გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-210-903-03 17 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1995წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით საფინანსო-სატრასტო კომპანია “ქ.” ლ. გ-ას (ლ. ა-ი) სასარგებლოდ დაეკისრა 2332000 რუსული რუბლისა და 6999 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის განჩინებით დამტკიცებული იქნა მხარეებს: ლ. ა-სა და დედოფლისწყაროს რაიონის კოოპერატივ “ქ. ქ.” შორის დადებული მორიგების ხელწერილი სხვადასხვა დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების (ღირებულებით 16050 ლარი) გადაცემის შესახებ. განჩინებაში აღინიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაწყებული იძულებითი აღსრულების პროცესში ლ. ა-სა და კოოპერატივ “ქ. ქ.” შორის მოხდა მორიგება.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოს განცხადებით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონის კოოპერატივ “ქ. ქ.” დირექტორმა ა. პ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ კოოპერატივ “ქ. ქ.” და ლ. ა-ს შორის შედგენილი მორიგების ხელწერილის შინაარსს იგი არ გასცნობია. ამასთან, ხელწერილში შემდგომში იქნა ჩამატებული ქონების ჩამონათვალი, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მისი შეცდომაში შეყვანის გზით განხორციელდა აქტზე ხელმოწერა; ამ და ასევე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მსჯელობის საშუალება მას არ მიეცა, რადგან დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ 1999წ. 10 სექტემბრის განჩინებით ისე დაამტკიცა კოოპერატივ “ქ. ქ.” და ლ. ა-ს შორის მორიგების ხელწერილი, რომ ამ ურთიერთობის მონაწილე კოოპერატივი “ქ. ქ.” არ მოუწვევია ზეპირ სხდომაზე, რამაც განმცხადებლის – ა. პ-ის მოსაზრებით, გამოიწვია უკანონო განჩინების გამოტანა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 სექტემბრის განჩინებით კოოპერატივ “ქ. ქ.” დირექტორის ა. პ-ის განცხადება დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეული იქნა დასაშვებად.
ამავე სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით, განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლოს აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივის “ქ. ქ.” დირექტორმა ა. პ-მა.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სსკ-ს 421-ე, 430-ე, 431-ე, 429-ე და 377-ე მუხლები და 2003წ. 14 მაისის განჩინებით გააუქმა ამ საქმეზე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის და ამავე სასამართლოს 2002წ. 10 სექტემბრის განჩინებები. კოოპერატივი “ქ. ქ.” დირექტორი – ა. პ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად. კოოპერატივ “ქ. ქ.” დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 481, 5 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის განჩინება არ განეკუთვნება საქმის წარმოების დამამთავრებელ, კანონიერ ძალაში შესულ იმ განჩინებათა კატეგორიას, რომლებზედაც დაიშვება საქმის წარმოების განახლება. აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, საქმის წარმოების განახლება და საქმის განხილვა ვერ მოხდება, რადგან კვლავ იარსებებს ამ საქმეზე მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1995წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივი “ქ. ქ.” დირექტორმა ა. პ-მა, რომელიც მოითხოვს სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინების გაუქმებას და ახალი განჩინებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ლ. ა-ის წარმომადგენელმა წარმოადგინა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის დადგენილება კოოპერატივ “ქ. ქ.” სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად კოოპერატივ “ქ. ქ.” დირექტორებად რეგისტრირებულები არიან ა. ხ-ი და თ. კ-ი. აღნიშნულმა პირებმა უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე და განმარტეს, რომ მხარს არ უჭერენ საკასაციო საჩივარს და ნ. გ-ეს არ ცნობენ თავის წარმომადგენლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 399-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეებს ერთმევათ უფლება კვლავ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ კოოპერატივ “ქ. ქ.” სახელით შემოიტანა კოოპერატივის დირექტორმა ა. პ-მა. საქმის საკასაციო წესით განხილვისას დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის დადგენილებით კოოპერატივის სამეწარმეო რეესტრში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად კოოპერატივის დირექტორებად დაინიშნენ ა. ხ-ი და თ. კ-ი.
სკ-ს 24-ე მუხლის თანახმად იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს. დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
სსკ-ს მე-3 მუხლის თანახმად მხარეები თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საზოგადოების _ “ქ. ქ.” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები ა. ხ-ი და თ. კ-ი უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე საქმის საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
მხარეებს განემარტოთ, რომ მათ ერთმევათ უფლება კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.