Facebook Twitter

¹ ას-208-901-03 22 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. ბ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ჭ.-ის” მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. როგორც ს. ბ.-ე სასამართლოში მიუთითებდა, მას დამთავრებული აქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სახელმწიფო სამთო-ტექნიკური ზედამხედველობის კომიტეტის ჭიათურის რაისამთო ტექნიკურ ინსპექციაში ინჟინერ-კონტროლიორად, უბნის ინსპექტორად, შემდეგ კი სხვადასხვა თანამდებობებზე. 1983 წლიდან იგი გადაიყვანეს საწარმოო გაერთიანება “ჭ.-ის” ენერგეტიკულ განყოფილებაში ინჟინერ-ეკოლოგად. 1992წ. იანვრიდან შტატების შემცირების გამო განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის შედეგადაც მუშაობა განაგრძო შპს სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ “მ.-ში” ხელშეკრულების საფუძველზე. ამჟამად შპს “მ.-ი” გაუქმებულია და იქ მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი დაბრუნებულია სს “ჭ.-ში”. მოსარჩელის აზრით, ვინაიდან, იგი სამუშაოდ გადმოსული იყო ენერგეტიკულ განყოფილებაში გამოთხოვნით, მისი შემცირების უფლება არ ჰქონდათ. ამასთან, ვინაიდან ¹40 ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია, იგი აღდგენილ უნდა იქნეს სს “ჭ.-ში”.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ს. ბ.-მ სააპელაციო საჩივრითYმიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ იგი 1983 წელს გადაიყვანეს სამუშაოდ საწარმოო გაერთიანება “ჭ.-ის” ენერგეტიკულ განყოფილებაში ინჟინერ-ეკოლოგად. 1992 წლიდან შეამცირეს მისი შტატი და გაანთავისუფლეს სამუშაოდან. ამის შემდეგ მუშაობა დაიწყო შპს სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “მ.-ში” ხელშეკრულებით. ამჟამად აღნიშნული ცენტრი გაუქმებულია _ იქ მომუშავეები დაასაქმეს, ის კი დატოვეს სამუშაოს გარეშე. ს. ბ.-მ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და სასამართლოსათვის მიმართვის ვადის საპატიოდ ჩათვლა და თავდაპირველ სამუშაოზე აღდგენა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ბ.-ემ გაუშვა სასამართლოსათვის მიმართვის შკკ-ს 204-ე მუხლით დადგენილი ვადა და სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ს. ბ.-ის წარმომადგენელმა გ. ბ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ განჩინება საკმაოდ დასაბუთებული არ არის. კასატორის განმარტებით, ს. ბ.-ე განთავისუფლების დღიდან მიმართავდა სხვადასხვა ინსტანციებს ყოფილ სამუშაოზე დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი სასამართლოში ადვოკატის ბრალით. იმ შემთხვევაში, თუ ადვოკატი წარადგენდა ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, თანახმად სსკ-ს 382-ე მუხლისა, გამოტანილი იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი განჩინება. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 368-ე მუხლის “ვ” და “ზ” პუნქტები, რადგან სააპელაციო საჩივარი იყო დაუსაბუთებელი და არ ჰქონდა თანდართული მტკიცებულებები და წერილობითი საბუთების ნუსხა. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და დაენიშნა დრო ხარვეზის შესავსებად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საწარმოო გაერთიანება “ჭ.-ის” დირექტორის 1991წ. 26 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე საწარმოო გაერთიანება “ჭ.-ის” ენერგეტიკული განყოფილების ინჟინერი ს. ბ.-ე დათხოვნილ იქნა სამუშაოდან საპენსიო ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თანამდებობებზე აღდგენის მოთხოვნით მან სასამართლოს მიმართა 2000წ. 24 იანვარს, ე.ი განთავისუფლებიდან 9 წლის გასვლის შემდეგ.

შკკ-ს 204-ე მუხლის თანახმად, მუშებსა და მოსამსახურეებს სამუშაოდან დათხოვნის საქმეთა გამო შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს დათხოვნის თაობაზე ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში. კანონით გათვალისწინებულ ვადაში ს. ბ.-ს სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ამიტომ მოსარჩელის მიმართ გასულია სარჩელის ხანდაზმულობის ვადა.

ის გარემოება, რომ ს. ბ.-ე მიმართავდა სხვადასხვა ორგანოებს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხანდაზმულობის ვადის აღსადგენად, რადგან მისი განთავისუფლებიდან გასულია 9 წელი და ისეთი საპატიო მიზეზები, რომლის გამოც ს. ბ.-ს ხელი შეეშალა მიემართა სასამართლოსათვის, კასატორს არ დაუსახელებია. სხვა ორგანოებისათვის მიმართვა არ წარმოადგენს სასამართლოსათვის მიმართვის ხელისშემშლელ გარემოებებს.

კასატორის მითითებას სასამართლოს მიერ სსკ-ს ნორმების დარღვევებზე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სსკ-ს 349-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ს. ბ.-ის სარჩელს სწორად ეთქვა უარი სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლის გამო. სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიდა კასატორის მითითებული ნორმების გამოყენება. ამიტომ პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ბ.-ის წარმომადგენელ გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 15 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.