საქმე # 200100121004907561
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №727აპ-22 ქ. თბილისი
ა. გ, 727აპ-22 22 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენით გ. ა, - დაბადებული 19.. წელს, - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, „მარიხუანის“ შეძენის ნაწილში გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
გაუქმდა გ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ა-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ნივთიერი მტკიცებულება: გ. ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, საერთო წონით 14,28 გრამი, რომელიც ინახება შსს საექსპერტო კრიმინალურ დეპარტამენტში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
2. აღნიშნული განაჩენით გ. ა-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის ზაფხულში გ. ა-მ …. ტერიტორიაზე უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2020 წლის 21 დეკემბერს, … მდებარე გ. ა-ს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ავტოფარეხის ჩხრეკისას, შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის N… დასკვნის თანახმად, წარმოადგენს საერთო წონით 11.03 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის შესაბამისი კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა იმ საფუძვლით, რომ გ. ა-მ ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, წარმოადგენდა პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს, რომ გ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების დანაწესის შესაბამისად, განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, უსამართლო და აშკარად ლმობიერია, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ა-მ ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რის შესახებაც საერთოდ არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გაუგებარი მიზეზის გამო არ იმსჯელა მოცემულ საკითხზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იყო, გაეუქმებინა წინა განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და გ. ა-სათვის სასჯელი მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით:
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ გ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ გ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ბოლო განაჩენით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
გ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 7 თებერვლიდან.
5. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით გ. ა.- 2018 წლის 10 ოქტომბერს გათავისუფლდა პირობით ვადამდე – 3 თვითა და 28 დღით ადრე.
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ განჩინებით გ. ა-ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე (რომელიც შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა) გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და გ. ა. გათავისუფლდა მითითებული განაჩენით შეფარდებული სასჯელისგან, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
7. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2021 წლის 16 მარტის N. გადაწყვეტილებით გ. ა-ს მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა.
8. ამდენად, განსახილველი მასალებით დგინდება, რომ გ. ა-მ თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრად შერაცხული ქმედება (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შენახვა) ჩაიდინა 2020 წლის 21 დეკემბერს - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის პერიოდში, რომლის მოხდის ვადაც სრულდებოდა 2023 წლის 6 თებერვალს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის საუარესოდ, მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრით.
9. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ მას არ გააჩნდა უფლებამოსილება, ემსჯელა ამ საკითხზე, რადგან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში“. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით არ მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გაუქმება და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სასჯელთა განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრა, იგი ვერ იმსჯელებდა ამ საკითხზე.
10. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში მართებულად მიუთითებს, რომ დარღვეულია მოქმედი მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილითა და იმავე კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა შემდეგი:
11. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მატერიალური სისხლის სამართლის ამ დანაწესს აქვს იმპერატიული ხასიათი, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააუქმებს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და არა პირობითი მსჯავრის გაუქმება – არგაუქმების საკითხს, რომელიც მატერიალური სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №203აპ–15, №733აპ-16, №349აპ-17, 682აპ-17).
12. მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ. სასამართლოს ვალდებულება, გააუქმოს პირობითი მსჯავრი, არ არის დამოკიდებული პროკურორის პოზიციაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის არგაუქმებით არსებითად ირღვევა მატერიალური კანონი, რისი გასაჩივრების უფლებაც ბრალდების მხარეს ვერ შეეზღუდება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №349აპ-17, 682აპ-17).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც ზემოთაც აღინიშნა, წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ა-მ ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში და, ამდენად, დარღვეულია მოქმედი მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილითა და იმავე კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე მის მიმართ უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით გამოყენებული პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
14. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2021 წლის 16 მარტის N... გადაწყვეტილებით გ. ა-ს მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი (თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი) და მოეხსნა ნასამართლობა. მოცემულ ფაქტს საკასაციო სასამართლო არ მიიჩნევს რაიმე სახის დამაბრკოლებელ გარემოებად სასჯელის დანიშვნის სტადიაზე, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის თანახმად, ერთი მხრივ, მხარეს აქვს უფლება, გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, მათ შორის - სასჯელის სახის ან ზომის ნაწილში, ხოლო, მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე ან ზომა რამდენად შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც, როგორც აღინიშნა, საქმის მასალების თანახმად, დარღვეულია მოქმედი მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით დადგენილი მოთხოვნები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გ. ა-მ ბოლო განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედება (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შენახვა), ჩაიდინა - 2020 წლის 21 დეკემბერს (პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში), ანუ მანამდე, სანამ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია 2021 წლის 16 მარტს მიიღებდა გადაწყვეტილებას მისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. ა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენის ნაწილში გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან;
4. გ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შენახვა) ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი;
5. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გ. ა-ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
6. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელს, ჯარიმა - 2000 (ორი ათას) ლარს, ნაწილობრივ დაემატოს წინა - თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი და ასევე - 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
7. გ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;
8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია გ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ;
9. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ა–ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
10. ნივთიერი მტკიცებულება: გ. ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, საერთო წონით 14,28 გრამი, რომელიც ინახება შსს საექსპერტო კრიმინალურ დეპარტამენტში, განადგურდეს;
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი