ბოდიში მოსარჩელე ე.ჯ-ს მის მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისათვის: “ნაძირალა”, “ნაბიჭვარი”. მოსარჩელეს უარი ეთქვა მორალური ზიანის, 50000 ლარის, ანაზღაურებაზე.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 413-ე მუხლი, მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გრ. ონიანმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ. ო-ს დაეკისრა გაზეთ “ა.-დ.” ჟურნალ “ს.” მეშვეობით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში, საკუთარი სახსრებით, უარყოს მის მიერ ე. ჯ-ის მიმართ გავრცელებული ცნობები “ი. ს. არ ჰყავს შვილიშვილი, სახელად ე. ჯ-ი”, “ბელადს ვითომ შვილიშვილი, ვინმე ე. ჯ-ი”, “ე. ჯ-ი ს. შვილიშვილი არ არის, “ე. ჯ-ი სტალინის ძალით შვილიშვილია”, “ე. ჯ-ი სიონისტების მიერ ს. დისკრედიტაციისათვის შექმნილი პირია” და იგი “უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში იმყოფებოდა”, “ნაძირალა”, “ნაბიჭვარი”.
სარჩელს ბოდიშის მოხდის ნაწილში უარი ეთქვა. მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში საქმე წარმოებით შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
1999 წელს გაზეთ “ა.-დ.” 32-ე ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ გრ. ო-თან სათაურით “ი. ს. არ ჰყავს შვილიშვილი, სახელად – ე. ჯ-ი”, სადაც მოპასუხემ მოსარჩელე მოიხსენია როგორც “ბელადის ვითომ შვილიშვილი, ვინმე ე. ჯ-ი”, რომ “ე. ჯ-ი ს. შვილიშვილი არ არის”, “ე. ჯ-ი სიონისტებმა ს. დისკრედიტაციის მიზნით შექმნეს”.
იმავე წლის ჟურნალ “ს.” 32-33-ე ნომრებში დაიბეჭდა ინტერვიუ გრ. ონიანთან “ე. ჯ-ი გვარად რ-ია”, რითაც მოპასუხე მიუთითებდა, რომ მოსარჩელე “ს. ვითომ შვილიშვილია”.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მის მიერ გავრცელებული ცნობების ნამდვილობა. გრ. ო-მა ვერ წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებანი იმის თაობაზე, რაც მის მიერ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა დადასტურდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გრ. ო-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები დადასტურებულია ი.ჯ-ის ნაშრომით, რადგან ლიტერატურული ნაწარმოები არ შეიძლება ამ შემთხვევაში მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ განცხადება პრესაში გაკეთვებული იყო არა გრ.ო-ის მიერ, არამედ საზოგადოება “ს.” მიერ.
სასამართლომ სარჩელის მოთხოვნა ბოდიშის მოხდის ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან ასეთს კანონი არ ითვალისწინებს.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 413-ე, მე-18 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გრ.ონიანმა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეებს შორის მტკიცებულების ტვირთი. თვით მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მისი პიროვნების დამადასტურებელი ვერცერთი დოკუმენტის დედანი, რომელიც გაცემული იქნებოდა სტალინის სიცოცხლეში (1936-53 წწ). ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბუთები – დაბადების მოწმობა, განკარგულება პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე – რუსულ ენაზეა შედგენილი, რითაც სასამართლომ დაარღვია სსკ-ს მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლითაც სამართალწარმოების ენაა განსაზღვრული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. პალატა მიუთითებს, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის თაობაზე სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთს თვით კანონი განსაზღვრავს. სკ-ს მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პირად არაქონებრივ უფლებებს, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. ე.ი. თვით კანონი განსაზღვრავს მხარეთა მტკიცების ტვირთს. ამდენად, პირადი არაქონებრივი უფლების აღმდეგნი სარჩელის განხილვისას მოპასუხეა ვალდებული სათანადო მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენით დაადასტუროს მის მიერ გავრცელებული ცნობების ნამდვილობა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ სსკ-ს მე-9 მუხლის დარღვევის თაობაზე. მართალია, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი დაბადების მოწმობა და სხვა საბუთები, რომლებითაც მისი სტალინთან ნათესაური კავშირი დგინდება, შედგენილია რუსულ ენაზე, მაგრამ სასამართლოს ისინი, როგორც მტკიცებულებანი არ შეუფასებია და ამ საბუთებით არ დაუდგენია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებანი, რადგან ამ მხრივ (ე. ჯ-ი რომ ს. შვილიშვილი არ არის) მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეს ჰქონდა და მას უნდა წარედგინა ისეთი საბუთები, რომლებითაც დადასტურდებოდა მის მიერ გავრცელებული ცნობების ნამდვილობა.
ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო დკოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.