Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-207-897-03 18 დეკემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (მომხსენებელი),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზ. ჯ-ისა და გ. ო-ის გამოსახლება ქობულეთში, ... მდებარე 30-ე ბინიდან, ასევე ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1999წ. თებერვალში შეუთანხმდა ზ. ჯ-ეს, რომ 3000 ამერიკულ დოლარად მიჰყიდდა სადავო ბინას. ზ. ჯ-ემ გადაუხადა 2600 აშშ დოლარი და დაჰპირდა, რომ 20 დღეში დარჩენილ თანხასაც დაუბრუნებდა. მოპასუხეები შევიდნენ საცხოვრებლად სადავო ბინაში, მაგრამ დარჩენილი თანხა არ გადაუხადეს, 3 წელი და ექვსი თვეა ცხოვრობენ მის ბინაში, რის გამოც მან განიცადა მატერიალური ზიანი ყოველ თვეზე გაანგარიშებით თვეში 30 ლარი, სულ 1260 ლარი. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ბილიურის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან და დაეკისრათ ბინის ქირის სახით 1260 ლარის გადახდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჯ-ემ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ნაწილობრივ გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც კვლავ დაკმაყოფილდა დ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე ზ. ჯ-ეს დაეკისრა დ. ბ-ის სასარგებლოდ ბინის სარგებლობით გამოწვეული ზიანის 1260 ლარის გადახდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ბინიდან გამოსახლების, ბაჟისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდის მოსარჩელისათვის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა კანონით გათვალისწინებული წესით და მოპასუხეები წარმოადგენენ არაკეთილსინდისიერ მფლობელებს, რომლებმაც სკ-ს 164-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს, როგორც ნივთი, ისე მიღებული სარგებელი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეებმა სადავო ბინის ფლობით მიიღეს სარგებელი, რაც გადასახდელი ექნებოდათ სხვა ბინის სარგებლობისათვის, ამიტომ ბილიურს თვეში უნდა გადაუხადონ 30 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ჯ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია იგი არაკეთილსინდისიერ მფლობელად. მათ ბინა შეიძინეს მოსარჩელესთან ზეპირი შეთანხმებით, განვადებით; მართალია ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით არ დაიდო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი არაკეთილსინდისიერი მფლობელია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მათ 164-ე მუხლის საფუძველზე ეკუთვნით მიღებული სარგებლის დაბრუნება. არავითარი სარგებელი ნივთი ან უფლების ნაყოფი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა კანონით დადგენილი წესით. საჯარო რეესტრში დღეისათვის ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებულია დ. ბ-ი, რომელსაც სკ-ს 172-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, შეუძლია მოითხოვოს ბინის უკან დაბრუნება. აღნიშნული მუხლის მიხედვით “მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება”. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი უფლება არ აქვთ.

პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურებისათვის 1260 ლარი.

სარჩელით მოსარჩელე მოპასუხეებისგან აღნიშნული თანხის დაკისრებას ითხოვდა ქირის სახით, რაც დააკმაყოფილა კიდეც რაიონულმა სასამართლომ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობდა, ამიტომ მათთვის ქირის დაკისრება არასწორია, რადგან სკ-ს 531-ე მუხლის თანახმად, ქირის გადახდა ბინით სარგებლობისათვის ხდება მხოლოდ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეებმა სკ-ს 164-ე და 976-991-ე მუხლების შესაბამისად, უნდა გადაიხადონ თანხა. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ასეთ მოსაზრებას. სკ-ს 164-ე მუხლში საუბარია არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიერ სარგებლის დაბრუნებაზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს სარგებელი ბინის სარგებლობით არ მიუღიათ. ასევე არასწორია უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება, რადგან აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სარგებელში იგულისხმება ის შემოსავალი, რაც მხარემ მიიღო ნივთის სარგებლობით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს არავითარი შემოსავალი სადავო ბინის სარგებლობით არ მიუღიათ.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა გამოარკვიოს მოსარჩელე თანხის დაკისრებას ქირის სახით ითხოვს, თუ ზიანის ანაზღაურებას _ სკ-ს 394-ე მუხლის შესაბამისად. ასევე ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხის გადაწყვეტის დროს უნდა გამოარკვიოს რამდენად რეალური იყო ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე და იმის მიხედვით გადაწყვიტოს საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ჯ-ის და გ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ნაწილობრივ გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 მარტის გადაწყვეტილება, კერძოდ, ზ. ჯ-ისათვის დ. ბ-ის სასარგებლოდ 1260 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.