გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-206-898-03 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1991 წელს მ. ს-სა და საამშენებლო კოოპერატივ “ბ.” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ. ს-მა საამშენებლო ორგანიზაციას მრავალბინიანი სახლის ასაშენებლად გადასცა ქ. ბათუმში ... მდებარე მის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა.
ხელშეკრულების საფუძველზე მ. ს-ს იმავე ადგილზე აშენებულ სახლში უნდა მიეღო ოთხოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა ავტოფარეხით.
1995 წლიდან აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განაგრძო ერთი პირის საწარმო “ზ.”.
1997 წელს დადებული ხელშეკრულებით ე.პ.ს “ზ.” ხელმძღვანელმა რ. თ-ემ ივალდებულა, რომ 1998წ. ოქტომბერში მ. ს-ს გადასცემდა 100 კვ.მ. საერთო ფართის ოთხოთახიან ბინას და 18 კვ.მ. კაპიტალურ ავტოფარეხს.
აღნიშნულ ვადაში ბინის ჩაუბარებლობის შემთხვევაში რ. თ-ე ვალდებული იყო მ. ს-ვის შეეძინა ტოლფასი საცხოვრებელი ბინა ავტოფარეხით.
2001წ. აგვისტოში მ. ს-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ერთი პირის საწარმო “ზ.” მიმართ ბინით დაკმაყოფილების ან შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.
2001წ. 3 ოქტომბერს საქმეში მოპასუხედ ჩაება ერთი პირის საწარმო “ზ.” უფლებამონაცვლე ტ. თ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმგვარად, რომ ტ. თ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31800 აშშ დოლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. თ-ემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გალდასახდელი თანხის ოდენობა შეუმცირდა 2000 აშშ დოლარამდე.
ტ. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი არ ყოფილა თანახმა შეესრულებინა ე.პ.ს. “ზ.” მიერ მ. ს-ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები; სასამართლომ არ გაარკვია კოოპერატივ “ბ.” სამართლებრივი მდგომარეობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნას უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ჯერ კიდევ 1991 წელს მ. ს-მა საამშენებლო კოეოპერატივ “ბ.” მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გადასცა ქ. ბათუმში ... მდებარე მის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი 1096 კვ.მ. მიწის ნაკვეთით.
ხელშეკრულებისა და საგარანტიო ხელწერილის თანახმად კოოპერატივმა ივალდებულება, რომ მ. ს-ს იმავე ადგილზე ახლად აშენებულ სახლში გადასცემდა ოთხოთახიან ბინას და კაპიტალურ ავტოფარეხს.
საგარანტიო ხელწერილზე კოოპერატივ “ბ.” თავმჯდომარესთან ერთად ხელს აწერს კოოპერატივის წევრი ტ. თ-ე.
დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ შემდგომში, კოოპერატივ “ბ.” მიერ დაწყებული საცხოვრებელი მშენებლობა განაგრძო ტ. თ-ის შვილმა ე.პ.ს “ზ.” ხელმძღვანელმა რ. თ-ემ.
1997წ. აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულებისა და საგარანტიო ხელწერილის საფუძველზე რ. თ-ე მოვალე იყო მ. ს-ი 1998წ. ოქტომბერში დაეკმაყოფილებინა ოთხოთახიანი ბინით და ავტოფარეხით მშენებარე სახლში, ხოლო ჩაბარების ვადის დარღვევის შემთხვევაში შეეძინა ტოლფასი ბინა ავტოფარეხით.
სახლის მშენებლობა სარჩელის აღძვრის დროისათვის არ იყო დამთავრებული, რის გამო მოსარჩელეს გააჩნდა ე.პ.ს “ზ.” ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძველი.
ტ. თ-ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იქნა მისივე მოთხოვნის შესაბამისად. სასამართლო სხდომაზე ტ. თ-ემ განაცხადა, რომ ე.პ.ს. “ზ.” არ ფუნქციონირებს; თვითონ არის მისი უფლებამონაცვლე და წარმოადგენს მხარეს სრაბოიანთან ურთიერთობაში.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას არ უკისრია ე.პ.ს “ზ.” ვალდებულების შესრულება. 2001წ. 3 ოქტომბრის სხდომის ოქმის უსწორობასა და უსრულობაზე შენიშვნები არ ყოფილა წარდგენილი სსკ-ს 291-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
2002წ. 29 აგვისტოს პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის არსებითად განხილვისას მოპასუხედ დაკითხულმა ტ. თ-ემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. განაცხადა, რომ მ. ს-ს 2003წ. ბოლომდე გადასცემდა ბინას მშენებარე სახლში, შეუძენდა საცხოვრებელ სახლს სხვა მისამართზე ან ბინის საფასურად მისცემდა 8000 აშშ დოლარს.
ე.პ.ს “ზ.” 1997 წელს მ. ს-თან დადებული ხელშეკრულებით თავის თავზე აიღო სახლთმფლობელობის დათმობის სანაცვლოდ კოოპერატივ “ბ.” მიერ 1991 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ხელშეკრულებით განსაზღვრული ე.პ.ს. “ზ.” ვალდებულებების შესრულება იკისრა ტ. თ-ემ, რასაც დაეთანხმა მოსარჩელე მ. ს-ი.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა სკ-ს 203-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის გადაკისრებას. მესამე პირმა ტ. თ-ემ იკისრა მ. ს-სა და ე.პ.ს. “ზ.” შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. მ. ს-ი დაეთანხმა მოვალის შეცვლას. კანონი ვალის გადაკისრებისათვის არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას. ტ. თ-ის მიერ გამოთქმულ წინადადებაზე სასამართლო სხდომაზე მ. ს-ის მიერ გაცხადებული თანხმობა საკმარისად უნდა ჩაითვალოს.
სკ-ს 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. 1997 წელს ე.პ.ს. “ზ.” და მ. ს-ს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტ. თ-ე, როგორც ახალი მოვალე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს ოთხოთახიანი ბინის შესაძენად საკომპენსაციო თანხა.
სარჩელი დაკმაყოფილებული იყო სსკ-ს 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც სააპელაციო პალატამ მოპასუხეზე დაკისრებული თანხის ოდენობა 31800 აშშ დოლარიდან შეამცირა 20000 აშშ დოლარამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
კასატორ ტ. თ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1600 ლარის გადახდა. თანხა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი 59) ანგარიშზე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.