გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-20-723-03 15 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ადიგენის რაიონულ სასამართლოში პ. ჩ-მა სარჩელი აღძრა ტ. ბ-ის მიმართ. მან მიუთითა, რომ მისი ძმის ო. ჩ-ისაგან 1985 წელს ტ. ბ-მა შეისყიდა სახლი მდებარე სოფ. ..... აღნიშნული სახლის ეზო ესაზღვრება მის ეზოს. სახლის გაყიდვამდე მისი ძმა სარგებლობდა მასზე რიცხული მიწის ნაკვეთით, ხოლო გაყიდვის დღიდან მის ფართობში შემოიჭრა ტ. ბ-ი და დღემდე სარგებლობს ამ ტერიტორიაზე არსებული კაკლის მოსავლით. პ.ჩ-მა ითხოვა ტ.ბ-ის უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის დაბრუნება და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
2002წ. 28 ოქტომბერს ადიგენის რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პ. ჩ-ის სარჩელი. მას დაუბრუნდა მოპასუხე ტ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (დასახლება ნაფუძვარი) 600 კვ.მ. ფართის ოდენობით, ასევე დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის, 500 ლარი – კარტოფილის და 250 ლარი კაკლის მოსავლის ღირებულების გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი გარემოებების გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საპროცესო ნორმები, კერძოდ სსკ-ს მე-3 მუხლი. სასამართლომ თავისი ინიციატივით გამოითხოვა აუდიტის დასკვნა, მაშინ როდესაც მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, მაშინ როდესაც თავად მოსარჩელე აცხადებს, რომ მან 1985 წელს გაიგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო სასამართლოს მიმართა 2002 წელს.
პალატამ შეამოწმა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და საქმე 2003წ. 3 თებერვლის განჩინებით განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. სკ-ს 172-ე მუხლით აღნიშნული მოთხოვნის დაყენების უფლება აქვს მესაკუთრეს. საქმეში წარმოდგენილია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარე სოფ. ..... დასახლება ნაფუძვარი, 1997წ. მაისში სარგებლობის უფლებით გადაეცა პ.ჩ-ს. ამდენად, იგი არ წარმოადგენს მიწის მესაკუთრეს და ამ საფუძვლით ნივთის გამოთხოვის უფლება მას არა აქვს. სხვა მტკიცებულება, რომლითაც მისი საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დადასტურდებოდა, მხარეს არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება სკ-ს 161-ე მუხლის საფუძველზე ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნას, პალატამ მიუთითა, რომ ამ მოთხოვნის უფლება პ.ჩ-ს არ გააჩნია, რადგან იმავე კოდექსის 155-ე მუხლით მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. კონკრეტულ შემთხვევაში პ.ჩ-ი ვერ ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
ზემოთმითითებული გარემოებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია ჰქონდა თუ არა პ.ჩ-ს მოთხოვნის უფლება, ანუ არის თუ არა ის პირი, რომელსაც აქვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება. აღნიშნულით კი მის მიერ დარღვულ იქნა სკ-ს 84-ე მუხლის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 პუნქტით საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მოთხოვნის უფლების მქონე პირი, ხოლო ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა უნდა გახდეს სწორედ სარჩელის აღძვრის უფლების მქონე პირისათვის ამ უფლების წარმოშობის დღიდან.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული და შეუძლებელია მისი საფუძვლიანობის შემოწმება. ამდენად, არსებობს სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტით გათალისწინებული საფუძველი. სსკ-ს 385-ე მუხლის I ნაწილის “ა” პუნქტით სააპელაციო პალატამ საქმე განსახილველად დაუბრუნოს იმავე რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ჩ-მა.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე, არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებანი. კერძოდ, სასამართლომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტით იგი მიწის მესაკუთრეა, სასამართლომ აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო ფაქტი დაადგინა, თითქოსდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე არ შეიძლება პ.ჩ-ი მიწის მესაკუთრედ ჩაითვალოს და აქედან გამომდინარე, იგი მოცემულ საქმეში არასათანადო მხარეა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის (უძრავი ქონების) გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება. ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას სასამართლომ პირველ რიგში უნდა განიხილოს თუ რამდენადაა სარჩელი დასაბუთებული. ვენდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილება გარკვეული სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას არის შესაძლებელი. კერძოდ, მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე (უძრავი ქონების გამოთხოვისას იგი საჯარო რეესტრში უნდა იყოს რეგისტრირებული მესაკუთრედ); მოპასუხე უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და მესამე – მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ამ სამ წინაპირობაზე არ იმსჯელა, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელად უნდა იქნეს მიჩნეული.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება რომ არ დაადგინა ვინდიკაციური მოთხოვნის წინაპირობების არსებობა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება სავსებით კანონიერად მიიჩნია დაუსაბუთებლად და იგი გააუქმა.
ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, რათა მოცემული დავის პირველი ინსტანციით განხილვისას დადგენილ იქნას საქმეზე შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები და ისე გადაწყვიტოს დავა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.